ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: არჩილ გეგეშიძემ ნიუ-იორკში დარჩენის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო

გიორგი კვირიკაშვილი: არჩილ გეგეშიძემ ნიუ-იორკში დარჩენის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო

ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის , არჩილ გეგეშიძის ნიუ-იორკში დარჩენის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით იქნა მიღებული. 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მან აღნიშნა, რომ მის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძესთან და მას შესთავაზა პრეზიდენტის ვიზიტი ცალკე მომზადებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. 

"პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ძალიან წარმატებული და სასარგებლო ორი ვიზიტი. ამ მიმართულებით, ამ წარმატებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც ამერიკაში ჩვენი საელჩოს, ასევე გაერო-სთან ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ჩემი დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების კუთხით, ბატონ თენგიზ ფხალაძესთან. მას შევთავაზე, რომ იქნებ მომხდარიყო პრეზიდენტის ცალკე ვიზიტის დაგეგმვა. ამ შემთხვევაში მე მათ, რა თქმა უნდა, ასევე აღვუთქვი მხარდაჭერა, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით, გაგვეკეთებინა ძალიან კარგი, წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და უკვე იმ მოცემულობაში, როცა ეს ასე არ მოხდა მე, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან, მათ შორის იმ შეხვედრებიდან, რომელიც იყო გაერო-ს ფორმატს მიღმა (იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც) მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში. ამაში უკანონობის დანახვა არის გადამეტება, იმიტომ რომ უკანონო ნამდვილად არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

6-10-2015, 13:31
უკან დაბრუნება