ივერიონი / პაატა შავაძე: თუ მე გავხდები მთავარი პროკურორი, ვერავინ იტყვის, რომ პროკურატურა ხელისუფლების პოლიტიკური იარაღია!

პაატა შავაძე: თუ მე გავხდები მთავარი პროკურორი, ვერავინ იტყვის, რომ პროკურატურა ხელისუფლების პოლიტიკური იარაღია!

 

„ივერიონს“ პროკურატურის სისტემაში არსებულ პრობლემებზე და რეფორმის აუცილებლობაზე, საქართველოს მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი, იურისტი, პაატა შავაძე ესაუბრა.

 

მინი დოსიე: პაატა შავაძე

 

დაიბადა 1971 წლის 21 აგვისტოს ქუთაისში, ექიმების ოჯახში. მამა ალექსანდრე შავაძე, ექიმი და საზოგადო მოღვაწე იყო. დედა, ექიმი-პედიატრია.

 

 

ჰყავს მეუღლე ნათია ბურჭულაია, რომელიც პროფესიით იურისტია და  ერთი ვაჟიშვილი ნიკა შავაძე.

 

პროფესიით იურისტია. ამჟამად საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარეა. წლების მანძილზე ეწევა საადვოკატო საქმიანობას. არის სამართლის დოქტორი, პროფესორი.  20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

-ბატონო პაატა, „ივერიონის“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე თქვენ განაცხადეთ, რომ მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, პროკურატურა ღია, გამჭვირვალე და საჯარო უწყება იქნება.

 

გამოდის, რომ დღეს პროკურატურის სისტემაში სერიოზული პრობლემებია... როგორ აპირებთ გახადოთ პროკურატურა ღია და გამჭვირვალე, თუ ამისთვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იქნება?!

 

-დიახ, არ მომწონს პროკურატურა, რომელიც დღეს გვაქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასაც არ მოსწონს. შესაბამისად, პროკურატურა უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სამსახურში მდგარი უწყება. ფარცხალაძე, როცა მოვიდა საქართველოს მთავარ პროკურორად, მან ფაქტიურად ჩაკეტა უწყება, და გახადა ეს ერთგვარი ბომონი - დაისადგურა სიბნელემ და სიჩუმემ... მე მაგონდება ის საშინელი პერიოდი, როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო ადეიშვილი - ჩვენ არ გვინდა და აღარ გვექნება ადეიშვილის პროკურატურა!

 

ამიტომ, უწყების ღიაობა და გამჭვირვალობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ის ჩატეხილი ხიდი, რაც  დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს, აუცილებლად უნდა გამთელდეს! მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში ჩემგან გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ აუცილებლად შევქმნი ისეთ პრაქტიკას, როცა   მოქალაქეებთან ურთიერთობა იქნება თავისუფალი. ყველა მოქალაქე, ვისაც საქმის დაჩქარების გამო სურვილი ექნება შეხვდეს საქრთველოს მთავარ პროკურორს, მე აუცილებლად შევხვდები პირადად. ამჟამინდელი პრაქტიკით კი მთავარ პროკურორთან შეხვედრა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

 

რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ დღეს თვით პროკურატურაა მოუქნელი. როდესაც ხელმძღვანელობაში მოვლენ ღირსეული ადამიანები, ცხადია, პოლიტიკური ნებაც განხორციელდება!

 

-სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, თქვენ საკუთარი გუნდიც დაასახელეთ ვისთან ერთადაც მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში აპირებთ სისტემაში ძირეული რეფორმა განახორციელოთ. ასევე, ყურადღებას ამახვილებთ საკუთარი გუნდის უმწიკლო რეპუტაციაზე, მათ პროფესიონალიზმზე და პოლიტიკურ წარსულზე. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით საკმაოდ ხმამაღალი და გაბედული განცხდებაა...

 

-როდესაც მე ამდენ ადამიანზე, პროგრამებზე და პროექტებზე ვსაუბრობ, ცხადია, გაჩნდება კითხვა იმაზე, თუ ვინ ჰყავს პაატა შავაძეს გვერდით, ვისი დახმარებით აპირებს ამ იდეების განხორციელებას - იმათი, ვინც იქ ელოდება?

 

მე ვამბობ, არა! მე გავბედე და წარვადგინე ჩემი გუნდი, ეს არის ჩემი გუნდი, პატიოსანი, გამორჩეული ადამიანები - მათზე არ არსებობს კითხვის ნიშნები. მე გარშემო შემოვიკრიბე ადამიანები, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ ხალხთან და არ ჩაიკეტნონ კაბინეტებში...

 

იმასაც გეტყვით, რომ მე ახლა გაცილებით მეტი შემოსავალი მაქვს, ვიდრე მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში მექნება, მაგრამ ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამ, რომ მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალი, და მინდა ის გავაკეთო, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში...

 

-ასევე საკმაოდ თამამი და ანგარიშგასაწევია თქვენი განცხადება, რომ თქვენი ხელმძღვანელობით პროკურატურა მიუკერძოებელი გახდება და საგამოძიებო უწყება დაკარგავს ხელისუფლების პოლიტიკური იარაღის ფუნქციას.

 

ეს სწორედ ის დაკვეთაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა...

 

-დიახ,სწორედ ეს არის  ჩემი მოღვაწეობის ძირითადი სლოგანი. ვერავინ ვერ უნდა თქვას, რომ პროკურატურა ხელისუფლების იარაღია. თუკი გარედან ეს ხმები გავრცელდება, მაშინ მე იქ არაფერი არ მესაქმება. ამიტომაც, მე პირობა დავდევი, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ყოველგვარი მითქმა-მოთქმა და ყოველგვარი კითხვის ნიშნები პროკურატურასთან მიმართებაში აღარ იარსებებს!

 

უნდა შეიქმნას სრულიად ახალი უწყება, გადახარისხდეს კადრები შინაარსობრივად და თვისობრივადაც და დაიწყოს მოქმედება ახალი შემართებით. პროკურატურა უნდა იყოს  თითოეული მოქალაქის მეგობრული უწყება!

 

-ერთია პროფესიონალების გუნდი და მეორეა პროგრამა, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის არსებულ სისტემას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით „ნაციონალებისგან“ მიიღო... ნიშანდობლივია ისიც, რომ მაშინ პროკურატურა საქმეებს როგორც სურდა, ისე ჭრიდა და კერავდა, ხოლო სასამართლო უბრალო სტატისტის ფუნქციას ასრულებდა. ყოველივე ამან საგრძნობლად იმოქმედა მთლიანად საგამოძიებო სისტემის ავტორიტეტზე და პროფესიონალიზმზე. გაქვთ თუ არა განსაკუთრებული პროგრამა, რომელიც არსებითად შეცვლის პროკურატურის საქმიანობის ხარისხს და შესაძლოა თუ არა სისტემის პროფესიონალებით დაკომპლექტება?

 

-მე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად, ვაპირებ შევქმნა სრულიად ახალებური უწყება, ახლებური სისტემებით, ახალი სახეებით. ანუ, ხალხის სამსახურში ჩამდგარი პროკურატურა. ეს ყველაფერი მოხდება ეტაპობრივად. მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის პროფესიონალიზმია, ასევე მოვიწვევთ ახალგაზრდა ნიჭიერ კადრებს. ჩვენ დავიწყებთ სამართლიან მოქმედებებს, ამიტომ ჭრა და კერვა - ასეთი ეპითეტები უკვე აღარ იარსებებს პროკურატურასთან მიმართებაში. მინდა საქართველოს ისტორიაში ჩავეწერო, როგორც ღირსეული მთავარი პროკურორი.

 

-რამდენადაც ვიცით, თქვენ შეხვედრა გქონდათ იუსტიციის მინისტრთან. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ - არის თუ არა მოთხოვნა პროფესიონალებზე და გაქვთ თუ არა იმედი, რომ იმ სამეულში მოხვდებით, რომელიც თეა წულუკიანმა უნდა წარადგინოს?

 

-მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი იყო ძალიან ღია, საქმიანი და ძალიან თბილი, ასევე იმედის მომცემი. თვითონ მინისტრმაც მითხრა: „შენი მოსაზრებები ჩემთვის ცნობილია, ვიცნობ შენს პროგრამას და ძალიან ბევრ რამეს ვიზიარებ და ვითვალისწინებ“.

 

კარგია, რომ იუსტიციის მინისტრს პირადად გავაცანი ჩემი ხედვები. არ მეეჭვება, რომ მოვხვდები სამკაციან სიაში, იმიტომ, რომ ჩემი ბეგრაუნდი, უპირველესად ჩემი პროფესიონალიზმი და ცხოვრების წესი მაძლევს იმის იმედს და გარანტიას, რომ იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდება ჩემი კანდიდატურით!

 

დანარჩენი უახლოეს მომავალს მივანდოთ...

 

 

                   ესაუბრა კარინა გრიგორიანი

17-11-2015, 11:29
უკან დაბრუნება