მთავარი გვერდი > ვახტანგ ძაბირაძე: "ნაცმოძრაობამ" თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო!

ვახტანგ ძაბირაძე: "ნაცმოძრაობამ" თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო!


1-11-2015 / 19:05

ვახტანგ ძაბირაძე:

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. 

 

- ბატონო ვახტანგ, მართალია, უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მხედველობაში მაქვს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი "რუსთავი-2"-ის გენდირექტორ გვრამიასთან და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ბოკერიასთან, მაგრამ უკვე აშკარად ჩანს, რომ 30 ოქტომბერი ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი "რუსული სპეცსამსახურების მიერაა ჩაწერილი", თუმცა ფაქტია, რომ ამ საუბრის მონაწილეები ჩანაწერის ავთენტურობას არ უარყოფენ. სააკაშვილის მიერ ამ თემაზე გაკეთებულმა განმარტებებმა ვერ გააქარწყლა იმის განცდა, რომ მან, ნებსით თუ უნებლიეთ, თავად მოახდინა, როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "რუსთავი-2"-ის დისკრედიტაცია. როგორც ჩანს, ყოფილმა მმართველმა გუნდმა მომხდარი დროულად შეაფასა, რასაც შედეგად მოჰყვა შექმნილ სიტუაციაში ტაქტიკის ცვლილება და აქცენტი სიტყვის თავისუფლებასა და მის დასაცავად უფლებაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე საუბარი იყო ტელევიზიის დაცვაზე, არ იმუშავა მტკიცებამ - "კვლავ გვისმენენ", რადგან ძებნაში მყოფ სააკაშვილს რომ შესაძლოა, უსმენდნენ, ბევრს ნამდვილად არ გაკვირვებია. მით უმეტეს, რომ შსს-ს უკვე ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ აღძრულია საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. მოკლედ, ამ ჩანაწერის გასაჯაროებამ რომ ჩვენი ისედაც აწეწილ-არეული შიდა პოლიტიკა მეტად არია, ფაქტია. ვითარებაში, როცა ვერავინ იტყვის, ჩანაწერი დადგმულიაო, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? 

- მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს იმას, თუ ვის მიერ არის ჩაწერილი ეს საუბარი ან ვინ მოახდინა მისი გასაჯაროება. დავუშვათ, იგი რუსულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს და გაასაჯაროეს, ეს რას ცვლის? ამით არც ჩანაწერის შინაარსი იცვლება და არც მოქმედი პირები. მთავარია, გავერკვეთ რამდენად ავთენტურია გამოქვეყნებული ჩანაწერი. რადგან საუბრის მონაწილეები ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებენ (თუმცა გამოძიებამ ალბათ, უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა), ახლა მნივნელოვანია ამ ჩანაწერების ანალიზი. გარკვევა იმისა, თუ რის მიღწევას ცდილობდა და ცდილობს "ნაცმოძრაობა". რა არის მათი რეალური მიზანი - მართლაც დაიცვან სიტყვის თავისუფლება, თუ სიტყვის თავისუფლების დაცვის ლოზუნგით შეეცადონ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას. ანალიზის საგანი ეს უნდა იყოს. 

ცხადია, "ნაცმოძრაობას" ხელს არ აძლევს საკითხის ამ კუთხით განხილვა. ამიტომ, ჩვეულებისამებრ ცდილობს, განხილვის საგანი შეცვალოს და დისკუსიის თემად ფარული მოსმენები, რუსული სპეცსამსახურები, გამოქვეყნებული მასალების კანონიერება და სხვა ანალოგიური ტიპის პრობლემები წარმოაჩინოს. გახსოვთ ალბათ, რომ ციხის კადრების გასაჯაროების შემდეგ მედიასაშუალებებმა დისკუსიის განხილვის მთავარ თემად აქციეს, თუ რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი მასალების საჯარო სივრცეში განთავსება და არა იმის კვლევა, ეს საზიზღარი დანაშაული რამდენიმე ავადმყოფური ფსიქიკის მქონე პირის ნამოქმედარია, თუ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. ამჯერად მაინც უნდა შევძლოთ და გავერკვეთ - როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, თუ ბოკერია და გვარამია იმ რევოლუციური სცენარის დაუყოვნებლივ აღსრულებას შეუდგებოდნენ, სააკაშვილი რომ სთავაზობდა. ცხადია, ჩანაწერში მონაწილეთა საუბრებს ჩვენ სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემთ, მაგრამ პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. 

- ჩანაწერის არაერთგზის მოსმენის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ექსპრეზიდენტი სერიოზულ თემებზე, თუნდაც იმაზე, რომ თუ სასამართლომ განაჩენის აღსრულება იძულების წესით დაადგინდა, მაშინ "რუსთავი-2"-მა წინააღმდეგობა ბარიკადებით უნდა შეძლოს, საკმაოდ დაბეჯითებით საუბრობდა, ხოლო მის ორიოვე მოსაუბრეს, გვარამიას და ბოკერიას აშკარად არ მოეწონათ ოდესიდან სააკაშვილის გზავნილები. რა უნდა ვიფიქროთ - სააკაშვილმა საქართველოში არსებული რეალობა არ იცის, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდოლოგიაზე "ნაცმოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა? ფაქტია, რომ იგი თანაგუნდელებზე ახდენს ზეწოლას, რათა მათ ხელისუფლებას შეცდომა დააშვებინონ და პროცესები ხელისუფლებისათვის და ქვეყნისათვის არასასურველი სცენარით განვითარდეს... 

- შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით სააკაშვილი სამშვიდობოსაა გასული, ბოკერია და გვარამია თბილისში იმყოფებიან, ამიტომ სააკაშვილისთვის ბრძანების გაცემა ძალიან ადვილია. ამ ბრძანების შესრულება კი, თანაც როდესაც საუბარია პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე და ბარიკადების აღმართვაზე, ძნელიცაა და სახიფათოც. 

ბოკერიამ და გვარამიამ მშვენივრად იციან, როგორ ხდება სატელეფონო მოსმენები, შესაბამისად, ისინი ვერ გამორიცხავდნენ იმას, რომ მათი საუბარი სააკაშვილთან, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით სააკაშვილთან, შესაძლოა ისმინება. განსაკუთრებით სააკაშვილთან იმიტომ ვამბობ, რომ მისი ქმედებები უკრაინაში სუმბურულ ხასიათს ატარებს და მისი საუბრები დაკვირვების საგანი შეიძლება იყოს იგივე უკრაინის გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, თუნდაც რუსეთის სპეცსამასხურებიდან. შესაბამისად, მათი რეაქცია, როდესაც ისინი ოდესიდან მიღებულ განკარგულებას ისმენდნენ, არის ადეკვატური. არ გამოვრიცხავ, ისინი ითვალისწინებდნენ, რომ საუბარი ისმინება და იგი საჯარო სივრცეში მოხვედრილიყო. 

რაც შეეხება იმას, იცის თუ არა სააკაშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება. არა მგონია, რომ იგი მოწყვეტილი იყოს საქართველოში არსებულ რეალობას. თუ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში "ნაციონალების" ქმედებებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ მათ ყველაფერი სცადეს. ყოველ წელს ისინი ცდილობდნენ, რომელიმე თემაზე მოეწყოთ აქციები და დაედგინათ საკუთარი რეიტინგი და გავლენა მოსახლეობაში. ენ-დი-აის კვლევებს არ ვგულისხმობ. თუ ამ საკითხს სიღრმისეულად განიხილავთ, სხვაგვარი დასკვნები შეიძლება გაკეთდეს. შეიძლება ითქვას, რომ 3 წლის განმავლობაში "ნაცმოძრაობამ" ვერ შეძლო რებრეიდინგის გაკეთება, დარჩა ისეთივე აგრესიული და მიუღებელი მოსახლეობისთვის, როგორიც იყო. მათ ბევრი რამ მოსინჯეს - რუსული სცენარი, "გაზპრომზე" საუბარი და სხვა, რამაც არ გაჭრა. ამის შემდეგ მათ ჩათვალეს, რომ დარჩათ ერთადერთი ვარიანტი, მოეძებნათ ისეთი თემა, რომელიც საზოგადოებაში, ოპოზიციურ პარტიებში გამოიწვევდა თანადგომას და ქვეყნის გარეთ რეზონანსს. დარჩა "რუსთავი-2"-ის თემა. დასავლეთიდან სიტყვის თავისუფლებისთვის მხარდაჭერა უზრუნველყოფილია, მაგრამ ქვეყნის შიგნით პროცესები ისე არ წავიდა, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. თუ პროცესი მშვიდ გარემოში წავიდოდა, აქ ვერაფერი ვერ მოხდებოდა. გვარამიასა და სააკაშვილის საუბარი არ არის თავისუფალი მედიის წარმომადგენლის საუბარი პოლიტიკოსთან. საუბრის ინტონაციაში იგულისხმება, თუ ვინ ვის ელაპარაკება. შესაბამისად, ცხადია, რომ მათი მიზანი იყო ასეთი - როგორმე გამოეყვანათ ხელისუფლება წონასწორობიდან. თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებდა და სპეცრაზმით შევარდებოდა "რუსთავი-2"-ში, ეს თუ დიდ რეზონანს არ გამოიწვევდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ სერიოზული რეაქცია მოჰყვებოდა. 

მე არ ვგულისხმობ ქვეყნის შიგნით რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობას, რომლებიც სწორად სვამენ პრობლემას, მაგრამ პრობლემის სიღრმეზე, მის მნიშვნეოლბასა და გადაჭრის გზებზე მთლად მართებულ დასკვნებს ვერ აკეთებენ. "რუსთავი-2"-ს საკითხმა საზოგადოებაში ვერ გამოიწვია ის რეზონანსი, რომელსაც ელოდნენ. ეს რომ ასეა, დადასტურდა იმით, რომ თუ რა რაოდენობის ხალხი და ვინ მივიდა სასამართლოზე, ვინ მივიდა ტელეკომპანიის შენობასთან. შესაბამისად, მათ დასჭირდათ ახალი რამის მოფიქრება და ეს აღმოჩნდა ის, რაზეც სააკაშვილი ჩანაწერში საუბრობდა. იგი გვარამიასა და ბოკერიას უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ თავად მათ რამდენად აწყობდათ ასეთ სახიფათო თამაშში თავის გაყოფა, ეს უკვე სხვა საკითხია. 

არის კიდევ ერთი რამ. შეუძლებელია, სააკაშვილსაც არ სცოდნოდა, რომ არსებობდა ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მისი საუბარი გვარამიასთან და ბოკერიასთან, ვგულისხმოვ საუბრის შინაარს, ცნობილი გახდებოდა სპეცსამსახურებისთვის. შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ დაიწყო მან საუბარი მოვლენათა რევოლუციური გზით განვითარებაზე ტელეფონით? რევოლუციები ტელეფონით ხომ არ ხდება? რატომ არ გაითვალისწინა, რომ ბარიკადებზე, "ბოევიკებზე" საუბარი შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო არა მარტო მის, არამედ ბოკერიასა და გვარამიას წინააღმდეგ. ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ სწორედაც რომ გაითვალისწინა. ეტყობა, ჩაითვალა ასე, - თუ ხელისუფლება ამაზე ავარდებოდა, პირველ რიგში უნდა დაეპატიმრებინათ ბოკერია და გვარამია. ჩემი აზრით, ამ სატელეფონო საუბრებში ასეთი მცდელობა აშკარად ჩანს. ამას დასავლეთში სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ ძალიან მშვიდად იმოქმედა და ეს პროცესი წაიყვანა ისე, რომ ქვეყანას პრობლემები არ შეჰქმნია. თუმცა, ვფიქრობ, რომ "ნაციონალების" მხრიდან ხელისუფლების პროვოცირების მცდელობები მომავალი წლის არჩევნებამდე და არჩევნებზეც გაგრძელდება. 

- იურისტები ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, სასამართლომ უნდა მიიღოს თუ არა უკრაინულ მედიაში გავრცელებული ჩანაწერები მტკიცებულებად, მაგრამ როგორადაც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება, რომელსაც "ნაცმოძრაობა" უუნაროსა და უნიათოს ეძახდა, არც ისე უუნარო აღმოჩნდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილმა "ნაციონალები" პოლიტიკურად ისე გააშიშვლა, როგორც ცოცხლად გაპუტული ქათამი. მომხდართან დაკავშირებით ბევრი პარალელს ავლებს 2007 წელს "იმედში" განვითარებულ მოვლენებთან. პატარკაციშვილმა როგორც კი განაცხადა, რომ დაუპირისპირდა სააკაშვილს, მას ფარული ჩანაწერი გამოუმზეურეს. ახლაც იგივე მოხდა. მაშინაც და ახლაც საუბარი იყო იმაზე, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი. სააკაშვილი ბოლო ჩანაწერის გაკეთებაში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. თუმცა, 2007 წელსაც ბევრს საუბრობდნენ, რომ ე.წ. ჩანაწერი იმავე რუსების მონაწილეობის გარეშე არ განხორციელებულა, მაგრამ ამას მიღებულ შედეგზე არანაირად უმოქმედია. რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ პოლიტიკურ პროცესს შორის? 

- თავისთავად, პატარკაციშვილისა და ივანიშვილის მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში საინტერესო თემაა ნებისმიერი პოლიტიკური მკვლევარისთვის, ვისაც ამის დრო და საშუალება აქვს. ირივენი არიან საქართველოს მკვიდრები, ორივემ კაპიტალი დააგროვა რუსეთში, ორივე წამოვიდა იქედან და გახდა საქართველოში პოლიტიკური პროცესის მონაწილე. მიუხედავად ამისა, არა მგონია, რაიმე მსგავსება იყოს იმ პროცესებს შორის, რომელიც ეხება 2007 წელს "იმედში" და 2015 წელს "რუსთავი-2"-ში განვითარებულ პროცესებს. 

2007 წელს პოლიტიკური პროცესები სრულიად განსხვავდება დღევანდელისაგან. "ქართული ოცნება"დღეს ხელისუფლებაშია, 2007 წელს პატარკაციშვილი ოპოზიციაში გახლდათ. პატარკაციშვილმა კი განაცხადა, რომ სააკაშვილს დაუპირისპირდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არც პატარკაციშვილი და არც საზოგადოება ისეთ ვითარებაში არ იყვნენ, როგორც ეს იყო ივანიშვილის შემთხვევაში. როცა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში ჩაერთო, პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის კი არა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავდა, ვინაიდან მისი რეიტინგი დაბალი იყო. 2007 წელს როგორც "ნაცმოძრობა", ისე პოლიტიკური ოპოზიცია ძლიერები იყვნენ. შემდეგ ოთხ წელიწადში მოხდა მათი დასუსტება. თუ რაიმე მსგავსებაა ამ პროცესებს შორის, გახლავთ ის, რომ ორივე პროცესი მედიასაშუალებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ქმედებები არის ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული. "იმედში" მოხდა ძალადობრივი შეჭრა, რაც თვალნათელი იყო. ახლა საუბარია იმაზე, რომ "რუსთავი-2"-ში უნდა შეიცვალოს მესაკუთრე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებები. ამიტომ, პრობლემები სრულიად განსხვავებულია. პოლიტიკური პროცესიც, შესაბამისად. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გაცილებით უკეთ წაიყვანა საქმე, ვიდრე 2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ. ეს არის ის, რაც ამ პროცესებს მნიშვნელოვნად განასხვავებს. 

- სააკაშვილის მოქმედებებთან დაკავშირებით თქვენ სრულიად ლოგიკური მოსაზრებები გამოთქვით. ამ თემაზე გია ნოდიამ სოციალურ ქსელში ასეთი აზრი გამოთქვა - "სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" ძლიერი მხარეცაა და სისუსტეც. პარტიას იმიჯის განახლება სჭირდება. ამას კი ლიდერის გამოცვლა უნდა. პარტიას სხვა ქვეყნიდან ვერ მართავ. ლიდერის დეფიციტი პარტიას აშკარად ეტყობა". თქვენ როგორ შეაფასებდით გია ნოდიას ამ შეფასებას იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ გიას "ნაციონალების" მიმართ სიმპატიები რომ აქვს, არც არასოდეს დაუმალავს... 

- იგი, სწორედაც რომ როგორც "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი, იმას ლაპარაკობს, რაც აუცილებელია. "ნაცმოძრაობა" ვერ მოახდინა რებრედინგი. ძალიან გულწრფელად ვამბობ - მათ რომ 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ მოქმედების სხვაგვარი სტრატეგია აერჩიათ, არ დარჩენილიყვნენ ისეთივე აგრესიულები და შემტევი, როგორც დღეს არიან, მათი საქმე გაცილებით უკეთესად იქნებოდა. როცა "ნაცმოძრაობა" სიტყვის თავისფლებაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ნორმალურ ადამიანს უცებ "იმედი" ახსენდება და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, რადგან მათგან სიტყვის თავისუფლებაზე საუბარს ვერ მიიღებს. სამწუხაროდ, ასეთი თემები ძალიან ბევრია და მათ ეს თემები ჰქონდათ გასააზრებელი და სტრატეგიაც შესაბამისად ასაგები, მაგრამ Mმათ ამის გაკეთება არ მოისურვეს. 

საინტერესო აქ სხვა რამაა. რატომ ვერ ახერხებს "ნაცმოძრაობა" სააკაშვილისაგან გათავისუფლებას? ვფიქრობ, "ნაციონალები" ლიდერის პრობლემას როგორმე მოაგვარებდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უფრო არა ლიდერის, არამედ ფინანსების პრობლემაა, ანუ იმის, თუ ვინ განაგებს მათ ფინანსებს. ვფიქრობ, ისინი სააკაშვილს ვერ იშორებენ. ბატონი გია სწორ დასკვნას აკეთებს. არა მგონია, რომ სააკაშვილი დღეს "ნაციონალების" ძლიერი მხარე იყოს, მაგრამ სუსტი და დამაბრკოლებელი რომ არის, სულ უფრო ცხადი ხდება. მაგრამ, ახლა უკვე საკმაოდ გვიანაა რაიმეს შეცვლა. ამიტომაც ვფიქრობ - "ნაციონალები" არჩევნებამდე დარჩენილ ეტაპს ისევ ჩვეულ სტილში და უკვე განსაზღული სტრატეგიით გააგრძელებენ. მხედველობაში მაქვს ხელისუფლების რამენაირად პროვოცირება და იმის მიღწევა, რომ მან "ნაციონალების" წინააღმდეგ უხეში ძალა გამოიყენოს.

- მომხდარზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც გააკეთეს სპეციალური განცხადებები. პრეზიდენტმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრემიერმა სიმშვიდისკენ კი მოუწოდა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ დღევანდელი ქართული სახელმწიფო ძლიერია, როგორც არასდროს და სამართალდამცავებს ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ძალისხმევის მაქსიმალურად მობილიზებისაკენ მოუწოდა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, პრემიერის განცხადებებში აშკარად მოხდა რიტორიკის მკვეთრი ცვლილება და მასში გაჩნდა ტოლერანტული პასაჟები. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ან ივანიშვილის გავლენაა ან დასავლეთიდან მიღებული "ყვითელი ბარათის" გამოძახილი. როგორადაც არ უნდა იყოს, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხრდარზე ხელისუფლების პირველი პირების რეაქციას, განცხადებებსა და ქმედებებს? 

- დაახლოებით ორი კვირის წინ ორივე მათგანმა გააკეთა განცხადება. ღარიბაშვილი ლაპარაკობდა ხისტი პოლიტიკის გატარებაზე, პრეზიდენტი ამბობდა, რომ სასამართლომ ზომიერება უნდა გამოიჩინოს. ცხადია, ორივეს განცხადება პრობლემარტური იყო. ახლა მიხარია, რომ ორივემ ძალიან მოზომილი და სწორი განცხადებები გააკეთა. პოლიტიკური ფიგურის განცხადება გაცილებით მოზომილი უნდა იყოს, ვიდრე ნებსიმიერი ექსპერტის. პოლიტიკური ფიგურის უკან სახელმწიფო დგას, ხოლო ექსპერტის უკან დგას მხოლოდ მისი ღირსება, ავტორიტეტი, რაც შეიძლება პიროვნებისთვის იყოს პრობლემა, მაგრამ არა ქვეყნისთვის. არა მგონია ღარიბაშვილის განცხადებაზე ივანიშვილის რეაქციას ემოქმედა. საზოგადოებაშიც იყო ამაზე მსჯელობა და ძალიან კარგია, რომ ორივეს მხრიდან მოზომილი განცხადებები გაკეთდა. 

- იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრომ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაიწყო. სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა - "სააკაშვილს ვერ შეუნარჩუნდება ის, რასაც კონსტიტუცია კრძალავს. თავის მხრივ სააკაშვილმა ბრძანა - "რამდენჯერ უნდა წამოვეგოთ რუსული სპეცსამსახურებს"... "მოქალაქეობის ჩამორთმევით ივანიშვილი არჩევნებისკენ გზას მიკეტს"... ამ ისტორიაში უცნაური სხვა რამაა, ეს ჩანაწერი რომ არ ყოფილიყო, ოდესის გუბერნატორის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი დღოს წესრიგში არ დადგებოდა? 

- ეს საკითხი დღის წესრიგში კონსტიტუციიდან გამომდინარე თავიდანვე ავომატურად დადგა, როგორც კი სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება ამის შესახებ საჯარო სივრცეში გაკეთდა, მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებას განცხადების საფუძველზე ვერ მიიღებდა. მაშინვე თქვა იუსტიციის მინისტრმა, რომ ამას სჭირდება პროცედურები. ანუ, უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან დასტური, რომ სააკაშვილმა მართლაც მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. როგორც წულუკიანმა თქვა, ეს დასტური თბილისში უკვე მიღებულია და შესაბამისად პროცესი დაიწყო. 

განცხადებები, რომ სააკაშვილს ვინმე ქართულ პოლიტიკაში გზას უკეტავს, პიარია და მეტი არაფერი. პიარია თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ივანიშვილთან პარალელის გავლება. ივანიშვილთან მიმართებაში ის კი არ იყო მთავარი, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, არამედ ის, თუ რატომ ჩამოართვეს მას საქართველოს მოქალაქეობა. მისი ორმაგი მოქალქეობა წინა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მონაწილეობა მოისურვა. 

- ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლება ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან არასაკმარისად მუშაობს. კერძოდ, რატომ არ მიეწოდათ ჩანაწერების მასალები იგივე ევროპის სახალხო პარტიას, ევროსაბჭოს, დიპკორპუსს? 

- არ ვიცი, მიეწოდათ, თუ არ მიეწოდათ. ამაზე ხმამაღალი განცხადება არავის გაუკეთებია. ჩემი აზრით, ამ ჩანაწერებზე მაინც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ და გვარამიამ მათი ავთენტურობა აღიარეს. სულაც არაა გამორიცხული, რომ მათ ეს აღიარება გადათქვან. როდესაც ძიება ექსპერტიზას ჩაატარებს, ამის შემდეგ მისი შედეგები ყველა ჩვენ პარტნიორს, ევროსაბჭოს, დიპკორპუსს და იგივე ევროპის სახალხო პარტიას უნდა მიეწოდოს. მე ვუერთდები ამ საკითხის დამსმელებს, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს მიერ ნახსენებ ყველა ჩვენს პარტნიორს, მომხდარის შესახებ ამომწურავი ზეპირი ინფორმაცია მიეწოდათ. 

- როგორადაც არ უნდა დასრულდეს "რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესი, უკვე აშკარაა, რომ სხვა მომხდარი პროცესების ფონზე შიდა პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენი აზრით, უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები რა გავლენას მოახდენს შიდა პოლიტიკაზე, სხვადასხვა, დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიებს შორის არსებულ ძალთა ბალანსზე? 

- არ ვთვლი, რომ მომხდარი პოლიტიკურ პარტიებზე დიდ გავლენას მოახდენს. თუ ვინმე ფიქრობდა "ნაცმოძრაობასთან" ერთად ალიანსის გაკეთებას, ვფიქრობ, რომ ისინი ახლა თავს მეტად შეიკავებენ. ძალთა განლაგებასა და პარტიებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება ჩემი აზრით, ჯერჯერობით იგივეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ "ნაცმოძრაობამ" თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო. თუმცა, ახლა "ნაციონალები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაწყებული პროცესები ისე განვითარდეს, რომ ხელისუფლება მათი მხრიდან პროვოკაციის მცდელობას წამოეგოს. 

- შუალედული მაჟორიტარული არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებში "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა. ხმაური მოყვა საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ერთამენთის კონკურენტები იყვნენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი და "ქართული ოცნების" კანდიდატი თამარ ხიდაშელი? თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს და სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს მისი შედეგები შიდა პოლიტიკაზე? 

- ვფიქრობ, ყველაფერი ჩაჯდა იმ ჩაერჩოებში, რაც საქართველოში არჩევნების ჩატარების ტრადიციაშია. ყველა ხელისუფლების პირობებში შუალედურ არჩევნებში მმართველ პარტიას სხვადასხვა მიზეზთა გამო კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ შუალედურ არჩენებზე საკმაოდ დაბალია აქტიურობა. არჩევნებში გამარჩვებით დაინტერესებულია ხელისუფლება, რომლის კანდიდატიც ტრადიციულად მონაწილობს და აქტიურობენ არჩევნებში მონაწილე კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერები. ანუ, კონკურენციაა ხელისუფლების პარტიულ აქტივსა და ოპოზიციური კანდიდატის პარტიულ აქტივს შორის. 

ისიც ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ რაიონში ძლიერი პოლიტიკური აქტივი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციას. შესაბამისად, მე არც მახსოვს შემთხვევა, რომ შუალედურ არჩევნებში რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს მოეგოს. ოპოზიციისთვის ამგვარ არჩევნებში მონაწილეობა საკუთარი ძალების მოსინჯვას ემსახურება. როცა ამ არჩევნებს ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მე მაშინაც ვთქვი, რომ ბოიკოტის მიზეზი გახლავთ ის, რომ მათ არჩევნების მოგების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ. ასეც მოხდა. ამიტომ, მომხდარში ტრაგედიას ვერც "პატრიოტთა ალიანსის" და ვერც "ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ვხედავ. 

სხვა საკითხია, რომ ამ არჩევნებს მასში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სჭირდება სიღრმისეული ანალიზი. ანალიზი, რომელიც მიმართული იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსიკენ და არა არა ახლა ჩატარებული არჩევნებისკენ. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე არაფერი ექსტრაორდინალური არ მომხდარა და ასეც უნდა ყოფილიყო. ერთადერთი რაც შეიძლება მომხდარიყო იყო ის, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი წააგებდა, თუ "რესპუბლიკელ" თამარ ხიდაშელს "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი მხარს არ დაუჭერდა. ასეთი რამ კი არ მომხდარა. 


უკან დაბრუნება