ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა

გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას (United states Coast Guards Academiy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

 

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს. ქვეყნის პირველ პირს აკადემიის ეზოში კადეტთა საპატიო ყარაული დახვდა. სტუმრის პატივსაცემად სანაპირო დაცვის აკადემიის ჰამილტონ-ჰოლის წინ საქართველოს დროშა აღმართეს, რის შემდეგაც გაისმა 21 სამხედრო ზალპი და აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა. გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობა სასწავლებლის ხელმძღვანელმა კონტრადმირალმა ჯეიმს რენდონმა და აკადემიის ქართველმა კურსანტებმა პირადად გაუწიეს. მისალმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ქართველი სტუდენტების მასპინძელი ოჯახების წევრებს პირადად გაესაუბრნენ. კონტრადმირალმა რენდონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად აკადემიაში სტუმრობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა კონტრადმირალ რენდონს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ "საერთო ტრაგედიამ და ტკივილმა ქართველი და ამერიკელი ხალხები უფრო მეტად დააახლოვა".

 

"ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესო გორჯოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი მოინახულა. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა აკადემიის კურსდამთავრებულთა დარბაზში შეკრებილ აკადემიურ პერსონალსა და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საოცრად ამაღელვებელია ის მეგობრობა, რომელითაც აქ ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს მათი თანაკურსელები ხვდებიან და ეს ნათლად ჩანს და დასტურდება იმ უდიდესი პატივისცემითაც, რომელსაც კადეტები დაღუპული ქართველი თანაკურსანტების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოხატავენ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებისადმი მიმართვაში რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის სანაპირო საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად აფხაზეთსა და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სანაპირო უსაფრთხოების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების არსებობა. უმაღლესმა მთავარსარდალმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სანაპირო დაცვის აკადემიას თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ ეს სასწავლებელი ამერიკის და საქართველოს სამხედრო ძალებს საუკეთესო პროფესიონალებს უზრდის, რომლებიც ერთად დგანან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების დასაცავად. ქართველმა კადეტებმა ელდარ საგანელიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, ალექსანდრე წერეთელმა და ოფიცერ-კანდიდატმა თამთა ანთაძემ საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის დასარულს საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიის ქართველ და ამერიკელ კურსანტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

 

29-09-2015, 11:52
უკან დაბრუნება