ივერიონი / ვაჟა ბერიძე:საქართველომ უნდა დაიკავოს პრაგმატული და კეთილმოსურნე პოზიცია ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაშიც

ვაჟა ბერიძე:საქართველომ უნდა დაიკავოს პრაგმატული და კეთილმოსურნე პოზიცია ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაშიც

„ივერიონს“ რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე, ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.


-ბატონო ვაჟა, არ შეიძლება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ საქართველო გულგრილი იყოს. განსაკუთრებით, დაძაბული ვითარებაა რუსეთ-თურქეთს შორის, რომლის ესკალაციასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოდიშიც კი მოუხადა რუსეთს და დაინტერესებულია პარიზში დაგეგმილ დღევანდელ სამიტზე პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.


თქვენის აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ, ერდოღანის სურვილი იქნება, თუ არა, საკმარისი რეგიონში სიტუაციის განსამუხტავად?


-რეგიონში სიტუაციის მოწესრიგება და ეთნიკური კონფლიქტების დაძაბულობის კერების ლიკვიდაცია, ამ რეგიონის მაცხოვრებელთა და მთელი რიგი ქვეყნების დიდიხნის ოცნება და სურვილია. მაგრამ, არსებული წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში, მთავარ  მოთამაშეებს შორის არსებობს, ვერ მოხერხდა სიმშვიდის და სტაბილური, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა სამხრეთკავკასიაში და მის გარშემო.


არსებულ ვითარებაში, უკვე შეუძლებელია ერთი, რომელიმე ლიდერის ნება იყოს გადამწყვეტი! მთავარია, რომ ამ რეგიონების მცხოვრებლების განწყობა მიმართულია იქითკენ, რომ პრობლემის გადაწყვეტა, მოლაპარაკების გზით, მშვიდობიან გარემოში მოხდეს!


პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთმანეთში უნდა მოძებნონ საერთო ენა, რათა დაძაბულობის ესკალაცია სერიოზულ დაპირისპირებაში და სამხედრო კონფლიქტებში არ გადაიზარდოს!
მართალია, ბოლო დღეებში, ერდოღანის განცხადებები უფრო რბილი და ნაკლებად ხისტი გახდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს იმ კლიმატს, რომელიც გაფუჭდა ბოლო დღეების მოვლენების შედეგად, ვერ აღადგენს!..


ვფიქრობ, არსებულ დაძაბულობაში, მიმდინარე პროცესების ყველა დაინტერესებული მხარე თანაბრადაა დამნაშავე. აქ ვგულისხმობ, რუსეთს, თურქეთს, ამერიკას და მისი ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციას -  ყველას მიუძღვის თავისი წვლილი! ყველას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და ამ ინტერესების წინა პლანზე წამოწევა, ამ მთავარი საფრთხის განეიტრალების პროცესში, უაღრესად სახიფათოა!


ამ ეტაპზე, ის ურთიერთობა, რაც რუსეთ- თურქეთს ჰქონდათ, შეუძლებელია აღდგეს. ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. მაგრამ, შეხვედრა მაინც იქნება პოზიტიური სიგნალი ორივე მხარისთვის, მათი მოსახლეობისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის!


-რა პოზიცია უნდა დაიკავოს დღევანდელ სიტუაციაში საქართველომ?


თქვენის აზრით, არის, თუ არა, დღევანდელი ხელისუფლება მზად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად და რამდენად მომგებიან, ან წამგებიან სიტუაციაში აყენებს ჩვენს ქვეყანას  რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა?


-არსებულ ვითარებაში, გასათვალისწინებელია ის, თუ საქართველოსთვის, მოვლენათა როგორი განვითარებაა მომგებიანი. ჩვენთვის, სასურველი სცენარი უნდა იყოს იმ დაძაბულობის ლიკვიდაცია და გაქრობა, რომელიც შეიქმნა რეგიონში.


საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და განვითარების უფრო მოქნილი სტრატეგია და მიდგომები, რომლებსაც გაატარებს და არ ითამაშებს წარმოქმნილი სიტუაციის ამწუთიერ მიზნებზე. ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და მოზომილი მეზობლებთან და პარტნიორებთან, მათ შორის, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებში!


დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ჯერ-ჯერობით, ამ კონფლიქტის წარმოშობისა და ესკალაციის პროცესში შეცდომები არ დაუშვია! თუმცა, ის პროცესები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ეხება ჩვენს ქვეყანას, როგორიცაა - მეზობლობა ამ კონფლიქტის სუბიექტებთან, მას ავალებს, რომ -  პრევენციული ზომები იყოს უფრო ეფექტური და უსაფრთხოების სისტემა კი საიმედო და სისტემური ყურადღების ობიექტი!


ბევრი ფაქტორი მიგვითითებს, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად! ქვეყანაში,  არსებულზე უფრო მოქნილი უსაფრთხოების სისტემა უნდა არსებობდეს!


გასათვალისწინებელია, რომ რუსეთ-საქართველოს საკმაოდ რთული და ბევრი ასპექტის მომცველი ურთიერთობის ნორმალიზება, ძალიან ნელა მიმდინარეობს! ასევე, დასავლეთთან ურთიერთობის არასისტემური და ნაკლებად ეფექტური ხასიათი - ეს ყველაფერი, დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, პრობლემებს წარმოადგენს. თუმცა, ჯერ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდება! მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არაა მარტივი გამოწვევები და ნებისმიერ ქვეყანას აქვს  შეშფოთების სერიოზული საფუძველი.


დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და უნდა ვაწარმოოთ კეთილმოსურნე პოზიციები ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაშიც, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის მიმდინარე და გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესები!


რაც შეეხება თქვენი კითხვის ნაწილს, თუ რამდენად მომგებიან, ან წამგებიან სიტუაციაში აყენებს ჩვენს ქვეყანას რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა - უნდა გითხრათ, რომ ყველანაირ სიტუაციას აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მაგრამ, ჩვენ, როგორც საერთაშორისო არენაზე ახალ სუბიექტს, გვავალდებულებს არ ვეძებოთ ხეირი ჩვენი მეზობლების გართულებულ ურთიერთობებში! თუმცა, ყოველგვარი სიტუაცია, ელემენტარული პოლიტიკური ქრესტომათიიდან გამომდინარე, ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის უნდა იყოს გამოყენებული!


              ესაუბრა კარინა გრიგორიანი

30-11-2015, 16:34
უკან დაბრუნება