ივერიონი / თეა წულუკიანი: "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე საქმის განხილვა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე

თეა წულუკიანი: "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე საქმის განხილვა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე

რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე საქმის განხილვა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. 

 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის მთავარია "რუსთავი 2"-მა გააგრძელოს მაუწყებლობა, გააშუქოს ის სიახლეები რაც ქვეყანაშია, რადგან მინისტრის თქმით, ყველას, მითუმეტეს მედია საშუალებებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება და ასევე უფლება რომ გაავრცელოს ინფორმაცია. 

"ჩვენი მიზანია, ეს უფლება იყოს ზედმიწევნით დაცული. "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს, ამ დავის განხილვა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი საქმე. მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ მოსამართლემ მშვიდ გარემოში და ამის საშუალება მოსამართლეებს ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ამ საქმის განხილვა, რომ ემოციური ფონი, რაც ამჟამად არის, რაც შეიძლება მალე დაცხრეს და ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მიხარია, რომ "რუსთავი 2"-ს დღეს არ აქვს შეფერხებები", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

რაც შეეხება საჯარო რეესტრთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ეს არის საჯარო ფუნქციების განმახორციელებლი ინსტიტუტი. 

 

"მე ვისურვებდი რომ არც ერთმა, მათ შორის მედია ხელმძღვანელმა არ დააკნინოს მისი როლი, რადგან საჯარო რეესტრის ფუნქცია არის ბიზნესმენებს შორის თანაბრად დაიცვას მხარეები. დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი კი არის ის, რომ როგორც კი განცხადება შემოდის წილის გასხვისებაზე, გადაცემაზე, დასკანერდება თუ არა, პირველივე წუთს საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე იტვირთება, რომ სხვა მხარეებმა ნახონ. ეს არის ის გამჭვირვალობა, რაც ჩვენ გვაქვს ბიზნესმენებისადმი. ეს არის ის ერთ-ერთი მიქანიზმი, რაც ჩვენ "დუინგ ბიზნესში" კარგ ინდექსებს გვაძლევს, ეს არის ის, რაც ღია მმართველობის პარტნიორობაში არის წამყვანი, რომ ბიზნესმენები ერთმანეთს კი არ უსხვისებდნენ წილებს ჩუმად, არამედ საჯარო რეესტრში შემოსული განცხადება იყოს გამოქვეყნებული იმავე წუთს, რომ ყველამ ნახოს", - აღნიშნა წულუკიანმა. 

 

მისივე თქმით, საჯარო რეესტრმა განცხადება გამოქვეყნა და იმ დღესვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მინდობილობა უნდა გასწორებულიყო. 

"დღემდე ეს მინდობილობა გასწორებული არ არის. როგორც კი გასწორდება საჯარო რეესტრი, როგორც ყველა სხვა საქმეზე, ამ რეგისტრაციას დაარულებს. კერძო დავაზე კი ვისურვებდი, რომ მოსამართლემ რაც შეიძლება მალე დაასრულოს განხილვა თუკი ამის შესაძლებობა აქვს, რომ ჟურნალისტებს ნორმალური, ემოციებისგან დაცლილი საქმიანობის საშუალება მიეცეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თემა: "რუსთავი-2"-ის საქმე

2-10-2015, 13:19
უკან დაბრუნება