ივერიონი / ორი „შავი ხვრელი“, რომელიც ქვეყანას ასუსტებს და ანადგურებს!

ორი „შავი ხვრელი“, რომელიც ქვეყანას ასუსტებს და ანადგურებს!

მსოფლიოში  ინფლაციის თარგეთირების საყოველთაო პოლიტიკა ტარდება. ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწყებული ახალი ტიპის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რომელიც ჩვენ ქვეყანას და დანარჩენ მსოფლიოსაც კარგს არაფერს უქადის. საქართველოში  ინფლაციის თარგეთირების ფულად-საკრედიტო პოლიტიკა 2009 წლიდან მოყოლებული ტარდება. რუსეთი იყო ერთ-ერთი ბოლო „ბასტიონი“ ვინც ამ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, თუმცა შარშან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საბოლოოდ ისიც დაიყოლიეს...

 

Inflatio - ლათინური სიტყვაა და „გაბერვას“ ნიშნავს, ეკონომიკაში კი  ფასების საერთო დონის ზრდას, ანუ ფულის მსყიდველობითი უნარის დაქვეითებას, გაუფასურებას გულისხმობს. რაც შეეხება target-ს ინგლისური სიტყვაა და ითარგნება როგორც „მიზანი“. „ინფლაციის თარგეთირება“, ესე იგი „მიზნობრივი ინფლაცია“. თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, „ფასების საერთო დონის მიზანმიმართული ზრდა“, ანუ „ფულის მიზანმიმართული გაუფასურება“. 

 

ცოტა არ იყოს გაუგებარი აზრის შემცველი სიტყვათა წყობებია. კაცობრიობა მთელი თავისი გააზრებული ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ცდილობდა სტაბილური ფასების შენარჩუნებას, დღეს კი... ფასების ზრდა და ფულის გაუფასურებაა „მიზანი“.

 

ნონსენსია ის, რომ ქვეყანამ საკუთარი ფულის „მსყიდველობითი უნარის“ დაქვეითება მიზნად გაიხადოს. ასეთი რამ ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ზღვარს სცილდება და მხოლოდ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანების გონებაში შეიძლება დაიბადოს. 

 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვარწმუნებენ, რომ „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკით  გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ფასების სტაბილურობა, თუმცა გვაფრთხილებენ, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. 

 

რას ემსახურება ეს ყველაფერი, რისთვისაა საჭირო, ვის და რაში სჭირდება ასეთი ფულად - საკრედიტო პოლიტიკა, რა არის რეალური მიზნები, რა შედეგები გამოიღო ამ პოლიტიკამ და რას ველოდოთ მომავალში?

 

მოდით ყველაფერი თანმიმდევრობით განვიხილოთ და ყველა კითხვას პასუხი გავცეთ.

 

ინფლაციას, ფულის მსყიდველობითი უნარის დაცემას ძირითადში იწვევს:

 

1.მონოპოლიები და მონოპოლიური ფასები.

2.რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) შემცირება ფულის მასის მუდმივობის პირობებში.

3.ფულის მასის ზრდა რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის მუდმივობის პირობებში.

 

იმისათვის რომ ფასების მიზნობრივი ზრდა, „ინფლაციის თარგეთირება“ განვახორციელოთ, მონოპოლიების შექმნა და მონოპოლიური ფასების ზრდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზანი  ვერ იქნება. ვერც მეპ-ის შემცირება იქნება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზანი. „ინფლაციის თარგეთირებისათვის“ რჩება ერთადერთი საშუალება - ფულის მასის ზრდა.

 

ესე იგი „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკა რომ გავატაროთ და ინფლაცია დაგეგმილ ნიშნულამდე ავიყვანოთ, საჭიროა ფულის მასა ვზარდოთ მანამ, სანამ ინფლაცია არ მიაღწევს დაგეგმილ, მიზნობრივ მაჩვენებელს. ასეთი პოლიტიკა  მკაცრი მონეტარული პოლიტიკის სრულიად საპირისპირო მოდელია. 

 

მოგეხსენებათ, აშშ დოლარი  საერთაშორისო ანგარიშსწორების ძირითად ვალუტაა და ყველა ქვეყანაში გამოიყენება, როგორც ძირითადი სარეზერვო ვალუტა.

 

„ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკის პირობებში, ყოველწლიურად ყველა ქვეყნის ეროვნული ფულის მასა იზრდება, სარეზერვო ფულის, აშშ დოლარის მუდმივობის (უცვლელი მასის) პირობებში. ანუ აშშ დოლართან მიმართებაში მსოფლიოს ყველა ქვეყნის სავალუტო ბაზარზე, ამ ქვეყნების ფულის მასა (ფულის მიწოდება) იზრდება, სარეზერვო ვალუტის „აშშ დოლარი“-ს მიწოდება  კი არ იზრდება (მუდმივია). საბაზრო ეკონომიკაში „მიწოდება-მოთხოვნილების“ კანონზომიერებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყნის ფული (ვალუტა) უფასურდება - განიცდის დევალვაციას, სარეზერვო ვალუტასთან, აშშ დოლართან მიმართებაში.  

 

რასთან გვაქვს საქმე?

 

„ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკით, ფულის მასის  ყოველწლიურად მუდმივი მიზნობრივი ზრდით, ყველა ქვეყანის სავალუტო ბაზარზე ყოველწლიურად ეროვნული ვალუტის მიწოდება ხელოვნურად იზრდება, სარეზერვო ვალუტა, აშშ დოლარი კი არ იცვლება. ესეიგი „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკით ყოველწლიურად აშშ დოლარი ხელოვნურად მყარდება ყველა ქვეყანაში, ამ ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში და ყველა ქვეყნის ვალუტა განიცდის დევალვაციას, (გაუფასურებას) აშშ დოლართან მიმართებაში.

 

შეგვიძლია დავასკვნათ: „ინფლაციის თარგეთირება“ ემსახურება აშშ დოლარის ხელოვნურ გამყარებას მთელ მსოფლიოში! 

 

 

                ინფლაციის თარგეთირება და მისი შედეგები მსოფლიოში.

 

„ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკის შესაბამისად, ყველა ქვეყანას განსაზღვრული აქვს ინფლაციის მაჩვენებელი, რომელზეც უნდა გავიდეს. ამათუ იმ ქვეყნისთვის ინფლაციის მაჩვენებელს განსაზღვრავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და რეკომენდაციის სახით აძლევენ ამ ქვეყანის ცენტრალურ საემისიო ბანკს. ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ). ცენტრალური საემისიო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების საფუძველზე ადგენს კანონპროექტს  და წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი ფაქტიურად უცვლელად ამტკიცებს კანონპროექტს და აძლევს კანონის ძალას. ასე იღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები კანონის სახეს, რომლის აღსრულებაც სავალდებულოა ამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასე გარდაისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები სავალდებულო აღსრულებაში.

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, რუსეთმა „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკის გატარება უკვე დაიწყო. რუსეთის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელი მიმდინარე წელს 16 %-ით განისაზღვრა. 8 თვეში რუსეთის რუბლმა 120 %-ით განიცადა დევალვაცია (8 თვის მონაცემებით, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დევალვაციაა უკრაინის გრივნის შემდეგ). 

 

„ინფლაციის თარგეთირების“ შედეგად მთელ მსოფლიოში იზრდება ფასები, ეცემა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, მცირდება წარმოებული პროდუქცია და სამუშაო ადგილები.

 

განსკუთრებით მძიმდება ვითარება განვითარებად ქვეყნებში, სადაც დიდი ოდენობით სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობაა (მათი სოციალური მდგომარეობა უკიდურესად უარესდება).

 

ნიშანდობლივია ისიც, სერიოზულად ზარალდებიან იმ ქვეყნების ეკონომიკებიც, რომლთა ექსპორტშიც განვითარებად ქვეყნებში ექსპორტის ხვედრითი წილი მნიშვნელოვანია.

 

„ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკის გატარების საბოლოო შედეგი, ახალი მაშტაბური მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იქნება. შემთხვევითი არ არის, რომ „ინფლაციის თარგეთირების“ გატარების პოლიტიკის შედეგად მსოფლიომ ბოლომდე ვერ დაძლია 2007-2010 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და იგი ფაქტიურად დღესაც გრძელდება!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების დროს ეკონომიკურად ყველაზე მეტად ზარალდებიან განვითარებული ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ., მაშინ კიდევ უფრო ბუნდოვანი და გაუგებარი ხდება ვის და რაში სჭირდება მთელ მსოფლიოში „ინფლაციის თარგეთირების“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება. 

 

 

                 

                ინფლაციის თარგეთირება და მისი შედეგები საქართველოში.

 

საქართველოში „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკის გატარება (როგორც უკვე ავღნიშნეთ) 2009 წლიდან დაიწყო. ახალი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ბოლო ექვს წელიწადში  ფულის მასა, რეფინანსირების სესხების გათვალისწინებით 3,5-ჯერ ანუ 350 %-ით გაიზარდა. რეალური ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელოდ მოხდა.  ემისირებული ფული ფაქტიურად მთლიანად ფასების ზრდაში აისახა.ეკონომიკური განვითარების მონეტარული მოდელის მიხედვით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 20 წელი, მსოფლიოს ქვეყნები კი  30 წელი ატარებდა და მთელ მსოფლიოში წარმატებულ ეკონომიკურ მოდელად ითვლებოდა, ამავე პერიოდში (ექვს წელიწადში) ფულის მასის ზრდა მაქსიმუმ 0,35-ჯერ ანუ 35 %-ით უნდა მომხდარიყო.

 

ისმის ლოგიკური კითხვა: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები როდის გვაძლევდნენ სწორ რეკომენდაციებს, როცა ჩვენგან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას და ყოველწლიურად ფულის მასის 3-5 %-იან ზრდას ითხოვდნენ, თუ ახლა, როცა მათი რეკომენდაციით „ინფლაციის თარგეთირების“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ვატარებთ, რის შედეგადაც ყოველწლიურად ფულის მასას 23 %-ით ვზრდით?

 

ექვსი წლის მონაცემების მიხედვით, ფულის მასის საშუალო წლიურმა ზრდამ 58 %-ი შეადგინა.    

 

ბოლო ათ თვეში ლარის მასა ერთი მილიარდი ლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში ლარის კურსიდოლართან მიმართებაში 37 %-ით დაეცა. იმის გამო რომ იმპორტის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, დოლარის დევალვაციამ ყველაფრის გაძვირება გამოიწვია.

 

საქართველოს მთავრობა მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს - ფაქტიურად დანაშაულებრივ უმოქმედობასთან გვაქვს საქმე, რისი შედეგიც ეკონომიკური ვარდნა, მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღატაკება და სოციალური პირობების დამძიმებაა.   

 

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) არსებულ მდგომარეობაში მთავრობას ადანაშაულებს, მაშინ როცა თავად ატარებს „ინფლაციის თარგეთირების“ პოოლიტიკას და მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შექმნაში თავადაა დამნაშავე.

 

აღსანიშნავია რომ, კანონში: „საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ სებ-ის მთავარი ამოცანა: „სტაბილური ფასების შენარჩუნებაა“, ამ დროს სებ-მა მთავარ მიზნად„ინფლაციის თარგეთირება“ ანუ ფასების მიზნობრივი ზრდა გაიხადა.

 

სებ-ი და მისი ხელმძღვანელობა „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკის გატარებით უხეშად არღვევს „საქართველოს ორგანულ კანონს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და, შეიძლება იტქვას, დანაშაულსაც სჩადის.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანულ კანონში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონმდებლის მიერ დაშვებულია უხეში შეცდომები. მაგალითად ამ კანონის მიხედვით სებ-ი თვითდაფინანსებაზე მყოფი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რაც სრულიად დაუშვებელი ნორმაა. არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ატარებს და ქვეყანაში ფულის ემისიას ანხორციელებს, კომერციულ საწყისებზე მუშაობდეს და თვითდაფინანსებაზე იყოს, ანუ, საკუთარი შემოსავლებით არსებობდეს.სავალუტო და საფინანსო ბაზარზე, როცა სებ-ი ამა თუ იმ ქმედებას ატარებს როგორ დავადგინოთ სებ-ი პოლიტიკის და სახელმწიფო ინტერესებიდან მოქმედებს, თუ კომერციული მიზნებიდან გამომდინარე? 

 

რას ველოდოთ მომავალში? რა შედეგებს მოგვცემს „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკა?

 

შედეგები უკვე სახეზეა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში (რამდენიმე ქვეყნის გარდა) ეროვნული ვალუტები დევალვაციას განიცდიან. ყოველწლიურად დევალვაციის მაჩვენებლები უფრო და უფრო იზრდება. ეს ყველაფერი მსოფლიო მაშტაბით იწვევს ექსპორტის და სათანადოთ იმპორტის შემცირებას, ეკონომიკის ვარდნას, საგარეო ვალების და უმუშავრობის მაშტაბურ ზრდას, უკიდურესად მწვავდება სოციალური პრობლემები. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვუ, რომ ეს პოლიტიკა უახლოეს წლებში მსოფლიოს მიიყვანს ყოვლის მომცველ, ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე. რომლის დაძლევაც ძალიან რთული იქნება! ახლა ისევ დაუბრუნდეთ საქართველოს. იმის გამო, რომ  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეკონომიკა ვარდნას განიცდის, საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გასული  მოსახლეობის ნაწილი ან უმუშავარი რჩება, ან უფრო დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებზე გადადის. 

 

„ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, შემცირებულია ექსპორტი და კიდევ უფრო შემცირდება. იგივე შეიძლება ითქვას უცხოეთიდან სავალუტო ნაკადებზე. ჩვენ ქვეყანას და სხვა ქვეყნებს, რომლებშიც მოხმარებული საქონლის დიდი ნაწილი იმპორტულია „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკა მძიმე დარტყმას მიაყენებს და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს...

 

სადაა გამოსვალი?

 

მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ და ხელი შეუწყოთ პირველადი მოხმარების საქონლის ადგილზე წარმოებას. სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მასიურ წარმოებას და გაიაფებას, რომლებიც ექვემდებარებიან სრულ მექანიზაციას, მაგალითად კართოფილისა და შაქრის ჭარხლის წარმოება და შაქრის მიღება, სიმინდის წარმოება და სხვა. უნდა გავზარდოთ იმ საქონლის წარმოება და ექსპორტი, რომელზეც უცხოეთში მაღალი მოთხოვნაა.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა გატარდეს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად გავზრდით უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოსვლას და მინიმუმამდე შევამცირებთ ვალუტის ქვეყნიდან გატანას.

 

კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს ექსპორტთან მიმართებაში. სერიოზულად შესასწავლია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, აქ არსებული პრობლემები, ამ მიმართებით სერიოზული, მეცნიერულ დონეზე ჩატარებული ანალიზი და ზუსტი მათემათიკური გათვლებია საჭირო. დაკვირვებები გვიჩვენებს რომ ქვეყანას ექსპორტთან მიმართებაში ძალიან დიდი გამოუყენებელი რეზერვები აქვს. 

 

სერიოზულადაა გადასახედი სახელმწიფოს პოლიტიკა უცხოურ ინვისტიციებთან მიმართებაში. უცხოური ინვისტიციების მოზიდვა ქვეყნის გადარჩენის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის, უმუშევრობის აღმოფხვრის, სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მთავარ საშუალებადაა მიჩნეული. ერთი სიტყვით, უცხოური ინვისტიციები ყველა პრობლემის პანაცეეა და ეს მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული აქსიომაა.

 

ანალიზი და კვლევები კი სულ სხვა შედეგებს გვიჩვენებს. შედეგებს, რომლებიც წინაღმდეგობაში მოდის საყოველთაოდ აღიარებულ  „დოგმებთან“. საქმე ისაა რომ უცხოური ინვისტიციები გამოკვეთილად უარყოფითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მოთხოვნილება-მიწოდებაზე. 

 

შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ინვისტიციების შემოსვლა დადებითად მოქმედებს და ამყარებს ეროვნულ ვალუტას. მაგრამ დადებითი მოქმედება ერთჯერადია, მხოლოდ ინვისტიციის შემოსვლის პერიოდში. შემდგომ, ინვესტორს ყოველწლიურად ქვეყნიდან სოლიდური მოგება გააქვს. 1-2 წელიწადში უცხოეთიდან ინვისტირებული თანხა მოგების სახით უკან ბრუნდება, შემდგომ კი ყოველწლიურად ქვეყნიდან გაედინება მოგება, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. საქართველოში მოღვაწეობენ კომპანიები, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე მილიონი დოლარის ინვისტიცია განახორციელეს და ქვეყნიდან უკვე გატანილი აქვთ ასობით მილიონი დოლარი. გასატანი მოგება ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე წარმოშობს უცხოურ ვალუტაზე დამატებით მოთხოვნილებას.

 

ამრიგად უცხოური ინვისტიცია მიმდინარე ეტაპზე დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე და შესაბამისად, ეკონომიკაზე, მაგრამ საგრძნობლად აუარესებს ეროვნული ვალუტის კურსს და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას მომავალში. ინვისტიციების საერთო ოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ყოველწლიურად იზრდება ქვეყნიდან გასატანი მოგების მოცულობებიც, ყოველწლიურად იზრდება ინვისტიციების უარყოფითი მოქმედება ლარის კურსზე და საქართველოს ეკონომიკაზე.

 

რა თქმა უნდა, ინვესტიციებს გააჩნია დადებითი ეფექტიც - იქმნება სამუშაო ადგილები, იზრდება ეროვნული პროდუქტი, შემოსავლები აქვს ბიუჯეტს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა უარყოფითი შედეგებიც უცხოურ ინვისტიციებს ახასიათებს, როცა ქვეყანას უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი მკვეთრად უარყოფითი აქვს.  

 

მოყვანილი ანალიზიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უცხოური ინვისტიციები რომლებიც აუარესებენ ქვეყნის საგადამხდელო ბალანს, საფრთხეების შემცველია და ქვეყნისთვის მიუღებელია.ასეთი ინვისტიციები ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის დევალვაციას, დროთა განმავლობაში ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას,  დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალსდა მის უსაფრთხოებას.

 

გამოსავალი ერთია, ჩვენ თვითონვე შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის ინვისტირება ადგილობრივი რესურსების მობილიზებით და უცხოეთიდან მოზიდული საკრედიტო რესურსებით.

 

სერიოზულადაა გადასახედი ხელისუფლების მიერ ტენდერების ჩატარების პოლიტიკა. ყველა სერიოზულ სახელმწიფო შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი ცხადდება. ტენდერებს, როგორც წესი, უცხოური კომპანიები იგებენ, ძირითადში იმის გამო, რომ შედარებით იაფად აკეთებენ.ხშირ შემთხვევაში ტენდერის პირობებში წინასწარ, სპეციალურადაა ჩადებული ისეთი პირობები რომ ადგილობრივმა ფირმებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ტენდერის პირობების დაკმაყოფილება.

 

როგორც სახელმწიფო ტენდერები, ისე უცხოური ინვესტიციები ორი დიდი „შავი ხვრელია“ რომელშიც ყოველწლიურად ქვეყანა ასობით მილიონ უცხოურ ვალუტას კარგავს. თუ დროზე არ მივხედეთ ამ „შავ ხვრელებს“, მალე საქართველოში ქართველებისთვის აღარაფერი დარჩება და ყველაფერს ისინი შთანთქავენ. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ როგორც ინვისტიციების, ისე ტენდერების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია, წლებია ეს პოლიტიკა გრძელდება, წლებია გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ყველაფერი ნადგურდება.

 

ინვესტიციები და სახელმწიფო ტენდერები ძალიან დიდი თემაა და სერიოზული განხილვას საჭიროებს.

 

რეზიუმეს სახით ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ერთ წინადადებაში შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: „ამ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ისე, როგორც არ უნდა კეთდებოდეს და არფერი კეთდება ისე როგორც უნდა კეთდებოდეს“!

 

ნასყიდა დარბუაშვილი,

ეკონომიკის დოქტორი

 

2-10-2015, 11:44
უკან დაბრუნება