ივერიონი / ბადრი ნაჭყებია: ჰიპოთეზა, რომ „ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე წასვლა არ შეიძლება“- არასწორია!

ბადრი ნაჭყებია: ჰიპოთეზა, რომ „ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე წასვლა არ შეიძლება“- არასწორია!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ნაჭყებია ესაუბრა.

 

-ბატონო ბადრი, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია  სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს.

 

 

საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება?

 

-ტერორიზმის განსაკუთრებული გაფურჩქვა მეოცე საუკუნეში მოხდა, როცა ხალხი, პოლიტიკური პარტიები თუ სხვადასხვა დაჯგუფებები, არაპოლიტიკური მეთოდით, ტერორისტული აქტის მეშვეობით, კონკრეტული პრობლემის  გადაწყვეტას ცდილობდნენ. დღესდღეისობით ტერორიზმი, ეთნიკური და რელიგიურ-სეპარატისტული დარჩა.

 

რასაკვირველია, ძალადობრივი გზები თავის როლს ასრულებენ. მაგალითად, რუსეთმა  სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა ტერორისტების წინააღმდეგ. შემდეგ კი, მოლაპარაკებებზე წავიდა. რუსეთმა საერთო ენა იპოვა იმ ფრთასთან, რომელთანაც მერე არათუ კარგი, არამედ, ბრწყინვალე ურთიერთობა დააფუძნა.

 

 

რასაკვირველია, ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციას აქვს ნორმალური ფრთა და ის ჰიპოთეზა,  რომ „ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება“ - არასწორია! მოლაპარაკების გამართვა გარკვეულ ფრთასთან აუცილებელია.

 

-ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, რომელმაც ააფორიაქა მსოფლიო, ნათლად დაგვანახა რუსეთის როლი თანამედროვე რეალობაში.

როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ფუნქციის შესრულება შეუძლია რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აყენებს თუ არა ეს მისია მას, ამ კონკრეტულ მომენტში, მომგებიან სიტუაციაში?

 

-ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ახლა მიმდინარეობს, დასავლეთის ერთ-ერთი ვებერთელა ქვეყნის, საფრანგეთისა და რუსეთის კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმთან. რუსეთს, რა თქმა უნდა თავისი ინტერესები აქვს. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს. იქ, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, ისეთ რადიკალურ ორგანიზაციასთან, როგორიც „ისლამური სახელმწიფოა“ , რასაკვირველია, რუსეთი მშვიდობისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ ჩარევას ახორციელებს!

 

-ბუნებრივია, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებით. ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა...

 

თქვენი აზრით, ქართული სახელმწიფო, არის თუ არა, დღეს მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ელემენტარულად მაინც დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება?

 

-უპირველესად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორ ზონაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.

 

მე ძალიან მიკვირს ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, პირველ რიგში კი მასმედიამ, ძირითადი აქცენტი პანკისის ხეობაზე გააკეთეს, სადაც დაახლოებით ათიდან თორმეტი ათასამდე მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს. ამ დროს კი, ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაა თუნდაც აჭარაში, აზერბაიჯანულ მოსახლეობაში. მარტო ასე აჟიტირება პანკისის ხეობისა და სხვა რეგიონებისკენ ხელის არ გაშვერა- რბილად რომ ვთქვათ- არ შეიძლება.

      

 

      ესაუბრა მედეა შელია

19-11-2015, 17:17
უკან დაბრუნება