ივერიონი / სად იმალება ქართული მწერლობა?!

სად იმალება ქართული მწერლობა?!

ამ ბოლო ხანებში ერთი ჩემთვის უჩვეულო კითხვა ამეკვიატა: ქართული მწერლობა გარდაიცვალა, თუ საღათას ძილით სძინავს და შეიძლება გამოღვიძება არც ეღირსოს?!

_ რა დამიშავა, რას ვერჩი ქართულ მწერლობას ან  განსაკუთრებულს რას ვითხოვ მისგან?! - იკითხავთ თქვენ და მართალიც იქნებით!

ახლავე გიპასუხებთ:

პირადად არაფერს ვერჩი, მაგრამ საკუთარი თავი დამნაშავე მგონია, როცა ვხედავ, როგორ ჩაურგვია ქართულ სიტყვას თავი სირაქლემასავით ქვიშაში და ამაზე აქამდე ხმას არ ვიღებდი. თავისუფალი სიტყვა დიდი ძალაა და დღეს ყველაფერს ეგუება - დამცირებასაც, შოლტის გადაკვრასაც, გათითოკაცებასაც, უზნეობის პროპაგანდასაც...

არადა, პირიქით უნდა იყოს - ქართული სიტყვა, ქართული მწერლობა ერის სულიერების სადარაჯოზე უნდა იდგეს და მეწინავე დროშა უნდა ეჭიროს!

ქართული იდენტობის, ქართული ტრადიციების სადარაჯოზე უნდა იდგეს და ყოველივე უხამსს და ძალით თავსმოხვეულს უნდა აშიშვლებდეს!

მისი საყვირის ხმა სრულიად საქართველოს უნდა აზანზარებდეს, ხალხს სწორ ორიენტირს უსახავდეს და კომფორტზე დახარბებულ, ყველაფერზე ხელის მომწერ ხელისუფლებას შიშის ზარს უნდა სცემდეს!

ასე იყო ოდესღაც!

მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეებშიც ბევრი გვყავდა ხელისუფლების მეხოტბე და კონიუნქტურას აყოლილი ქართველი მწერალი, ქართული სიტყვა თავის საქმეს მაინც აკეთებდა - ზოგჯერ შეფარვით, ზოგჯერ სისხლისა და საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ აკეთებდა!

დღეს კი...

დღეს ქართული მწერლობა არსად ჩანს, თუ არ ჩავთვლი პომპეზურ ე.წ. პრეზენტაციებს თუ ყავლგასულ საიუბილეო საღამოებს, სადაც დაფნის გვირგვინი უცერემონიოდ რიგდება ხოლმე!

სად გაქრა ჭეშმარიტი ქართული სიტყვა, რომელსაც ხარბად ისრუტავდა ასევე ჭეშმარიტი ქართველი მკითხველი და რომელსაც არა მარტო შთაგონების, არამედ მაცოცხლებელი ძალაც ჰქონდა?

სად გაქრა ქართული კრიტიკა, რომელიც თუ გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში, ქართული მწერლობის უტყუარი შემფასებელი იყო?!

მე არა ვარ ფორმალური გაერთიანების მომხრე, მაგრამ ქართველ მწერლთა ერთობა რომ აუცილებელია, ამას ჩემი დასტური არ სჭირდება - მწერალი თავისთავად ძალაა, ყველა ერთად აღებული კი დიდი ძალა, რომელსაც ერის სულიერი საყრდენის  შესრულება შეუძლია. ეს კარგად იცოდნენ „ნაციონალებმა“  და იერიში სწორედ სიტყვაზე მიიტანეს, რადგან „პირველად იყო სიტყვა“.

ქართველ მწერალთა ერთობა (კავშირი) კი ისე დაშალეს და დაასუსტეს, მტერს რომ უხარია და მოყვარეს გულს უკლავს.

მარტივ მამრავლებად დაშლილი მწერლობა კი დღეს არავისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - პირიქით, ერთმანეთს უთხრიან ძირს და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ჭენებ-ჭენებით მიემართებიან... მანქურთობის მორევისკენ!

ყველა ეპოქა საკუთარი თავისებურებით გამოირჩევა. ბუნებრივია, ამ მხრივ თანამედროვე ეპოქაც გამორჩეულია - გამორჩეულია შურითა და ცილისწამებით, უზნეობითა და შეუბრალებლობით, ღალატითა და გათითოკაცებით (გათითოკაცებაში სიკეთის მსახურებას ვგულისხმობ, თორემ სატანა ისეა შეკრული და აბობოქრებული, ლამისაა ბოლომდე ჩაყლაპოს დედამიწა!).

დღეს მწერალს თავისი ადგილი და ფასი არა აქვს. ჟურნალისტიკა მხოლოდ საზოგადოების ზომბირებას და უზნეობის პროპაგანდას ემსახურება, ინტელიგენციამ თავისი პირვანდელი დანიშნულება (ფუნქცია) დაკარგა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიძირა...

რაც შეეხება მასას, იგი დაბნეულია და მტყუან-მართლის გარჩევას ვერ ახერხებს...

...ამ რამდენიმე დღის წინათ პოეტმა დალი ყარაულაშვილმა „ივერიონში“ ფრიად დამაფიქრებელი სტატია გამოაქვეყნა: „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, ანუ რატომ გათავხედდა ნატა ლომოური?!“

ავტორი გულისტკივილით წერდა, თუ როგორ გააქირავეს კომერციულ ფართად მწერალთა სახლის ბაღი, სადაც ძვირადღირებული კაფე-ბარი მოეწყო და სადაც ერთი ფინჯანი ყავა 5 ლარამდე ღირს (რომლის საშუალებაც ყველასგან მიტოვებულ მწერალს ნამდვილად არა აქვს).

ეგ კიდევ არაფერი, თუ არ გინდა, არც შეუკვეთავ, მაგრამ შინაგანაწესს თუ არ დაემორჩილე, იქ შესვლის და დაჯდომის უფლებაც არ გაქვს თურმე - აუცილებლად ერთი ფინჯანი ყავა მაინც უნდა აიღო. არავის აინტერესებს მწერალი ხარ თუ  შემთხვევით შემოსული მოქალაქე _ „კანონი“ კანონია!

დღევანდელ მწერალთა სახელმწიფოს წინაშე სრულ უპასუხისმგებლობას რომ ვუყურებ, ასეთი რამ ნამდვილად არ მიკვირს - შეიძლება ითქვას, უარესის ღირსნიც არიან!!!

მესმის, თავის დროზე „ნაციონალების“ რისხვას ვერც მწერალთა სახლი გადაურჩა, მაგრამ, ხომ მოვიდა ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის და დამკვიდრების ლოზუნგით, ხომ უძღვნიდნენ თავის დროზე დითირამბებს ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ ხელოვნურად შეკოწიწებულ უმრავლესობას მისი უდიდებულესობა ქართველი მწერლები?!

რატომ ახლა მაინც არ ითხოვენ ორგანიზებულად საკუთარი შენობის დაბრუნებას და როგორც ხშირად იმეორებენ ხოლმე, სამართლიანობის აღდგენას?!

თუ ქართულ მწერლობას საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია, მაშინ, რისი იმედი უნდა ჰქონდეს რიგით მოქალაქეს, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსამართლობას აწყდება და სამართლიანობის აღდგენის დაპირება კარგად შეფუთული ზღაპარი ჰგონია?!

რატომ დუმს ასე საეჭვოდ ქართული მწერლობა (თითო-ოროლას არ ვგულისხმობ), როცა საქმე ქართველი ერის ყოფნა-არყონას, მისი იდენტობის და ღირსეული ტრადიციების დაცვას ეხება?!

რატომ გახდა მისთვის კაზანტიპი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, საყდრისი, უცხოელებზე მიწის „უპრაგონოდ“ მიყიდვის კანონპროექტი, ID ბარათების თემა მეათეხარისხოვანი და რატომ სძინავს დღემდე ყურთბალიშზე?!

რატომ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ქართული მწერლობა, როცა ჩვენმა „სტრატეგიულმა“ პარტნიორმა - ამერიკამ შტატების მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა და მისი ექსპორტით მთელ მსოფლიოს სოდომ-გომორის ცოდვით ემუქრება?!

სად არის ქართველი მწერლების ხმა, რომელმაც ხელისუფლება უნდა შეაზანზაროს და ხალხს მოსალოდნელი საშიშროება უნდა დაანახოს და ააშოროს?!

მე შეგნებულად არ ვსვამ კითხვებს: რატომ არ იქმნება ადრინდელივით ქართული შედევრები და რატომ დაკარგა ქართულმა მწერლობამ ერთგული მკითხველი, რომელიც ფასეულის შესაძენად დღესაც ბოლო თეთრს გაიღებს!

მე უფრო ის მაინტერესებს, საერთოდ შემორჩა თუ არა ქართული მებრძოლი სული ქართულ პროზას და პოეზიას (აქაც გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) და დაბრუნდება თუ არა ის ძველი დიდება, რომლითაც ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში თავს იწონებდა და ამაყობდა კიდეც!

 

 

მინაწერი: ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყანაში სიტუაცია მთლად უნუგეშო იყოს. როგორც ვთქვი, არიან გამონაკლისებიც, ამ შემთხვევაში ცოცხალ მაგალითად გამოდგება ახალგაზრდა კრიტიკოსი ლევან ბებურიშვილი (დიდი ილიას შთამომავალი). მან გააშიშვლა ახალგაზრდა ქართველი მწერლების ანტიქართული ტენდენციები, რომელიც თავიდან ბოლომდე უზნეობის ბაცილითაა დასნებოვნებული და სტიმულირებულია სატანური ძალების მიერ.

 

ჩვენს უნუგეშო სიტუაციას კიდევ რამდენიმე ლევან ბებურიშვილი სჭირდება!

 

ზაურ ნაჭყებია

30-06-2015, 12:13
უკან დაბრუნება