ივერიონი / პაატა სალია: ეს არის კიდევ ერთი აბსურდი, რასაც ამ პროცესზე ხშირად ვისმენ

პაატა სალია: ეს არის კიდევ ერთი აბსურდი, რასაც ამ პროცესზე ხშირად ვისმენ

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც "რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა დაუყოვნებელი აღსრულების ნორმის მოქმედება, კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. მისი თქმით, სასამართლოს მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე მათ მხარეს არ დაუყენებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაში მიქცევის საკითხი.

 

"გასაგებია, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება. დამერწმუნებით, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვიყენებია და არ გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების გზით წასვლას. სხვათაშორის, ეს იდეა მოგვაწოდეს თავად "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა, როცა გახმაურდა,  რომ თითქოს ვაპირებდით დაუყოვნებლი აღსრულებას, თითქოს ვიღაცა აპირებდა "სპეცნაზით"  შესვლას "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთი აბსურდი, რასაც ამ პროცესზე ხშირად ვისმენ. ასეთი რამ ჩვენ სასამართლოში არ დაგვიყენებია, არ მოგვითხოვია დაუყოვნებლივი აღსრულება.

 

ჩვენი ოპონენტების პრაქტიკულად ყველა განცხადება არის მორიგი დასტური იმისა, რომ იურიდიული დაცვის ნაცვლად, ისინი თავდაუზოგავად ცდილობენ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას. ამის დასტურია ისიც, რომ მათ მიერ პერმანენტულ რეჟიმში დაყენებულ შუამდგომლებებს სათანადო მტკიცებულებები უბრალოდ არ გააჩნია.

 

ისიც ფაქტია, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებაზე სწორედ "რუსთავი 2"-ის ადვოკატები საუბრობდნენ და მათვე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციოში", - აღნიშნა პაატა სალიამ.

 

2-11-2015, 16:55
უკან დაბრუნება