ივერიონი / თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ძალიან მანიშნებელია

თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ძალიან მანიშნებელია

ამერიკელი გენერლის ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სასტუმრო "რუმს ოტელში" მიმდინარე კონფერენციაზე განუცხადა.

 

ხიდაშელის თქმით, ბენ ჰოდჯესთან შეხვედრა დღეს დილით გამართა, სადაც 2016 წლისთვის დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლების საკითხები განიხილეს. თუმცა, არ ელოდა, რომ რაც ითქვა დახურულ შეხვედრაზე, ბენ ჰოტჯესი საჯაროდაც გაიმეორებდა, რაც, მინისტრის თქმით, ძალიან სასიამოვნოა. 

 

"ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

 

მისივე თქმით, 2016 წელს ისევე როგორც 2015-ში, ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის გამომგზავრება მოხდება შავი ზღვით, ბულგარეთიდან. 

თბილისის ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის, საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს", ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით ტარდება. 

 

კონფერენციაში მონაწილებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, უშიშროების საბჭოს მდივანი, მინისტრები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და დიპლომატები. 

 

7-09-2015, 12:10
უკან დაბრუნება