ივერიონი / რა კომპრომატებს ფლობს ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ?!

რა კომპრომატებს ფლობს ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ?!

როდესაც "ნაცების" სპეცრაზმმა ტელეკომპანია "იმედი" შტურმით აიღო, ამერიკელმა "პატრონებმა" უსაყვედურეს თურმე პრეზიდენტ სააკაშვილს: - ეს რომელ გენიოსს მოაფიქრდა, რომ ტელევიზია პირდაპირ ეთერში დაეხურა და თან ყველაზე პოპულარული გადაცემის მსვლელობის დროს, შუაღამეს მაინც დალოდებოდითო"...

 

სააკაშვილმა თურმე იმართლა თავი: - "იმედი" რომ არ აგვეღო – ძალაუფლებას ვკარგავდითო"...

 

საინტერესოა, რა უნდა ეთქვა გიორგი თარგამაძეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაცემის დასრულებამდე, რომ "ნაცმოძრაობას" ძალაუფლება დაეკარგა?

 

ან რა უნდა თქვას ნიკა გვარამიამ უშუალოდ არჩევნების წინ ისეთი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხმები ვერ მიიღოს?

 

ხომ ისედაც ყველამ იცის უკვე, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ საკუთარი მაღალჩინოსნების ოცნებებს ასრულებს და არა თავისი ამომრჩველებისას!

 

თითქოსდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა უნდა ყოფილიყო გუშინდელი "განსხვავებული აქცენტები", მაგრამ არც ამ გადაცემაში თქმულა რამე ახალი.

"ნაცები" ჯერ კიდევ 2012 წლიდან ამტკიცებდნენ, რომ ციხის კადრები ლადო ბედუკაძემ დადგა სპეციალურად ივანიშვილის დაკვეთით.. მაგრამ ექსპერტების დასკვნებისაც კი არავის სჯეროდა დღემდე... და რატომ 2016 წელს დაიჯერებენ? საქმე ისაა, რომ ფართო მასების "დამჯერებლობა" დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ეტყვი, არამედ იმაზე, თუ როგორ ეტყვი.

 

ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხანგრძლივ - 3 წლიან - და ყველაზე მაღალსტიპენდიან დაფინანსებას ქართველი ჟურნალისტები იღებენ ევროამერიკის დოქტურანტურებში სასწავლებლად. რა უნდა ისწავლოს ჟურნალისტმა უცხოურ დოქტურანტურაში 3 წელი, თუ არა ფართო მასების ქვეცნობიერი მართვა? კარგი რეპორტაჟის მომზადებას ჯერ კიდევ სტუდენტობის დროსაც სწავლობენ მშობლიურ ქართულ უნივერსიტეტებში...

 

ასეთი ქვეცნობიერი მართვის ხელოვნების მაგალითი იყო გუშინდელი "განსხვავებული აქცენტები" - ისეთი ტონით აგვიხსნეს, ციხის კადრები ბედუკაძის დადგმულია, რომ მთელმა თუ არა ნახევარმა საქართველომ ეს უკვე „დაიჯერა“.

 

არადა, ე.წ. "კასრებში" ნაპოვნი ვიდეოები რომ ტყეშია გადაღებული და იქ ბედუკაძის შორეული ნაცნობებიც რომ არ ფიგურირებენ – ეს რატომღაც დაავიწყდათ.

 

ამ "ტყის კადრებს" ეხლა პროსამთავრობო არხები დაიხვევენ ხელზე - ეს კასეტები ხომ შემთხვევით იპოვნეს და მათი დადგმა ხომ არც არავის უფიქრიაო.

 

თუმცა, "რუსთავი-2" ისევ შეთხზავს ე.წ. სკრინ-შოტებს, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ თურმე ეს კასრები თავის კასეტებიანად თვითონ "ქოცებმა" ჩაფლეს... და მტკიცებულების სახით ალბათ "ფარულ" ჩანაწერებს წარმოადგენენ, რომლებშიც "მეოცნებე" ჩინოსნები იმაზე იკამათებენ, თუ რომელი ხის ძირში ჩაფლან კასრები – მუხის, წაბლის თუ ნეკერჩხლის და დაიწყება ისევ გაუთავებელი დებატები თუ ვინ არის პროვოკატორი აფერისტი და ვინ კიდევ სიმართლის მებაირახტრე.

 

ინფორმაციის ასეთი მიწოდების მანერას მეცნიერულად ინსინუაცია ეწოდება. ეს ტერმინი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან ინსინუატიო - რაც ქართულად დაახლოებით ითარგმნება როგორც შემფარველობა, პირმოთნეობა, ლაციცი...

 

ზუსტად ამ ინსინუაციის ხელოვნება არის ყველაზე დიდი კომპრომატი პროფესიონალი ჟურნალისტების ხელში ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

აქედან გამომდინარე, სწორადაც აღნიშნა თავის ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშილმა: "რას უშვებიან ამ საცოდავ ხალხს, დაათრევენ იქით-აქეთ – ამ 2000 ადამიანსო"...  თუმცა, არა მხოლოდ "რუსთავი-2" დაათრევს აქეთ-იქეთ მათ ინსინუაციებზე აყოლილ "საცოდავებს"...

 

ასევე "დაათრევენ" სხვა მაღალრეიტინგული ტელევიზიებიც... რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს სხვა ტელევიზიებიც იგივე პრიმიტიულ პროპაგანდისტულ მეთოდებს იყენებენ. თუ ადრე „ნაცმოძრაობა“ ხალხს პრორუსი კორუმპირებული ბიუროკრატებით აშინებდა, დღეს პროსახელისუფლებო არხები თვითონ "ნაცებით" აშინებენ ხალხს და ძალიან მარტივ, უკვე შაბლონად ქცეულ აზრს უნერგავენ: "ოღონდ კი ეს "ნაცები" არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მთავრობამ რაც უნდა ის აკეთოს – თუგინდ ქვეყანა დაიმხოს თავზეო".

 

თავის მხრივ „რუსთავი-2“ საპირისპირო აზრის ჩანერგვას ცდილობს ზუსტად იგივე შაბლონით: "რადგან ციხის კადრები "ქოცების" დაკვეთით გადაიღეს, ამიტომ, ისევ ნაცმოძრაობა უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და თუგინდ ნახევარი საქართველო ჩაყარონ ციხეში – ხომ ყოფილა იქ საკურორტო პირობებიო"...

 

არადა, პოლიტიკურად განათლებული საზოგადოება სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ასე აზროვნებს: რაც უფრო საშიშია მტერი, მით უფრო მაღალ დონეზე უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები მთავრობამ!

 

ასე მაგალითად, „დემოკრატიულმა პარტიამ“ რომ „რესპუბლიკელებით“ აშინოს ხალხი და ამ შეშინებით ყველა დანაშაულზე სრული კარტ-ბლანში მიიღოს, ეს ამერიკელებს სასაცილოდაც კი არ ეყოფათ.

 

საქართველოში კი საფრთხობელის ზურგს უკან ათასგვარი დანაშაულის ჩადენა – ლამისაა ეროვნულ ტრადიციად იქცა!

 

ხომ არ აჯობებდა, რომ თვითონ ამომრჩევლებს შეგვეშინებინა ეს საფრთხობელები?

 

ამისთვის ჩვენ თვითონ უნდა ვისწავლოთ ჩვენი პოლიტიკური ქვეცნობიერების მართვა ტელევიზიების მაგივრად. ეს კი არც თუ ისე ძნელია – პირველ რიგში არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი რასაც გვეუბნებიან...

 

დღევანდელი მაყურებელი ძალიან გულუბრყვილოა... მაგალითად, ძალიან ბევრმა დაიჯერა, რომ გუშინდელ "აქცენტებში" წარმოდგენილი მიმოწერა ნამდვილია... არადა, ერთი-ორი ფრაზა ააშკარავებს, რომ ეს დიალოგი პროფესიონალი ინსინუატორების მიერაა შეთითხნილი.

 

ამიტომ სჯობს, სანამ სატელევიზიო ემოციებს აჰყვებოდე, თითო-ოროლა ობიექტური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციებს გაეცნოთ და თვითონვე გაანალიზოთ!

 

კობა ბიწაძე

 

26-10-2015, 16:13
უკან დაბრუნება