ივერიონი / თედო ჯაფარიძე:შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული კომენტარების გამო

თედო ჯაფარიძე:შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული კომენტარების გამო

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ქალაქ სტრასბურგიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატები აცხადებენ, რომ შეძრწუნებულები არიან საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის მიერ იოსებ სტალინთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო.

 

"შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის მიერ ახლახან გაკეთებული კომენტარების გამო, იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების - "ქართული ოცნების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" - ერთმნიშვნელოვან პოზიციას.

 

კიდევ ერთხელ მოვიხმობთ საქართველოს კანონში "თავისუფლების ქარტია" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2013 წლის 25 დეკემბერს, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, და რომლის ძალითაც იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის სურათები.

 

რა თქმა უნდა, ბატონ თოფაძეს უფლება აქვს, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

საქართველომ და მისმა მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და "გულაგებში".

 

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი, და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი", - ნათქვამია დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პარლამენტის დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ სტალინი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა და ის ყველა ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს.

 

29-10-2015, 11:14
უკან დაბრუნება