ივერიონი / ზვიად ძიძიგური: სააკაშვილის მხრიდან ეს არაკონსტიტუციური ჩარევის მცდელობაა!

ზვიად ძიძიგური: სააკაშვილის მხრიდან ეს არაკონსტიტუციური ჩარევის მცდელობაა!

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, გუშინ გავრცელებული ჩანაწერები უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში უნდა იყოს განხილული.

 

ძიძიგურის თქმით, ცხადია, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, სასამართლოს გადაწყვეტილებებში და ისეთ თემებში, რომლებიც მისი საქმე არ არის.

 

"თუკი ამ ყველაფერს საერთაშორისო სამართლის თვალით შევხედავთ, ხდება ის, რომ ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი მეორე ქვეყნის საშინაო ცხოვრების საკითხებში ერევა და თან ერევა უხეშად, არის მისი მხრიდან ანტიკონსტიტუციური ჩარევის მცდელობა. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს განხილული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონტექსტში. ვერ გეტყვით, რამდენად მკვეთრი რეაგირება უნდა გავაკეთოთ უკრაინის ხელისუფლებასთან ამ მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამას ალბათ დიპლომატები, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაარკვევენ და გადაწყვეტენ, მაგრამ საკითხი ასეთი კითხვის ნიშნით რომ არის დასასმელი, ჩემთვის ცხადზე უფრო ცხადია - ოდესის გუბერნატორი, უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში და ერევა თემებში, რომლებიც მისი საქმე ნამდვილად არ არის. მე ერთ რამეს ვუსურვებდი თვითონ "ნაციონალურ მოძრაობას", რაც მალე გაემიჯნებიან მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, რომ გაცილებით თავისუფლად და გაცილებით უფრო კონსტრუქციული, აქტიური საქმიანობისათვის გაეხსნებათ ხელ-ფეხი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

30-10-2015, 19:40
უკან დაბრუნება