ივერიონი / რატომ გადაემტერა მიხეილ თავხელიძე ბიძინა ივანიშვილს?!

რატომ გადაემტერა მიხეილ თავხელიძე ბიძინა ივანიშვილს?!

ექსპერტი მიხეილ თავხელიძე "ივერიონთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ პოლიტიკაში "ამხელს". როგორც მიხეილ თავხელიძე აცხადებს, ივანიშვილს ნატო არ უნდა, უბრალოდ, ის ამას ხმამაღლა ვერ ამბობს დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გამო. ამას მოწმობს მისი რევანშისტული პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი 2 ოქტომბრის შემდეგ ახორციელებს.


"მიმაჩნია, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას _ ვგულისხმობ გენშტაბის მიმართებაში ჩადენილ მოქმედებას. სწორედ ამგვარმა პოლიტიკამ აღაშფოთა დასავლეთის ლიდერები და ამიტომაც გაკეთდა მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო განცხადებები", - აცხადებს მიხეილ თავხელიძე.


მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემებს ხელოვნურად ქმნის (სხვისი დახმარებით), რადგან, შემდეგ განაცხადოს: აი, ამის ბრალია და ამიტომაც მოგვეჭრა გზა ნატოსთან ურთიერთობაშიო. "მან უკვე დააპატიმრა ის ადამიანები, ვინც, მისი აზრით, ზიანი მიაყენეს მოსმენებით თუ სხვადასხვა გზებით. ახლა ჯერი გიგი უგულავაზე მიდგა, რადგან მერმა ხმამაღლა მოითხოვა ის, რაც უნდა მოეთხოვა და მთავრობის სხდომაზე ამიტომაც მივიდა. როგორც ჩანს, ამას ვერ პატიობს საქართველოს "ბიუჯეტის დირექტორი - "ბიძინა ივანიშვილი".


თავხელიძე ივანიშვილს "ამხელს" და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიბრუნა ის მილიონები, რომელიც მას სასამართლომ  ჯარიმის სახით წინასაარჩევნო პერიოდში დააკისრა. ამით სწორედ ის ყბადაღებული 133 მუხლი დაარღვია, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.


"მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთელ მის "მეოცნებეებს", ისინი არიან არჩევნებში 32 პროცენტით მოსული უმრავლესობა და მათი რევანშისტული პოლიტიკა, რომელსაც 2 ოქტომბრიდან ახორციელებენ,  მათთვისვეა დამღუპველი", _აღნიშნავს მიხეილ თავხელიძე.  

 

ვალერი ვახანია

21-11-2012, 14:41
უკან დაბრუნება