ივერიონი / „კასრების“ ომი საქართველოში!

„კასრების“ ომი საქართველოში!

თბილისობას დედაქალაქი და სრულიად საქართველო ამაზრზენი კადრების აჟიტირებით შეხვდა - სოციალურ ქსელში გავრცელდა უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ე.წ. „კასრების“ ფირები, რომელმაც საზოგადოება „ნაციონალური“ მოძრაობის“ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აამხედრა!

 

ამ საზარელი ფირების გავრცელებას წინ უძღოდა NDI-ს ე.წ. კვლევების შედეგები, სადაც „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია პირველ ადგილზეა და 2 პუნქტით უსწრებს მმართველ კოალიციას.

 

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების რეიტინგის დაცემა იმდენად დაუჯერებელი არ არის, რამდენადაც „ნაციონალური მოძრაობის“ „აღზევება“ - იმ პარტიის, რომელმაც 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საკუთარ ხალხს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო.

 

როგორც ჩანს, NDI-ის მიზანი არა მარტო „ნაცმოძრაობის“ „მზარდი“ რეიტინგის დემონსტრირება იყო, არამედ ქართველი ერის უღირსებო ერად წარმოჩენის მცდელობა - მათი აზრით, ისეთი ერის, რომელმაც ყველანაირი სისასტიკე გადაყლაპა და ახლა ისევ მზად არის დამნაშავე რეჟიმი დააბრუნოს ხელისუფლებაში!

 

მავანი (განსაკუთრებით „ნაციონალების“ მომხრეები) ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ ამ ამაზრზენი ფირების სოციალურ ქსელში გაშვებით „ქართულმა ოცნებამ“ NDI-ის კვლევის შედეგები გადაფარა და ხალხს „ნაციონალების“ ენით აუწერელი სისასტიკე შეახსენა.

 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას პატიებას სთხოვდეს საკუთარი გუნდის უმოქმედობის გამო და დამკვეთ-შემსრულებლების დამნაშავეების დასჯას ითხოვდეს, ქალბატონი მინისტრი კადრების სოციალურ ქსელში გამავრცელებლებს ეძებს და მათ უმკაცრესად დასჯას მოითხოვს! სასაცილოა პირდაპირ!!!

 

დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, დღევანდელი ხელისუფლება დამნაშავეებისა და სისტემური დანაშაულისადმი წაყრუების პოლიტიკით საზოგადოებას დასცინის, ხოლო როცა დასჭირდება (უფრო სწორად, გაუჭირდება) იმ ჯოჯოხეთის დაბრუნებით გვემუქრება, რომელ ჯოჯოხეთსაც 2012 წლის 1 ოქტომბერს საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა უთხრა - არა!

 

 

როდემდე უნდა გვაყარონ თვალში ნაცარი?!

 

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში „კასრების“ თემას ეხმიანება და მესამე პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

ქ-ნი ხათუნა (სხვათაშორის, მის აზრს ბევრი იმეორებს) ამ განცხადებით უშვებს, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ სახით ორი პოლიტიკური ძალა არსებობს, რაც არასწორია. ბოლო სამმა წელიწადმა დაადასტურა, რომ ესენი არა ორი ძალა, არამედ ერთი მთელის ორი ნაწილია, რომლებსაც განსხვავებული როლი აქვთ მორგებული და მოვლენის ზედაპირზე საჭიროებისდა მიხედვით ტოვტივებენ. ეს რომ ნამდვილად ასეა კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ალასანიას ტრიუკებიც მოწმობს, რომ არაფერი ვთქვათ „რესპუბლიკელებზე“, რომლებიც „ნაციონალების“ „გაპრავებას“ ყოველ მათთვის ხელსაყრელ მომენტში ცდილობენ.

 

რაც შეეხება კოალიციის დანარჩენ ნაწილს, „პარტია „ქართული ოცნების“ და დანარჩენი თითოკაციანი პარტიების სახით, ისინი თავიანთი არაკომპეტენტურობით თუ უმოქმედობით ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობს და თუ საზოგადოება საღათას ძილიდან არ გამოვა, არ არის გამორიცხული, მალე „ნაციონალურ-რესპუბლიკური სიმბიოზი“ (დანარჩენი იდეოლოგიურად მსგავსი პარტიების ჩათვლით) მივიღოთ, რომელიც უფრო საშიში მოვლენა იქნება საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

 

ამ ფონზე, საკმაოდ არადამაჯერებელია „ქართული ოცნების“ ღვაწლის დაფასება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გადაგდებაში - დრომ აჩვენა, რომ რეჟიმი არსად წასულა, იგი ისევ ყველგან აფათურებს ხელებს და თუ ყურადღება მოვადუნეთ, სავსებით შესაძლებელია უფრო ორგანიზებული და საბოლოოდ ჩვენი სულის ანმოსახდელად გამზადებული მალე დაგვიბრუნდეს კიდეც!

 

უკვე არ ჩამეთვლება ამერიკის ახალ აღმოჩენად თუ ვიტყვი, რომ მმართველმა კოალიციამ ყველაფერი გააკეთა არა მარტო „ნაციონალური“ რეჟიმის რეამინირებისთვის, არამედ მმართველი კოალიციის მიმართ საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილისთვის არაკეთილგანწყობილი ფონის შესაქმნელად.

 

საზოგადოება დღეს სერიოზული დილემის წინაშეა - არ მოსწონს „ქართული ოცნება“, მაგრამ ალტერნატიულ ძალასაც ვერ ხედავს, რომ ჩაანაცვლოს. ისიც კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ერთი ხელის მოსმით უარყოფა ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობას ზრდის.

 

საქმე ისაა, რომ დანარჩენი პარტიები, რომლებიც თავიათი იდეოლოგიით თითქმის არ განსხვავდებიან წინა ორისგან, მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული განწყობის გამო მაინც ამინდს ვერ შექმნიან მომავალ არჩევნებში.

 

დასკვნა მარტივია: 2012 წლის ოქტომბერშიც ხალხი მწარედ მოატყუეს. მხედველობაშია არა მარტო შეუსრულებელი დაპირებები, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ გაცხადებული სტრატეგიაც, რომ „ნაცმოძრაობას“ როგორც დანაშაულებრივ რეჟიმს გაასამართლებდა და ყველა დამნაშავე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებოდა!

 

მე არ ვარ მომხრე ციხე-კოლონიებად იქცეს საქართველო, მაგრამ, როცა სისტემურ დანაშაულზეა საუბარი, არ შეიძლება საზოგადოება მოატყუო და უფრო სერიოზული დილემის წინაშე დააყენო - დღევანდელი გადასახედიდან კი ნამდვილად ჩანს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის თქმისა არ იყოს, ხალხი მაქსიმალურად გამოიყენეს და გაურკვეველ მომავალში გადაისროლეს!..

 

ვინც დღევანდელი ხელისუფლების ქმედების (თუ უმოქმედობის) გამართლებას შეეცდება, იგი ისეთივე მავნე ელემენტია, როგორც „ნაციონალების“ მხარდამჭერი - იმ „ნაციონალების, რომლებიც ეკლესიების ნგრევით და მასობრივი ფსიქოზის დამკვიდრების პოლიტიკით მოვიდნენ ხელისუფლებაში!

 

აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ შენელებული ნაღმის პოლიტიკა უფრო საშიშია და უფრო გამოუვალ სიტუაციაში აყენებს ქვეყანას. არადა, მმართველ კოალიციას საზოგადოების ნდობის მაქსიმალური მანდატი ჰქონდა, რომ სამართლიანობის დამკვიდრება დაეწყო ქვეყანაში. პირიქით კი გააკეთა - დამნაშავე რეჟიმისადმი ლოიალობით და ყოფილი ზონდერების დაწინაურებით ნოყიერი ნიადაგი შექმნა რევანშისტული ძალების გასაძლიერებლად. მან ანგარიში არ გაუწია საზოგადოების მოთხოვნას, რომ გაენთავისუფლებინა საჯარო სტრუქტურები (განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურები) ნაც-ზონდერებისა და „მამალი“ „ნაციონალებისგან“, რომლებიც საბოტაჟის აშკარა საფრხეს ქმნიდნენ მთელ სახელისუფლებო ვერტიკალზე.

 

რატომ მოხდა ასე? დღევანდელი ხელისუფლება მართლა ასეთი უსუსურია თუ ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმების პრიზმაში ჯდება.

 

სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ „ნაციონალები“ და „ოცნება“ ერთი  მთელის ორი ნაწილია და მათი ხელოვნური დაპირისპირება მხოლოდ მოჩვენებით ხასიათს ატარებს!

 

 

ქვეყანა ნახევრად ორსული ქალის პოზაში!

 

ის, ვინც დედის ალილუიასავით იმეორებს, რომ ქვეყანას მესამე პოლიტიკური ძალა სჭირდება, ან შეგნებული ფარისეველია, ან ნაკლები წარმოდგენა აქვს ზოგადად პოლიტიკაზე. მითუმეტეს, გამადიდებელი შუშის გარეშეც ჩანს, რომ მმართველი კოალიცია და „ერთადერთ ოპოზიციად“ მონათლული „ნაცმოძრაობა“ არსებითად ჰგვანან ერთმანეთს - განსხვავება მხოლოდ საზოგადოებისადმი დამოკიდებულების ფორმებშია - დღეს თავხედურად არ ართმევენ ქონებას მესაკუთრეებს, არც საპატიმროებში უმასპინძლდებიან პატიმრებს აკრძალული (არაადამიანური) მეთოდებით. თუმცა, ისევ ძველებურად ხდება ხელის ფათური სახელმწიფო ბიუჯეტში. კომფორტს დახარბებული ჩინოვნიკები დღესაც ადამიანურ სახეს კარგავენ და საკუთარ ნაჭუჭში ეფლობიან. კატასტროფულად იზრდება ღატაკთა ფენა და არც იმის იმედი არსებობს, რომ ქვეყანაში ხალხის სასიკეთოდ რამე გამოსწორდება!..

 

ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოება უკმაყოფილოა, მაგრამ მისი პროტესტი სოციალურ ქსელა ვერ სცილდება, გამბედაობა არ ჰყოფნის ერთ მუშტად შეიკრას და საკუთარი უფლებების სადარაჯოზე დადგეს!

 

შესანიშნავად იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაამართლა, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება კატასტროფაა, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც ამინდს ვერ ქმნიან პოლიტიკურ ორბიტაზე, ისიც იცის, რომ ახალი თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური ძალაა საჭირო, მაგრამ არაფერს აკეთებს, რომ თავისი წიაღიდან ეს ძალა, რაც შეიძლება მალე იშვას.

 

ხოლო, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ თუ დროზე არ შეიცვალა პოლიტიკური ბალანსი, გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, ის საკუთარ უმოქმედობას ფინანსური რესურების უქონლობით ამართლებს და „რაღაცას“ ელოდება - ის „რაღაცა“ კი არადა არ ჩანს.

 

სამწუხაროდ, ქართული ბიზნესი კი როგორც ყოველთვის ჩირგვში ყოფნას მჯობინებს - ის არსებული რეალობითაც კმაყოფილია და აუტკივარი თავის ატკივებას არ აპირებს!

 

რაც შეეხება ხალხს, ახალ ძალაზე მოთხოვნილება ხალხში ნამდვილად არსებობს, მაგრამ ვერ წარმოუდგენია როგორ დაიწყოს, საიდან მოიტანოს ის რესურსები, რომელიც ტრადიციულად პოლიტიკური პარტიის არსებობას სჭირდება!

 

საიდან და საკუთარი ჯიბეები უნდა მოიქექოს, ქართული ბიზნესიც შეაწუხოს და ახალი, ქართული ცნობიერების პოლიტიკური დაჯგუფების შექმნაზე უნდა იფიქროს - თუ სურვილი მტკიცე იქნება, პატარა რესურსებითაც დიდი საქმის გაკეთება შეიძლება!

 

მაშ ასე, საქართველო ახალი, კონსტრუქციული პოლიტიკური ძალის მოლოდინშია.

 

დავიწყოთ...

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

19-10-2015, 14:46
უკან დაბრუნება