ივერიონი / „ვერბოვკა“, „ნასედკები“, თანამედროვე ბურჟუები და... მაჯლაჯუნები განათლების სამინისტროში!

„ვერბოვკა“, „ნასედკები“, თანამედროვე ბურჟუები და... მაჯლაჯუნები განათლების სამინისტროში!

წინამდებარე სტატია პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრიდან მივიღეთ. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.

ვიმედოვნებთ აღნიშნულ კრიტიკას და სტატიაში დაფიქსირებულ უმწვავეს ფაქტებს სამინისტრო გამოეხმაურება. ჩვენ მზად ვართ სიამოვნებით დავუთმოთ ადგილი მეორე მხარესაც, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება.

ეს პუბლიკაცია  პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ერთობლივი გუნდური განცხადებაა. ფაქტია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „კათარზისის“ სიპტომები არ ჩანს, პირიქით - ბიუროკრატიის აღვირახსნილობა უფრო მასშტაბური ხდება. ამიტომ, ვიტოვებთ უფლებას, კიდევ ერთხელ განმეორებით გამოვაქვეყნოთ ის ცენტრის სახელით:

ჩვენ, როგორც ცენტრის აქტივისტებს გვსურს კიდევ ერთხელ მოგიყვეთ განათლების სისტემის მართვის შესახებ, რომელსაც,  თავისი „მოღვაწეობის“ გამო სინამდვილეში გაუნათლებლობის სამინისტრო უნდა ერქვას!

სისტემას ოფიციალურად ხელმძღვანელობს მინისტრი თამარ სანიკიძე, პიროვნება, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია პატარა ან დიდი ორგანიზაციის პირველ პირად და ასე, ნეპოტიზმის წყალობით მოხვდა მინისტრის თანამდებობაზე.

ის იმ ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერის შვილია, რომელიც „პრიხვატიზაციით“ გამდიდრდა განუკითხაობის წლებში. სიმდიდრეში გაზრდილი, გაზულუქებული სანიკიძე, პიროვნება, რომელმაც ვითომ ათ თვეში „დაასრულა“ უმაღლესი სასწავლებელი (როგორ „ნიჭიერი“ ყოფილა?!). პიროვნება, რომელიც განსაკუთრებული უმეცრებით გამოირჩევა. მას არ შეუძლია აუდიტორიასთან კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ გაურბის ის საჯარო დისკუსიებს მტკივნეულ თემებზე. მისი სისუსტისა და ფუნდამენტალური ცოდნის არქონის გამო, სისტემა ხელში ჩაუვარდა მის რჩეულს, მის მიერ წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად გამოცხადებულ „გენინსპექციის“ (შიდა აუდიტი) უფროსს ალ. ონოფრიშვილს. ჩვენ სათმელსაც ძირითადად, სწორედ მას ვუძღვნით.

ალექსანდრე ონოფრიშვილის საქართველოში რუსეთის არაოფიციალური ბატონობის წლებში (შევარდნაძის ეპოქა) „კგბ“-ს ჩინოვნიკი იყო. ე.ი. ის არის, როგორც მოსკოვის, ისე თბილისის „ვერბოვკა“. მაშინ სხვანაირად სისტემაში ვერ იმუშავებდა. ისმის ლოგიკური კითხვა: ვისი „ნომენკლატურაა“, ვისზე მუშაობს, ვის დავალებებს ასრულებს იგი ახლა?  რადგან არ არსებობენ ყოფილი „კგბ“-ელები, მაშინ რა ესაქმება მას ისეთ სამოქალაქო სეგმენტში, როგორიც განათლებაა, რომელი ქვეყნის აგენტურა უნდა გამოავლინოს მან?

მაგრამ პოსტშევარდნაძულ ეპოქაშიც მშვენივრად იყო „კარდინალი ონოფრიე“. კგბ-ს აგენტმა მალევე ისკუპა და „ნაცების“ დროს საგადასახადო სამსახურის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მოგვევლინა, ანუ კეზერაშვილის უწყებაში ფაქტობრივად მეორე პირად იქცა (კეზერაშვილს, როგორც ცნობილია, არაერთი ბრალი აქვს წაყენებული). ვინ ეხმარებოდა მას კარიერულ წინსვლებში?  განა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა არ არის ასეთი ნეგატიური წარსულის პიროვნება ასეთ თანამდებობაზე მოღვაწეობდეს, თან განათლება-მეცნიერებაში?!

განა გაზულუქებული ბურჟუისა და მშიერ პედაგოგთა კორპუსის მენტალიტეტი თანხვედრაშია ერთმანეთთან? შეიძლება მგელს ცხვრისა ესმოდეს? - არა, რათქმა უნდა. ერთ მხარესაა ერთი მუჭა გაზულუქებულ ბობოლათა ჯგუფი და მეორე მხარეს ვართ ჩვენ პედაგოგთა 75 ათასიანი კორპუსი, გაჭირვებულ მშობელთა არმია, რომელიც სოციალურ სამართალს ითხოვს. პარლამენტი კი ამ ჯგუფს პასუხს არ თხოვს ჩადენილ უკანონობებზე!!!

ახლა კიდევ ერთხელ ვანახოთ, რა უკანონობაზე ვსაუბრობთ, რა მოუტანა მათმა მმართველობამ განათლების სისტემას:

დაცემა პირველი: ნეპოტიზმის აღდგენა!

ნეპოტიზმი მსოფლიოს არადემოკრატიული ქვეყნების დამახასიათებელი ავადმყოფობაა. იგი ნიშნავს კვალიფიკაციისა და დამსახურებების ნაცვლად ნათესავების, მეგობრების, ნაცნობების, კლანის წევრთათვის უპირატესობის მინიჭებას, ანუ, დაუმსახურებელ პრივილეგიებს სახელმწიფო სამსახურებში. განათლების სამინისტრო ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც ნეპოტიზმი დააკანონა და აიყვანა სახელმწიფო რანგში.  მან საზოგადოების თვალის ასახვევად ჩაატარა რამდენიმე .წ. კონკურსი მოხელეთა შესარჩევად და რეალურად კი კონკურსანტებს მოთხოვა პროტჟეთა რეკომენდაცია!!!

ანუ, კონკურსები ჩაატარა არა კონკურსანტთა, არამედ პროტეჟეთა შორის და გამარჯვებულიც გამოავლინა პროტეჟეთა წონისა და გავლენის მიხედვით. ამით განათლების სამინისტრომ ოფიციალურ იდეოლოგიად აღიარა ნეპოტიზმი და მოგვიანებით, მისი შემდგომი ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელობაც ალ. ონოფრიშვილს დააკისრა. ონოფრიშვილმა კი კანონის სრული უგულებელყოფით და ფეხქვეშ გათელვით ყველა საკონკურსო კომისიაში უხვად ჩასვა „გენინსპექციის“ წარმომადგენლები და თვითონაც მონაწილეობდა მასში. მისი და მისი ემისრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მივიღეთ განათლების სისტემის სრული პოლიტიზაცია. ყველა რესურსცენტრის უფროსთა შემადგენლობა ადგილობრივ და ცენტრალურ „ფეოდალთა“ საახლობლო აღმოჩნდა. ასევე დაემართა დირექტორთა კორპუსსაც, თუმცა, მისი პოლიტიზაცია დღესაც გრძელდება! შედეგად, სისტემამ დაკარგა არაერთი შესანიშნავი მუშაკი, ნეპოტიზმით მიღებული კადრები კი არა თუ კვალიფიკაციით, ზნეობითაც ახლოს ვერ მოვლენ სტანდარტთან. რასაც ადასტურებს  უამარავი ფაქტი მათ მიერ თანამშრომელთა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისა. ამ ფაქტებს საგულდაგულოდ მალავს ონოფრიშვილი, ეს გასაგებიცაა - იცავს საკუთარ პროტეჟეებს.

ამგვარი პოლიტიკით საჯარო სექტორმა და უპირველესად კი ქვეყანამ ერთი დიდი ნახტომი გააკეთა  უკან, ბნელი წარსულისკენ!

დაცემა მეორე. სისტემის პოლიტიზაცია, სხვაგვარად მოაზროვნეთა მასობრივი პოლიტიკური დევნა, ანუ მასობრივი დისკრიმინაცია

ალ. ონოფრიშვილმა, რომელსაც ხელები გაეხსნა უკანონო დავალებების შესრულების შედეგად, განაგრძო სისტემაში მომუშავე წარმატებული კვალიფიციური კადრების „წმენდა“ / პრინციპით: კვალიფიციური ძნელად მართვადია, უმეცარი კი - იოლად!/ ასეთებს განეკუთვნება, მაგალითად პსც-ს ხელმძღვანელი პედაგოგი დავით ფერაძე.  მაშინ, როდესაც ონოფრიშვილი, როგორც კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენთა დატერორებით იყო დაკავებული, ფერაძე ღიად იბრძოდა ძალადობის წინააღმდეგ.  ამ ტერორის შედეგად არაფრისმქონე ონოფრიშვილი ახლადგამომცხვარ მილიონერად და ბურჟუად მოევლინა ქვეყანას. მაგალითად, ამ  პერიოდში „ქარვასლის“ მეწილეობასაც გამოკრა ხელი. „პოსტ ნაცისტურ“ ეპოქაშიც გაუმართლა: ისკუპა და როგორც გაქნილ მედროვეს სჩვევია „ოცნების“ ნავში აღმოჩნდა.  ახლა აქედან განაგრძობს თავის შავ-ბნმელ საქმიანობას. სისტემაში მომუშავეთა დისკრიმინაციას, დევნას, და დახარისხებას „ჩვენიანებად“ და “სხვისიანებად“. მაგალითად, მან საკუთარი უწყებიდან უკანონოდ დაითხოვა ისეთი კვალიფიციური თანამშრომლები, როგორებიც იყვნენ: დ. გულეზიანი, გ. ხვედელიძე, ლ. პაპუაშვილი უკანონო, ამორალური დავალებების შეუსრულებლოის გამო. დ გულეზიანმა პროტესტის ნიშნად მის „საყიდლად“ გამოწერილი პრემიაც კი დააბრუნა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს იყო სახელმწიფო ჩინოვნიკის მოქალაქეობრივი პოზიციის ჯერ-ჯერობით ერთადერთი შემთხვევა საქართველოში.  ეს მოქალაქეები დიდი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ გაამართლა, მაგრამ ონოფრიშვილი კვლავ განაგრძობს მათ წინააღმდეგ სამარცხვინო ქმედებებს.

ონოფრიშვილის დამსახურებით სამსახური დატოვა უამრავმა სკოლის დირექტორმა, ე.წ სასწავლო ნაწილმა, ტექმენეჯერმა, ბუღალტერმა, საქმეთა მწარმოებლებმა და ეს პერმანენტული პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. მარტო ერთ თვეში განათლების სამინისტრომ მიიღო სამსახურიდან გათავისუფლებულ უკმაყოფილო მოქალაქეთა 600-ზე მეტი საჩივარი. სასამართლო ინსტანციები  კი სავსეა სარჩელებით. ახლა ჯერი პედაგოგებზეა. პოლიტიკური დევნისთვის ონოფრიშვილი იყენებს მანდატურის სამსახურს,  როგორც პოლიტიკურ პოლიციას, რომელიც ახორცილებს პედაგოგებზე თვალთვალსა და აგროვებს ე.წ. „დანოსებს“. რისი კლასიკური მაგალითიც გახლავთ პედაგოგი დავით ფერაძე (პსც-ს ხელთა აქვს თვალთვალის დამატკიცებელი დოკუმენტური მასალა)

აი, ასე შეასრულეს ონოფრიშვილმა და სანიკიძემ „ოცნების“ დანაპირები სამართლიანობის აღდგენის შესახებ!

დაცემა მესამე. მოქალაქეთა ტოტალური კონტროლი, დასმენების ინსტიტუტის აღორძინება

დასმენების ინსტიტუტი განათლების სამინისტროს სისტემაში აქამდე ოფიციალურად არ არსებობდა და ის, როგორც “კგბ”-ს კადრმა და დასმენებში გამობრძმედილმა ონოფრიშვილმა ჩამოაყალიბა და ააღორძინა.

სისტემაში მომუშავენი დღეს თავს ჯორჯ ორუელის რომანის გმირებად გრძნობენ. სისტემა დაემსგავსა ავადსახსენებელი 1937-1939 წლების მდგომარეობას, როდესაც თავის გადარჩენის მიზნით ყველა ყველაზე დაბეზღებით იყო დაკავებული, შემდეგ კი მათში სინდისმა გაიღვიძა და ერთმანეთს თვალს ვეღარ უსწორებდნენ - სისტემას დააბრალეს ყველაფერი. ახლა ზუსტად ასეა განათლების სისტემაში, ერთი განსხვავებით: დასაქმებულს, დახვრეტის ნაცვლად, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

როგორ მოქმედებს ეს ინსტიტუტი? ონოფრიშვილს ყველა რესურსცენტრში უზის თავისი წარმომადგენელი. ე.წ. „ნასედკა“, რომელიც შენიღბულია რესურს ცენტრის თანამშრომლის სტატუსით. მათ ზოგან „გენოებს“ ეძახიან, ზოგან „სტუკაჩებს“ ზოგან „ნასედკებს“ და  ა.შ.ეს „ნასედკა“ რესურსცენტრის თანამშრომლებზე, უფროსებზე, სკოლის დირექტორებზე, სკოლის მასწავლებლებზე, სკოლის სხვა თანამშრომლებზე ასევე მის ქვემდებარე ტერიტორიაზე არსებული განათლების სამინისტროს სისტემის ორგანიზაციის თანამშრომლებზე ყოველკვირას აბარებს „პატაკებს“ ონოფრიშვილს.   დასმენები დანერგილია თვით სამინისტროს აპარატშიც. სამინისტროს ტერიტორიაზე სამი ადამიანის ერთად დგომაც კი შეიძლება საეჭვო გახდეს. ასეთ შემთხვევაში მათთან მათთან შეიძლება დაუყოვნებლივ გაჩნდეს დავერბოვკებული „ჩამშვები“, დროულად „გააუვნებელყოს“ „შეთქმულების“ მცდელობა. რას ვიზამთ, შიშს დიდი თვალები აქვს. ონოფრიშვილმა ყველაფერი უნდა იცოდეს. ის ხომ განათლების სამინისტროს რუხი კარდინალია! მაგრამ, ყველაფერს აქვს დასწყისი და დასასრული. უკვე კარგა ხანია, ეს „მსტოვართა აპარატი“  საზოგადოების მიერ გაშიფრულია და მათ, როგორც კეთროვნებს, ყველა ერიდება.

სავარაუდოდ, სწორედ ონოფრიშვილს ეკუთვნის კიდევ ერთი მავნე ინოვაცია: განათლების სამინისტროს სისტემაში (სკოლები, სხვა სსიპ-ები) ჩართული ყველა პერსონალური კომპიუტერის სრული კონტროლირება. ონოფრიშვილს შეუძლია ნებისმიერ წუთს შეაღწიოს ამ კომპიუტერში და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს _ გამოიძიონ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ეს უპრეცედენტო ფაქტი და დაინტერესდნენ ამ მდგომარეობით, რათა სისტემა გათავისუფლდეს ონოფრიშვილისა და მისი ჯგუფის ტოტალური კონტროლისგან.

დაცემა მეოთხე.

ალ. ონოფრიშვილის სახელს უკავშირდება სისტემაში კორუფციული სქემის აღდგენა. კერძოდ: სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო სსიპ-ებში „მონიტორინგზე“ იგზავნება ე.წ ტერიტორიული „სტუკაჩი“, „გენინსპექციის“ არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც დავალებული აქვს ხარვეზების გამოვლენა და ონოფრიშვილისთვის მიწოდება. ონოფრიშვილი გასცემს დავალებას შესაბამისი „ანონიმკის“ შექმნის შესახებ ხარვეზებში გამოჭერილ პერსონაზე. შემდეგ ამ პერსონამ უნდა „გააიმასქნოს“ საქმე ონოფრიშვილთან ან ხარკის გადახდის მეშვეობით, ან შეელიოს სამსახურს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ სქემის ამოქმედებამ, ანუ ხარკის მოკრების საჭიროებამ  გამოიწვია სკოლებში  მშობლებისგან თანხის შეგროვების მავნე პრაქტიკის აღდგენა. სქემა კი, ვფიქრობთ ასეთია: დამრიგებელი–დირექტორი–„გენინსპექციის“ უფროსი–მინისტრი. ვინ ზიანდება ამით? რა თქმა უნდა მშობელი, რომელსაც განათლების არაეფექტური სისტემის გამო, ისედაც უხდება თავისი მწირი  ბიუჯეტიდან თანხის გადახდა რეპეტიტორებისთვის. ახლა კია ამას დაამატეთ ეს კორუფციული ხარჯები... აი, რას იწვევს ერთეულ მოქალაქეთა თარეში და განუკითხაობა განათლების სისტემაში. განათლების სისტემა გადაქცეულია სანიკიძე-ონოფრიშვილის „საბაღვაშოდ“ და განმკითხავი არავინაა!!!

გაცოცხლდა  სხვა კორუფციული სქემაც: სახელმძღვანელოების ბიზნესი, ურთიერთობა გამომცემლებთან. ეს საქმე ონოფრიშვილმა ჩააბარა ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, თავის საყვარელ ბიძაშვილს კ. ონოფრიშვილს. ასევე ამოქმედდა განათლების  სისტემაში მოქმედი მცირე მომსახურე  ფირმების განდევნისა და ბიზნესების მონოპოლიზაციის სქემა.

დაცემა მეხუთე. ბობოლების ჭაობი

ბობოლა ბურჟუების ცხოვრების წესია განცხრომა სახელმწიფოსა და თითოეული ჩვენგანის ხარჯზე.

როგორ გგონიათ, ძვირფასო მოქალაქეებო, პატივცემულო მასწავლებლებო, რატომაა სამინისტროს მძღოლების ხელფასი პედაგოგთა ხელფასებზე ოთხჯერ მეტი, დამლაგებელთა ხელფასები სამჯერ მეტი?

იმიტომ, რომ მათ არაოფიციალურად სამინისტროს მმართველი ელიტის ოჯახებისა და მათი წევრების მომსახურებაც ევალებათ. ამას ადასტურებს საწვავის გაზრდილი ხარჯები. სამინისტროში მოქმედებს უკანონოდ შექმნილი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ჯგუფი, ეს ჯგუფი წარსული ხელისუფლებისგან გადაიბარეს და წარმატებით განაგრძობენ მათ გამოყენებას.

ამ საქმეებში ძირითადად არასაშტატო თანამშრომლები არიან ჩართული. სწორედ ამიტომაა გაბერილი სამინისტროს აპარატის შტატები და მათი ხელფასებიც და ამას ყოველივეს უზრუნველყოფს ალ. ონოფრიშვილი. მას ავალია ჩაახშოს ყველა „სხვაგვარად“ მოაზროვნე,  მაგრამ, როგორ უნდა ჩაახშოს მან პედაგოგთა 75 ათასიანი კორპუსი, მშობელთა მილიონიანი შემადგენლობა, რომელნიც სანიკიძე-ონოფრიშვილის მოღვაწეობის შედეგად დიდი ხანია „სხვაგავარად“  მოაზროვნენი არიან.

 

სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა დაწყებულია და ამ ბრძოლის ცეცხლი მალე ჩაწვავს ისტორიის ამ მაჯლაჯუნებს. ჩვენ მალე გავისტუმრებთ მათ პოლიტიკურ სასაფლაოზე. ოღონდ საჭიროა ერთობა.

პედაგოგთა საკოორინაციო ცენტრი

თბილისი.

18-09-2015, 11:01
უკან დაბრუნება