ივერიონი / დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია): ყველა რელიგია უნდა გაერთიანდეს და დაგმოს ეს საშინელება!

დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია): ყველა რელიგია უნდა გაერთიანდეს და დაგმოს ეს საშინელება!

„ივერიონს“ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია).

 

- მსოფლიო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტმა, რომელიც შეიძლება სხვა სახელმწიფოებსაც გადაედოს, ამ მხრივ დაზღვეული არც საქართველოა. საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები, ვინ კვებავს მას და როგორ შეიძლება მისი შეჩერება? 

 

- საფრანგეთის ბოლო დროინდელი მოვლენები პლანეტარული ტრაგედიაა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დაუსრულებელ ბოროტებას ვერავინ აკავებს და შეიძლება მსგავსი უბედურების მსხვერპლი ხვალ ჩვენც ვიყოთ. 

 

თანამედროვე მსოფლიოში აშკარად შეიმჩნევა ისლამოფობია. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ იგი ყველაზე მზარდი რელიგიაა პლანეტაზე. ხშირად ისლამი იგივდება ძალადობასთან, შეუწყნარებლობასთან, ანტიკულტურულ მისწრაფებებთან. ამ ტენდენციას ხელი შეუწყო უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოში მომრავლებულმა ტერორისტულმა აქტებმა, რომელთა დიდი ნაწილი ფანატიკური ისლამური დაჯგუფებების მიერ რელიგიური კუთხით განხორციელდა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესული მაჰმადიანი თეოლოგები უარყოფენ ისლამისა და ტერორიზმის შეხამების ნებისმიერ მცდელობას, ტერორიზმი არცთუ იშვიათად განიხილება „ისლამურ“ პრობლემად. 

 

„ტერორი“ შიშს, ხოლო „ტერორიზმი“ - დაშინებას ნიშნავს. ოქსფორდის განმარტებით ლექსიკონში ტერორიზმი გაგებულია, როგორც „მმართველობა დაშინების გზით“ (Governance by intimidation). ამის საწინააღმდეგოდ, დღეს ტერორიზმს მმართველთა დაშინების აზრით უფრო ხმარობენ. 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად გამოყენებული განსაზღვრების თანახმად, ტერორიზმი არის „სუბნაციონალური ჯგუფების ან ფარული აგენტების მიერ წინასწარ მოტივირებული ძალადობა, რომელიც „ფართო აუდიტორიაზე“ ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად“. ყველაზე მოკლე განსაზღვრება ტერორიზმის ცნობილ მკვლევარს - ა. შმიდს - ეკუთვნის: „ტერორიზმის აქტი = ომის დანაშაულის მშვიდობისდროინდელი ექვივალენტი“. ამ ავტორის მონოგრაფიაში ტერორიზმის სულ ცოტა 109 ვარიანტია მოცემული, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოითქვა. ეს მეტყველებს ტერორიზმის ფენომენის სირთულესა და მრავალწახნაგოვნობაზე. ყველაზე ვრცელი ბოლოდროინდელი გამოკვლევა, რომელიც გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებას მიმოიხილავს, 1866-გვერდიან სამტომეულს წარმოადგენს. ტერორიზმის განვითარების ბოლო ეტაპებს ის შემაშფოთებელი თავისებურებები ახასიათებს, რომ გავრცელდა ე.წ. თვითმკვლელობითი ტერორიზმი, რომლის დროსაც მიზანი მიღწეულია მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ სამიზნესთან ერთად ტერაქტის შემსრულებელიც - ე.წ. „შაჰიდი“ იღუპება. 

 

დღეს ტერორიზმის პრობლემა ვერ აიხსნება მხოლოდ ს. ჰანტინგტონის ცნობილი კონცეფციით ცივილიზაციათა შეჯახებაზე. ტერორიზმს უძველესი ისტორია აქვს, თუმცა ის, როგორც სოციალური პრობლემა, მხოლოდ XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში პოულობს ქრესტომათიულ ფორმასა და გაცნობიერებას. 

 

ტერორიზმი განსაკუთრებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში პიკს მიაღწია, რის გამოც მას „შავ ჭირს“ ადარებენ და ჩვენი საუკუნის ნომერ პირველ პრობლემად ჩამოყალიბებას უწინასწარმეტყველებენ. ტერორიზმი შესაფერისი მენტალიტეტის მქონე სოციუმის გარეშე ვერ იარსებებდა. მისი ერთ-ერთი ეთნოტრადიციული ძირი  სისხლის აღების ადათია, ე.წ. ვენდეტა. ისლამურ სამყაროში არსებული ფანატიკური წრეები ცდილობდნენ წმინდა წიგნებსა და სწავლებებში მოეძებნათ არამუსლიმანთა წინააღმდეგ ნებისმიერი ბრძოლის გამართლება. ტერორისტული ცნობიერების მომზადებას ხელს უწყობდა რელიგიური სტერეოტიპები, კულტურული იზოლაცია და ქსენოფობია. ტერორიზმის მასაზრდოებელ გარემოს დღესაც ისეთი საზოგადოებები წარმოადგენს, სადაც „ჩვენ“ და „ისინი“ გამიჯნულია სტერეოტიპული ბარიერებით, ჭარბობს ეთნონაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, არაა გაცნობიერებული ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები. 

 

XXI საუკუნისთვის ტერორიზმის მასაზრდოებელი ფაქტორები უმთავრესად გეოპოლიტიკური და სოციალური ხასიათისაა და მათ გვერდით რელიგიური ფაქტორის სახით გვევლინება ის, რაც სინამდვილეში რელიგიურ ფანატიზმსა და საზოგადოებისთვის მისი იდეოლოგიის სახით თავზე მოხვევას წარმოადგენს. მსოფლიოს არც ერთი რელიგია არ ქადაგებს, მით უმეტეს - არ ამართლებს არასაომარ ვითარებაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ ძალადობას. ახლო აღმოსავლეთში „ჰამასის“, „ჰესბოლას“ და სხვა დაჯგუფებების ქმედებანი ვერ აიხსნება მხოლოდ მუსლიმთა რელიგიური ომის - „ჯიჰადის“ - ფარგლებში: აქ საქმე უფრო რელიგიური ფაქტორის გამოყენებას ეხება. არსებული დაპირისპირება დღემდე გადაუჭრელი ეთნოტერიტორიული რეგიონული კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია, სადაც რელიგიური მხარე მნიშვნელოვან, მაგრამ არა გადამწყვეტ როლს თამაშობს!

 

-ამერიკა-ევროპა ფიქრობს, რომ ტერორიზმს რუსეთის გარეშე ვერ გაუმკლავდება. ეს სიტუაცია რამდენად შეიძლება მომგებიანი გახდეს რუსეთისთვის?

 

არ მაინტერესებს, ვისთვის რა არის მომგებიანი. მთავარია, ეს ბოროტება სამუდამოდ შეჩერდეს. ზოგჯერ მგონია, არ აინტერესებთ ამ ტრაგედიის დამთავრება...

 

- ტერორიზმისგან გადარჩენის რა შანსი აქვს საქართველოს?

 

მთავარი სხვა რამეა. თუ მთელი პლანეტა ტერორიზმში იქნა გახვეული, შეიძლება საქართველოს არ შეეხოს, მაგრამ მე შემეხება- მე ვერ ვიქნები მშვიდად, როცა უდანაშაულო ადამიანები უსამართლოდ კვდებიან... 

 

ყველა დამნაშავეა ამ ფაქტის წინაშე - ვინც გინდა იყოს, ქრისტიანი, მუსლიმი, კათოლიკე, ყველა ღვთისგან გაჩენილია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ... სირიელი ბავშვის სიტყვები მახსენდება სიკვდილის წინ-,,თქვენზე უფალს ყველაფერს მოვუყვები, იცოდეთ"- ნეტა მართლა უთხრას და უფალმა მაინც შეაჩეროს ეს სიძულვილი...

 

 -რას ფიქრობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. მისი აზრით, მოსალოდნელია თუ არა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც რელიგიური ნიშნით დაიწყება?

არც ერთი რელიგია არ ქადაგებს ძალადობას, სიძულვილს, აგრესიას. იმას, რაც დღეს ხდება, არც ერთ რელიგიასთან არ გააჩნია საერთო...თუმცა, ყველა რელიგიური მიმდინარეობა უნდა გაერთიანდეს და ერთად დაგმოს ეს ფაქტი... გაჩუმებაც უკვე თანამონაწილეობას ნიშნავს... ახლა დროა, ყველა ახმაურდეს და დამთავრდეს ვანდალიზმი...

 

                   ესაუბრა ია ჯღარკავა

 

16-11-2015, 10:35
უკან დაბრუნება