ივერიონი / ემზარ ჯგერენაია: რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობა საქართველოზე ცუდად არ აისახება!

ემზარ ჯგერენაია: რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობა საქართველოზე ცუდად არ აისახება!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე კონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია ესაუბრა.

 

-ბატონო ემზარ, დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეთ, რომ შესაძლოა რუსეთსა და თურქეთს შორის კრიზისი გაღრმავდეს, რაც ბუნებრივია,ნეგატიურად აისახება საქართველოზეც. 

საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს იგი ზოგადად საქართველოზე, ეკონომიკური თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მეზობელი სახელმწიფო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია?

 

ხატოვნად რომ ჩამოვყალიბდეთ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ორივე სახელმწიფოზეა დამოკიდებული,  ხომ არ მოხდება ისე, რომ აქლემების ომში კოზაკი, ანუ საქართველო დაზარალდება?

 

-დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ ეს პროცესები საქართველოს დააზიანებს, არამედ, პირიქით გარკვეული თვალსაზრისით ეს სარგებლობასაც მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

 

დღეს, როცა რუსეთს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის მიმწოდებელი თურქეთი, მას ასე რომ ვთქვათ „გაებუტა“,  ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, რომ საჩვენოდ გამოვიყენოთ ეს სიტუაცია და დავიკავოთ რუსული ბაზრის ნაწილი. მაგალითად: თუკი ციტრუსების ძირითადი მომწოდებელი რუსეთისთვის იყო თურქეთი, დღეს ქართულ ციტრუსზე რუსეთის ტერიტორიაზე გაორმაგებული მოთხოვნა გაჩნდება.

 

იგივე, გადამზიდების ბიზნესშიც-თუკი თურქეთი მძლავრად იყო წარმოდგენილი და თუ დღეს რუსეთში არ უშვებენ თურქულ მანქანებს, ჩვენ შეგვიძლია ისინი ქართული გადამზიდი მანქანებით ჩავანაცვლოთ.

 

არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს დააზარალებს, არამედ პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად და საჩვენოდ გამოვიყენოთ ის შანსი, რომელიც მოგვცეს!

 

-ბრიფინგზე ასევე, განაცხადეთ, რომ თურქეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე ვიდრე რუსეთი თურქეთზე და გამოთქვით ვარაუდი, რომ ამ ეკონომიკურ ჭიდილში თურქეთი ძალიან დაზარალდება.

 

დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?

 

-საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თურქეთისთვის რუსეთი ვაჭრობის მეორე პარტნიორია გერმანიის შემდგომ. თურქეთი ენერგეტიკულად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ენერგომატარებლების კუთხით, 50%- მდე გაზი, რასაც თურქეთი მოიხმარს, რუსეთიდან მოდის, ხოლო 30%-მდე ნათვობპროდუქტები მოდის რუსეთიდან. რუსეთისთვის კი თურქეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. რუსეთში შეტანილი პომიდვრების 80% თურქეთზე მოდის. ამიტომ, ეკონომიკურად თურქეთი მეტად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე პირიქით.

 

 

-რუსეთის მიერ რუსულ ბაზარზე არ შეშვებული თურქული საქონელი ხომ არ იპოვის ბაზარს საქართველოში და ხომ არ მოხდება თურქული საქონლის ექსპანსია საქართველოში?

 

და კიდევ: დღეების მანძილზე „დატყვევებული ტრეილერები“ ხომ არ დაბრუნდებიან თბილისში და ეს საქონელი ხომ არ განთავსდება იაფად საქართველოს ბაზარზე?

როგორ აისახება ეს საქართველოს ბიზნეს გარემოზე და ქართველ მწარმოებლებზე?

 

-ქათული ბაზრის გარკვეული სექტორი თურქეთს უჭირავს და ამიტომ ამ შემთხვევაში, საქონელი ვერანაირად ვერ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე.  ტრანზიტის რეჟიმის შეცვლა რთულია და ეს საქართველოს პრობლემა არაა.

 

თურქული საქონლის ექსპანსია საქართველოში არანაირად არ მოხდება , რადგან თურქეთს თავისი სავაჭრო ნიშა უკავია.

 

ასე, რომ ეს ბიზნეს გარემოზე ნეგატიურად არ აისახება, გარდა იმისა, რომ, თუ თურქეთისგან განთავისუფლდებიან, ჩვენ შევძლებთ ექსპორტის გაზრდას!

 

 

                              ესაუბრა მედეა შელია

 

27-11-2015, 17:40
უკან დაბრუნება