ივერიონი / ჯუმბერ კირვალიძე: ვიზა-ლიბერალიზაციას მივესალმები, მაგრამ, ვემიჯნები ამის გაბუქებას და კუდაბზიკურ პოლიტიკურ განცხადებებს!

ჯუმბერ კირვალიძე: ვიზა-ლიბერალიზაციას მივესალმები, მაგრამ, ვემიჯნები ამის გაბუქებას და კუდაბზიკურ პოლიტიკურ განცხადებებს!

 

„ივერიონს“ ვიზა-ლიბერალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე და რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებით, პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ესაუბრა. 

 

-ბატონო ჯუმბერ, ვიზა-ლიბერალიზაციის თემამ ბოლო დღეების მედიასივრცე მთლიანად დაიპყრო. ზოგი ამ გადაწყვეტილებაში, საქართველოს ხელისუფლების გამარჯვებას ხედავს, ზოგს ქართველების საქართველოდან გაქცევის წინაპირობად ესახება.

 

მაინც რა არის ვიზა-ლიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და რა გავლენას მოახდენს იგი ზოგადად საქართველოს მომავალზე?

 

-ქართველებს ზომიერების გრძნობა ყველაფერში გვღალატობს, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური საკითხი.

 

ვიზა-ლიბერალიზაცია დადებითი პროცესია და მნიშვნელოვანია იმით, რომ ამხელა, ევროპული სივრცის ქვეყნები გვაძლევენ ნებართვას, რომ შენი მოქალაქეები უვიზოდ შევიდნენ, ცხადია, ეს მისასალმებელია და ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, ყველა მიილტვის ევროპისკენ, იქ არსებული კეთილდღეობისკენ...

 

ის, რომ ზოგიერთები ამბობენ - არიქა, ქვეყანა დაიცლება და ა.შ. - მსგავსი პანიკა უსაფუძვლოა. რა არის ცუდი იმაში,  რომ ვიღაცამ იქ აიმაღლოს კვალიფიკაცია, შემდეგ ჩამოვიდეს და ქვეყანას წაადგეს. ხოლო, როდესაც ეკონომიკური თვალსაზრისით ამბობენ ქვეყნის დაცარიელებაზე, ასეთ დროს გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ნიშნავს სამუშაო ვიზას.

 

მეორეს მხრივ, ხელისუფლების, თუ სხვების მხრიდან ისეთ აღტაცებულ განცხადებებს, რომ - ეს უდიდესი გამარჯვებაა, მინდა ვთქვა, რომ  ესაა ჩვეულებრივი, ძალიან სასიამოვნო წარმატება. ამიტომ, ამაზე ბაქი-ბუქის ატეხვა და ზარ-ზეიმით იმის ძახილი თითქოს უკვე გავედით სამშვიდობოს, ჩვენმა საზოგადოებამ განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია და ხელისუფლებამ ასეთი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც უნდა ვიამაყოთ - ესაა გამუქებული და კუდაბზიკური პოლიტიკური განცხადება!

 

 -პუტინის განცხადებამ, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვიზა-ლიბერალიზაციის დადებითი დასკვნიდან გამომდინარე, იძულებითი განცხადება გააკეთა.

 

თქვენი აზრით, რა კავშირშია ერთმანეთთან, ვიზა-ლიბერალიზაცია და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება?

 

რამდენადაც ვიცით, ვიზა-ლიბერალიზაცია, რუსეთისგან განსხვავებით დასაქმების უფლებას არ იძლევა...

 

-ვფიქრობ, პუტინის ეს განცხადება არანაირ კავშირში არაა ვიზა-ლიბერალიზაციასთან. მან ადრეც გააკეთა მსგავსი განცხადებები. ჩვენმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემაც, თქვა, რომ ამაზე საუბარი არისო.

 

უბრალოდ, იმ ფორმატში, რასაც აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჰქვია, ეს საკითხი ასე მწვავედ არ დასმულა.

 

ჩვენის მხრივ, ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გაუქმდა სავიზო რეჟიმი. უცნაური პარადოქსული სიტუაციაა - ქვეყანა ოკუპანტია, შენი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და ამ დროს შენ უუქმებ სავიზო რეჟიმს, რომ მისი მოქალაქეები შემოვიდნენ - ამას წინა ხელისუფლების მისამართით ვამბობ, რომელთაც იმდენი სიბრიყვე ეყოთ, რომ სიტუაცია აგრესიამდე და ომამდე მიიყვანეს. მათ, რომ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ ასეთი პარადოქსული მდგომარეობა არ ჩამოყალიბდებოდა, რომ თან ოკუპანტად აღიარებ და თან ვიზას უუქმებ.

 

რაც შეეხება პუტინის განცხადებას, პუტინმა ეს განცხადება ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ეს ყველაფერი ჯერ არ მომხდარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოთქვამენ, რომ სავარაუდოდ, ეს შეიძლება თებერვალში მოხდეს. კარასინი-აბაშიძის შეხვედრა თებერვალშია დაგეგმილი და ალბათ, მაშინ გავიგებთ ზუსტ დროს და თარიღს.

 

ცხადია მისასალმებელია ის გარემოება, რომ შენს მოქალაქეებს არ უწესებდნენ ვიზებს და ყველგან ჰქონდეთ ანთებული მწვანე შუქი. მაგრამ, არც ამ სიტუაციაშია საჭირო ცაში ქუდების სროლა და იმის თქმა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან...

 

       ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

21-12-2015, 15:55
უკან დაბრუნება