ივერიონი / ირმა ნადირაშვილი:შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და მეგობრები ე.წ. ნარუშილოვკებით სარგებლობენ

ირმა ნადირაშვილი:შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და მეგობრები ე.წ. ნარუშილოვკებით სარგებლობენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მედიაში გუშინ გასულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, რომელიც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა. მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლევან იზორიას ძმა, სამინისტროს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები ე.წ.ნარუშილოვკებით სარგებლობენ.

 

"არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი აქ არ იყო, რადგან წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ შსს-ში სისტემა მთლიანად მოშლილია. თუმცა კადრები, რომელიც ვიხილეთ, ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენი აზრით, პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დამკვიდრებული მმართველობის სტილია -- თავისი პირადი თანაშემწე დანიშნა პრემიერად, პირადი ექიმი -- ჯანდაცვის მინისტრად, დაცვის სამსახურის თანამშრომლები -- მინისტრებად და "ქართუ ბანკის" თანამშრომლები -- მაღალ თანამდებობებზე. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მას და არა პირიქით. გავრცელებული კადრები კი ადასტურებს იმას, რომ არამარტო ივანიშვილი მოქმედებს ასე, არამედ ქვემო რგოლებშიც ასეთი წესით ხდება სტრუქტურების მართვა.

 

კადრებში ვხედავთ, რომ იზორიას ძმა, სამინისტროს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები ე.წ.ნარუშილოვკებით სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ ისე, რომ პასუხს ვერავინ მოსთხოვს. ვიხილეთ პატრულის ყოფილი უფროსი, რომელიც არაერთხელ ყოფილა სკანდალში გახვეული და რომელიც აიძულებდა საპატრულო პოლიციას, მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთი რესტორნიდან ეკიპაჟს გაეცილებინა, რათა ნასვამი მძღოლები ვინმეს არ გაეჩერებინა.

 

მიგვაჩნია, რომ ეს პოლიციის ღირსებაზე, მათ ეთიკაზე მოქმედებს. სამწუხაროა, რომ ერთ დროს ყველასთვის საამაყო რეფორმირებული ქართული პოლიცია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჩინოვნიკებმა კახა თარგამაძის მილიციად გადააქციეს.

 

ეს საგანგაშოა, აუცილებელია, მაღალი თანამდებობის ყველა პირმა, რომელიც მისი მდგომარეობით სარგებლობს, დაუსჯელად მოქმედებს და კანონს არღვევს, პასუხი აგოს, უპირველესად კი -- ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ასეთი მმართველობის სტილი სწორედ მისგან მოდის", -- აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

 

28-09-2015, 14:52
უკან დაბრუნება