ივერიონი / რატომ „იმსხვრევიან“ ავტორიტეტები?!

რატომ „იმსხვრევიან“ ავტორიტეტები?!

პაატა ბურჭულაძის გაპოლიტიკოსების მცდელობამ საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება წარმოშვა - თუ ერთი ნაწილის აზრით, ოპერის მომღერალს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება („ესღა აკლდა საქართველოს სრული ბედნიერებისთვის“), მეორე ნაწილი თვლის, რომ მსოფლიო ბანი, რომელიც საქართველოში ქველმოქმედის იმიჯით და ამავდროულად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, პოლიტიკაში შემოსვლის შემთხვევაში, საზოგადოების სიყვარულს დაკარგავს და მისი ავტორიტეტიც თვალის დახამხამებაში გაცამტვერდება!

 

საზოგადოებას ამის თქმის უფლებას მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პირველი ნაბიჯი აძლევს - მხედველობაშია ის გუნდი, ვისთან ერთადაც მან პოლიტიკური პარტიის ჩანასახი - „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააფუძნა. სიტუაციას ამძაფრებს ბურჭულაძის გარშემო აგორებული ჭორებიც, თითქოსდა იგი გარკვეული ძალების დავალებით შემოდის. ასევე საუბრობენ „ნაციონალებთან“ მის შეხმატკბილებულ ურთიერთობაზე (უკრაინულმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა სააკაშვილ-ადეიშვილის საუბარი, სადაც აქცენტი კეთდება პაატა ბურჭულაძეზეც. ნიშანდობლივია ისიც, რომ „ნაციონალები“ „ლაითად“ შეხვდნენ ბურჭულაძის შესაძლო გაპოლიტიკოსებას).

 

თუ ანალიტიკოსი, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მრჩეველი, გია ხუხაშვილი, მსოფლიო ბანს პოლიტიკაში წარმატებას უწინასწარმეტყველებს და ივანიშვილის ალტერნატივად (ხუხაშვილი ამბობს, რომ იგი მის ნიშას დაიკავებს) აცხადებს, თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი გულწრფელად ნანობს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მას „წააქცევს“!

 

სხვათაშორის, ასე ფიქრობს საზოგადოების უმეტესი ნაწილიც - მათ ვერ წარმოუდგენიათ, რატომ ანიავებს ბურჭულაძე იმ კაპიტალს (ავტორიტეტს), რომელიც მან მსოფლიოში გატანილი სახელით და საქველმოქმედო კამპანიებით დააგროვა. მტკიცება არ უნდა, რომ პაატა ბურჭულაძეც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის ხვედრს გაიზიარებს და მისი პიროვნებისადმი მოწიწება შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეიცვლება!

 

ეს რომ ასე მოხდება, ჩვენზე უკეთ ბურჭულაძემაც იცის, მაგრამ მაინც საკუთარ თავს სხვა არჩევანს არ უტოვებს.

 

ლოგიკურად ისმება კითხვა: რატომ მიდიან პოლიტიკაში ავტორიტეტები?

 

გავიხსენოთ: ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდოდა, საზოგადოების წინაშე იგი უჩინარი და სწორუპოვარი ქველმოქმედის იმიჯით სარგებლობდა - კაცი, რომელიც საკუთარი ხელგაშლილობით ყველას აოცებდა, ტელეკამერების წინაშე საერთოდ არ ჩნდებოდა. არსებობდა ლეგენდა, რომ იგი სხვებსაც უკრძალავდა მისი მხრიდან გაწეული ქველმოქმედების აფიშირებას.

 

თუ ოთხი წლის წინ ივანიშვილი საქართველოს მესიად და სააკაშვილის ჯოჯოხეთური რეჟიმის ერთადერთ საპირწონედ იყო აღიარებული (საზოგადოებაშიც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა), დღეს მის მიმართ პრეტენზიები ხმამაღლა გაისმის და ეჭვგარეშეა, საპროტესტო ტალღა თანდათან გაიზრდება კიდეც!

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მილიარდერი ოფიციალურად ძალიან მალე გაიქცა პოლიტიკიდან (ხელისუფლებიდან), მან ქართველი ერის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ვერ მოიხსნა და ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერც მომავალში მოიხსნის.

 

თუმცა, რაც არ უნდა ბრალდებები ისმოდეს ივანიშვილის მისამართით, მან დაკარგა ყველაზე დიდი კაპიტალი - ავტორიტეტი, რომელსაც წლების მანძილზე წვეთ-წვეთად აგროვებდა და აჩუქურთმებდა. ადრე არავის მოსვლია აზრად, თუ რა გზით იშოვა მან მილიარდები. საზოგადოებას მაშინ არც მისი შუშის სასახლე აღიზიანებდა და არც იმით დაინტერესებულა, რა წვლილი ჰქონდა შეტანილი ბიძინა ივანიშვილს ვარდების რევოლუციის დაფინანსებაში და შემდგომ სააკაშვილის რეჟიმის ნებსით თუ უნებლიედ გაძლიერებაში. მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ეს კითხვები ბუნებრივად ამოტივტივდა და სხვა, უფრო მძიმე ბრალდებებითაც შეივსო.

 

ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილის, როგორც სწორუპოვარი ქართველი ქველმოქმედის და გრანდიოზული სამების ტაძრის ამშენებლის ავტორიტეტი, პოლიტიკამ შეიწირა!

 

ისტორიულად, ერს ყოველთვის ჰყავდა ავტორიტეტები, რომელთაც საქართველოს ღირსება შორს გაჰქონდათ და თავიანთი ცხოვრების წესითა და პატრიოტული სულისკვეთებით საზოგადოების უპირობო მხარდაჭერას იმსახურებდნენ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ პროფესიული ღირსება პოლიტიკურ ამბიციებზე დაეხურდავებინათ და წვეთ-წვეთად ნაგროვები სახელი და დიდება, ამით დაეჩრდილათ.

 

წარმოვიდგინოთ, რა მოუვიდოდა მე-20 საუკუნის ქართველ კორიფეებს: ილია ვეკუას, ივანე ჯავახიშვილს, ლადო გუდიაშვილს, ზაქარია ფალიაშვილს, აკაკი ხორავას, ზურაბ ანჯაფარიძეს, ივანე ბერიტაშვილს, ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრათ და პოლიტიკაში შემოსულიყვნენ? ჯერ ერთი, ისინი ალბათ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, მეორეც, მათ რომც მოენდომებინათ, მათი ელვარე ნიჭი და პატრიოტული სულისკვეთებაც კი არ იქნებოდა საკმარისი პოლიტიკური ლაბირინთების დასალაშქრად - პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, რისი დეფიციტიც დღევანდელ ქართულ რეალობაში აშკარაა!

 

ახლა ისევ ავტორიტეტების გაპოლიტიკოსებას დავუბრუნდეთ. ყველას გვახსოვს არც თუ ისე შორეულ წარსულში, როგორ გადაიყოლა ნიჭიერი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია ბინძურმა პოლიტიკამ და ქართულ კინემატოგრაფიაში არსებული მისი ავტორიტეტი როგორ შეიცვალა სხვა იარლიყით.

 

განსაკუთრებული შემთხვევაა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქართველი ერის სიამაყე ნონა გაფრინდაშვილი, რომლის ძალით გაპოლიტიკოსებამ ლამის შეიწირა მისი უმწიკვლო ავტორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ნონას პოლიტიკაში ყოფნით ქვეყნისთვის არაფერი დაუშავებია (პირიქით, მის სახელის იყვნენ ამოფარებულნი ზოგ-ზოგიერთები), დისკრედიტირებულ პოლიტიკურ გუნდთან გაიგივებამ გარკვეულწილად გააფერმკრთალა სწორუპოვარი თანამემამულის იმიჯი, რადგან, ქალბატონი ნონა მივიდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო!

 

შეცდომა იყო ყველასთვის საყვარელი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის გაპოლიტიკოსებაც - თუ ეროვნული ხელისუფლების პერიოდში მისი გადეპუტატება ასე თუ ისე მისაღები იყო საზოგადოებისთვის, ასლან აბაშიძის ფავორიტობამ მას ავტორიტეტი შეურყია - პოლიტიკოსმა მაჭავარიანმა პოეტი მაჭავარიანი ნეგატიურისკენ გადაწონა...

 

სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლება!

 

თუ ადრე ერის ავტორიტეტების ცვენა იყო საქართველოში, დღეს თითზე ჩამოსათვლელიც არ გვყავს. ერთადერთი შეუვალი ავტორიტეტი კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, რომლის დისკრედიტაციას ლიბერასტები (ანტიქრისტეს მოციქულები) გააფთრებით ცდილობენ. სამწუხაროდ, ერის სულიერი მამის ბრძნულ შეგონებებს ქართველი ხალხი არ აყურადებს!

 

რაც შეეხებათ ბოლოდროინდელ ავტორიტეტებს, რომლებიც ამქვეყნიურ ცდუნებებს ვერ უძლებენ და ცრუ ავტორიტეტების ამპლუაში გვევლიანებიან, კერპივით იმსხვრევიან!

 

არადა, ცოდვაა ერი ავტორიტეტების გარეშე - მხოლოდ ღირსეული წინაპრებით ტკბობა არაფერს გვიშველის!

 

 

ზაურ ნაჭყებია

30-11-2015, 11:12
უკან დაბრუნება