ივერიონი / ჰამლეტ ჭიპაშვილი: თინა ხიდაშელის გამომწვევი განცხადებები დაღუპავს ამ ისედაც გარღვეულ და გაპარტახებულ ქვეყანას!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: თინა ხიდაშელის გამომწვევი განცხადებები დაღუპავს ამ ისედაც გარღვეულ და გაპარტახებულ ქვეყანას!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

-ბატონო ჰამლეტ, „ივერიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ: „პუტინი არ ხუმრობს, ხოლო თურქეთი და ამერიკა მას ცუდად ეთამაშებიან“!

 

თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა სიტუაცია რეგიონში და მოსალოდნელია თუ არა კონფლიქტის ესკალაცია?

 

ამასთან, საინტერესოა თქვენი შეფასება: რამდენად ადეკვატურია რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია თურქეთთან მიმართებაში?


-სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. არ შეცვლილა და ისეთივეა, როგორიც იყო მაშინ, როცა თურქეთმა  რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ის, რაც თურქეთმა გააკეთა, ეს იყო შეურაცხყოფის მიყენება ბირთვული სახელმწიფოსთვის!


რუსეთის პრეზიდენტი ნაწყენია და არც შეიძლება სხვანაირად რომ იყოს. მისი პოზიცია ადეკვატურია- იქცევა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო! ვიტყვი, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო მკაცრადაც უნდა მოქცეულიყო. მას პირდაპირ სატელეფონო ზარით უნდა მიემართა ამერიკის პრეზიდენტისთვის და გაეფრთხილებინა, რომ თურქეთის მოქმედება პირდაპირ ამერიკის მოქმედებას ნიშნავს!


ის, რომ „ნატოს“ წევრმა სახელმწიფომ, თურქეთმა, ჩამოაგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი- მსგავსი არ მომხდარა უკანასკნელი 60 წლის მანძილზე. ასე რომ, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის.


-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ მიდის, რა ახსნა შეიძლება მოუძებნოთ ამას და საერთოდ, თქვენი აზრით, ეღირსება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება?

 

-გერმანია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი ყოველთვის იყო და არამარტო გერმანია, არამედ საფრანგეთიც. მათ ძალიან კარგად იციან ის, თუ რა მოყვება საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას. ეს იქნება- უპირველეს ყოვლისა დაძაბულობა რუსეთთან და მსგავსი დაძაბულობა, ცხადია, ხელს არ შეუწყობს გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობას რუსეთთან.


საქართველო არც ერთი პარამეტრით არაა მიახლოებული „ნატოსთან“. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ თურქეთის გარდა, არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრები არ გვაქვს გავლებული.


-როგორ შეაფასებთ საქართველოს თავდაცვის მინნისტრ, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ ჩვენ მაპზე მეტი უნდა მივიღოთ და საერთოდ, რამდენად უწყობს ხელს საქართველოსადმი რუსეთის პოზიტიურ დამოკიდებულებას, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე?

 

-მე, როგორც რიგითი მოქალაქე თინა ხიდაშელის ნათქვამს ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხიდაშელი რიგითი პარლამენტარი, ან მოქალაქე არაა-ის თავდაცვის მინისტრია და მის ყველა სიტყვას უცხოეთში ყურადღება ექცევა.


სამწუხაროდ, რასაც ის ამ ბოლო დროს ამბობს და გამინისტრების მერე აკეთებს, სრულიად მიუღებელია საერთაშორისო ცხოვრებისთვის. დიახ, საერთაშორისო არენაზე ასეთი გამომწვევი საუბრები კატეგორიულად მიუღებელია. გეტყვით პირდაპირ: ხიდაშელის „უპრაგონო“ და ვიტყოდი, შორს გამიზნული გამონათქვამები დაღუპავს ამ ისედაც გარღვეულ და გაპარტახებულ ქვეყანას!


ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ ასეთი განცხადებები გამაღიზიანებელია რუსეთისთვისაც!

                ესაუბრა მედეა შელია

30-11-2015, 13:50
უკან დაბრუნება