ივერიონი / ნინო გვენეტაძე: სასამართლო რეფორმების გატარება არ აღმოჩნდა იოლი პროცესი

ნინო გვენეტაძე: სასამართლო რეფორმების გატარება არ აღმოჩნდა იოლი პროცესი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით სასამართლო სისტემაში  გატარებული რეფორმების განხორციელება იოლი არ აღმოჩნდა.

 

"სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა არ აღმოჩნდა იოლი პროცესი. რეფორმის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი მოსამართლეთა წინააღმდეგობაა. სასამართლოში არსებული პრობლემები მე საკანონმდებლო წინადადებების სახით დავაფიქსირე. ადამიანის ჩარევის გარეშე, საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი განაწილების სისტემის ამოქმედება, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კუთხით, ბევრ კითხვის ნიშანს მოხსნიდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებაც... მაგრამ საქმის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ შეჩერდა, რაც იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებს შეხვდა და მათი პოზიციები მოისმინა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე ახალი სისტემების ასამოქმედებლად მზად არ არის. ქალბატონმა თეამ მოსამართლეთა ბევრი პოზიცია გაიზიარა. იმ სხდომაზე დასწრების სურვილი მქონდა, მაგრამ მიწვეული არ ვიყავი. მას შემდეგ შევხვდი მინისტრს და დავაფიქსირე პოზიცია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გარდაუვალია. გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით, თუმცა, არ ვიცი, რა ბედი ელის კანონპროექტს და როგორ განვითარდება მოვლენები." - განაცხადა ნინო გვენეტაძემ გადაცემაში "2030".  

 

10-11-2015, 11:52
უკან დაბრუნება