ივერიონი / ნოდარ ხადურმა უალკოჰოლო სასმელების მარკირებისთვის საეჭვოდ მაღალი ფასი დაადგინა

ნოდარ ხადურმა უალკოჰოლო სასმელების მარკირებისთვის საეჭვოდ მაღალი ფასი დაადგინა

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ გუშინ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. 

 

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "უალკოჰოლო სასმელების მარკირებისთვის საეჭვოდ მაღალი ფასი დაადგინა".

 

მეწარმეები უალკოჰოლო სასმელების მარკირების წესის შემოღებას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ ახალი რეგულაცია როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს დააზარალებს და ბიუჯეტისთვის გაუმართლებელი ტვირთი იქნება.

 

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების მომსახურების საფასურს ქვეყნის ბიუჯეტი გადაიხდის. მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მან გამოსავალი იპოვნა - ბიზნესისთვის ახალი რეგულაციის გადასახადი ფინანსური ტვირთი არ იქნება და ხარჯებს შემოსავლების სამსახური დაფარავს.

 

ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახალი რეგულაცია ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. მინისტრმა ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით მარკირების ფასიც განსაზღვრა - 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გარეშე.

 

მეწარმეები აცხადებენ, რომ მარკირების მსგავს ნიშანდებას პროდუქციაზე თავადაც აკეთებენ და ნოდარ ხადურის მიერ მარკირების შემსრულებლისთვის დადგენილ ფასზე დაახლოებით 100-ჯერ იაფი უჯდებათ. 

 

"საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ  ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას",- ამის შესახებ ასოციაციის წევრები პრემიერისადმი მიმართვაში აცხადებენ.

 

აქვე აღნიშნულია, რომ მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ვადები და ფასი შემდეგნაირად არის განსაზღვრული: მუხლი 13. 2016 წლის 1 იანვრამდე, შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მუხლი 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვროს 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).

 

"2016 წლის 1 იანვრიდან ვინ გადაიხდის მარკირების საფასურს და რამდენს, ფინანსთა მინისტრს არ განუსაზღვრავს. მან ბრძანებაში, რატომღაც, მხოლოდ 2 თვით გაწერა პირობები", - აცხადებენ ასოციაციაში. 

 

8-10-2015, 12:05
უკან დაბრუნება