ივერიონი / ნანა ხურითი: „ნაციონალების“ მომხრეებს და მათ „გამპრავებლებს“ ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა!

ნანა ხურითი: „ნაციონალების“ მომხრეებს და მათ „გამპრავებლებს“ ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა!

“ივერიონს“ ესაუბრება მსახიობი ნანა ხურითი

 

- პაატა ბურჭულაძემ 30 ოქტომბერს ფონდი “პაატა ბურჭულაძე საქართველოს გაერთიანებისთვის“ შექმნა. მასში გაერთიანებულნი არიან ქართველი ბიზნესმენები: ირაკლი გურჩიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ივანე მაჭავარიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი და სხვები. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ფონდი პოლიტიკური პარტიის დაარსების წინაპირობა?

 

-არ არის გამორიცხული, ეს ფონდი მართლაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის შექმნილიყო. 

 

დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი საქმე ჯერ კიდევ მოუგვარებელი აქვს. მაგალითად, წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი აქტიურად უნდა დაიწყოს (წართმეულ მანქანებსაც გულისხმობ), თუმცა, როგორც ჩანს და ამბობენ ხოლმე,  სამართლიანობის აღდგენის პროცესი  “შერჩევით“ უკვე დაწყებულია. იმედი მაქვს,  2016 წლამდე კიდევ ბევრი დაზარალებული ადამიანის საქმის განხილვა დაიწყება სასამართლოებში  და ისინი  დაიბრუნებენ ჯერ ღირსებას და შემდეგ ქონებას...(თუმცა ვერანაირი ქონება ვერ გადაფარვს იმ ძალადობას, რაც ხდებოდა მაშინ ). ასრულებს დღევანდელი სასამართლო  ამ პირობას? სამწუხაროდ, არა!

 

 - ეთანხმებით თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და ასრულებს თუ არა ეს ტელევიზია წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას? 

 

-ჩემი აზრით, “რუსთავი 2“  უფრო დიდი  “ნაციონალური მოძრაობაა“,  ვიდრე თავად “ნაციონალები“ არიან!

 

-“პატრიოტული ალიანსის “ ლიდერები რამდენიმე დღეა შიმშილობენ რესპუბლიკელი მინისტრების პოსტიდან გადადგომის, საგარეჯოს არჩვენების შედეგების გაუქმებისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნით. ხელისუფლებას მათ მიმართ ინტერესი არსებითად არ გამოუხატავს. თქვენი აზრით, როგორ უნდა იქცეოდეს მთავრობა და სამართლიანია თუ არა ინაშვილის მოთხოვნები? 

 

- შიმშილობენ და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ხვალ ნამდვილად მივალ მათთან  და მოვიკითხავ.  ისე, მე რამდენადაც ვიცი და მახსოვს,  ამ საარჩევნო კოდექსის შეცვლას თვითონ კოალიცია ”ქართული ოცნებაც ”ითხოვდა... ერთს ვიტყვი მხოლოდ, როდესაც ლევან თედიაშვილი, ლეგენდარული ადამიანი,  შიმშილობს (არ აქვს მნიშვნელობა,  რატომ), უნდა მიხვიდე, მიაკითხო და დაელაპარაკო . ამ შემთხვევაში ის არგუმენტი, რომ მაშინ ყველა დაიწყებს შიმშილობასო, არ გამოვადგება, რადგან ლევან თედიშვილი ყველა არ არის, ეს ჩემი მოკრძალებული რჩევაა ხელისუფლებისადმი. ირმა ინაშვილის  მოთხოვნა, რა თქმა უნდა,  სამართლიანია, ის კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ სცდება. 

 

ერთსაც ვიტყვი,  იმ ქალბატონ ხიდაშელს  ვინმე იცნობდა საგარეჯოში? მე, მაგალითად,  არ ვიცნობდი. ინაშვილს უფლება აქვს არჩევნების სამართლიანობაში დაეჭვდეს.

 

-თქვენ, როგორც 2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და შემდეგ მისგან უსამართლოდ “უგულებელყოფილი“, აპირებთ თუ არა 2016 წლის პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმას და “ქართული ოცნების“ მხარდაჭერას?

 

მე  ახლაც ”ქართულ ოცნებას” ვუჭერ მხარს, ოღონდ  ჩემს ”ქართულ ოცნებას”,  სადაც ჩემი, თქვენი და   ყველას ოჯახების კარგად ყოფნა ამისრულდება...

 

მე არ ვარ “ქართული ოცნებისგან“  ”უგულებელყოფილი”, მე პროფესიით მსახიობი ვარ და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას თუმცა მისგან უგულებელყოფილნი ბევრნი არიან და ამაზე მწყდება გული. ამ მოძრაობამ ბევრი ერთგული მეგობარი შემძინა, რომლებსაც რატომღაც ვერ ამჩნევენ... ჩემი მეგობრები - ”ქართული ოცნების“ წევრები, აქტივისტები დაუსაქმებელია,  ძველი ხელისუფლების მომხრეებს და მათ  “გამპრავებლებს“ კი სასათბურე პირობები შეუქმნეს, რაც ძალიან არ მომწონს და, სადაც მიმიწვდება ხმა,  ყველგან ამას ვამბობ. ისე, 2012 წელს მე  ჩემი წილი ”საქართველო”  “დავიცავი“, როგორც უწმინდესმა მოგვიწოდა...

 

                          ესაუბრა ია ჯღარკავა

 

14-11-2015, 11:27
უკან დაბრუნება