ივერიონი / რა ენაზე უნდა ესაუბროს ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართველ ამომრჩეველს?

რა ენაზე უნდა ესაუბროს ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართველ ამომრჩეველს?

მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებითი ხასიათის „პოლიტიკური ძვრები“ მოსალოდნელი არ არის - დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ისევ დარჩება ხელისუფლებაში, მრავალპარტიულობისა და პოლიტიკური პლურალიზმის ფასადის შესაქმნელად შეიძლება რამდენიმე, ფორმით განსხვავებული, მაგრამ შინაარსით მსგავსი იდეოლოგიის პარტიებსაც უწილადონ პატარ-პატარა ულუფები, რომლებსაც მოჩვენებითად ოპოზიციის, რეალურად კი სატელიტი პოლიტიკური სუბიექტების ფუნქციას შეასრულებინებენ.

 

ჯერჯერობით ბოლომდე არ გარკვეულა, აპირებს თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შემოსვლას. თუმცა, მის გაპოლიტიკოსებაზე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განწყობა რატომღაც ნეგატიური აღმოჩნდა - მსოფლიო ბანს წინასწარ გაცხადებულ გუნდს უწუნებენ. რაც შეეხება მათ გულშემატკივრებს, ბურჭულაძეს წარმატებული კარიერის გაგრძელებას ურჩევენ. თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეჭვობენ, რომ პოლიტიკამ მისი წლების მანძილზე ნაგროვები ავტორიტეტი შეიძლება შეიწიროს!

 

გაცილებით მეტი კითხვები ისმის კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მისამართით, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების ამბიცია გაუჩნდა და სახელიც საკმაოდ მაინტრიგებელი შეარჩია - „ბედნიერი საქართველოსთვის“.

 

მადლობის მეტი რა გვეთქმის, ბატონი ლეონიდის მიმართ, თუ მას საქართველოს „გაბედნიერება“ აქვს გადაწყვეტილი. დარწმუნებული ვარ, მრავალეროვან საქართველოს კიდევ ერთი უკრაინელის საკუთარი შვილივით მოფერება არ გაუჭირდება, მაგრამ საეჭვო ის შორსგამიზნული ამბიციებია, რომელიც მის პოლიტიკურ გააქტიურებას, კონკრეტულად პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდება.

 

წინასწარ ძნელი სათქმელია, რა გუნდით აპირებს იგი პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩენას, მაგრამ უკვე დასახელებული ოდიოზური ფიგურებითაც კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განსაკუთრებულ (გამორჩეულ) პოლიტიკურ მოვლენასთან არ გვექნება საქმე. სხვა საკითხია, რა ნაღმი იმალება ამ ინიციატივის მიღმა!..

 

ობიექტურად ჩნდება კითხვა: რა ენაზე უნდა ესაუბროს ბ-ნი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართველ ამომრჩეველს? სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში რეგისტრირებული პარტიის ლიდერმა მინიმუმ სახელმწიფო ენა ხომ უნდა იცოდეს?

 

მოდით, ჯერ ამ კითხვაზე მივიღოთ პასუხი და დანარჩენზე საუბარი შემდგომ გავაგრძელოთ!

 

ზაურ ნაჭყებია

 

„ქართული პლატფორმა“

22-12-2015, 15:25
უკან დაბრუნება