ივერიონი / გია მეფარიშვილი: არავითარ სამართლებრივ ომს ჯერჯერობით ვერ ვხედავ!

გია მეფარიშვილი: არავითარ სამართლებრივ ომს ჯერჯერობით ვერ ვხედავ!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია მეფარიშვილი.

 

-ბატონო გია, გუშინ „ივერიონში“ სტუმრობისას ცნობილმა იურისტმა, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში ე.წ. „სასამართლოების ომი“ დაიწყო. მხედველობაში ჰქონდა ის გარემოება, რომ, როცა საერთო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოყვება  გადაწყვეტილების მყისიერი გაუქმება.

 

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველო ამოვარდნილია სამართლებრივი სივრციდან?

- ასე პირდაპირ შეფასების მიცემა გამიჭირდება, იმიტომ, რომ ქალბატონ ლიას ეს განცხადება არ მომისმენია.

 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ: მე პირადად  არავითარ სამართლებრივ ომს მე ვერ ვხედავ და არც საქართველოს ამოვარდნას ვაფიქსირებ სამართლებრივი სივრციდან.

 

საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ამ შემთხვევაში მას ევალება ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გარკვევა და სხვა უფლებემოსილებები გააჩნია, რომელიც კონსტიტუციითაა განპირობებული. საერთო იურისდიქციის სასამართლოები ახორციელებენ მართლმსაჯულებას, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოს საქმიანობას. მათი საქმიანობა არ იკვეთება ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა, მაგრამ როგორ უნდა გააუქმოს საერთო იურისდიქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? მე გამოვრიცხავ, რადგან კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს.

 

მაგალითად, თუ გერმანიაში გადავალთ, იქ არის შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც მიიღებს საერთო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებად, გერმანული კონსტიტუციის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს. ჩვენი კანონმდებლობა ჯერ ამას არ ითვალისწინებს და მგონია არც აპირებს ამის გაკეთებას.

 

ამ განცხადებაში ალბათ სხვა რამეზე უფრო იქნება საუბარი - ეს არის პოლიტიზაციის მომენტის გაჩენა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში და ალბათ ქალბატონ ლიას ეს ჰქონდა მხედველობაში. მე არ ვიცი, არ მომისმენია და შესაბამისად ვერ ვაკეთებ ამაზე კომენტარს. თუმცა, რაღაც  ასეთ ცდომილებასთან  ნამდვილად გვაქვს საქმე. თუმცა, ეს არ არის დიდი უბედურება და შეიძლება დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს.

 

 

ვნახოთ. დავაკვირდეთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს!

 

        ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

 

12-11-2015, 11:36
უკან დაბრუნება