ივერიონი / იური პაპასქუა: კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ თავსმოხვეული, მონოპოლიური და კორუფციულია!

იური პაპასქუა: კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ თავსმოხვეული, მონოპოლიური და კორუფციულია!

მთავარი სადისკუსიო თემა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და მოსალოდნელი კონფიგურაციებია, თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

კერძოდ, სამი წელია „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაშია და აქტუალობა არ დაუკარგავს მის გარშემო მიმდინარე ხმაურიან ვნებათა ღელვას.

 

ამ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ა(ა)იპ აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის აღმასრულებელი  დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური პაპასქუა

 

- ბატონო იურ, 2015 წელი  იწურება. იყო მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში ახალ კანონს მიიღებდა. 

 

იყო, მაგრამ... არ არის. ახალი კანონი ამ წელს უკვე ნამდვილად არ გვექნება. მიზეზად სახელდება კანონპროექტის დარგის საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან შეთანხმების პროცედურების გავლის აუცილებლობა, რაც  გარკვეულ ვადებს მოითხოვს.

 

- ამით იმის თქმა გინდათ, რომ კანონის მიღების დაპირების გაცხადებისას, შეთანხმების პროცედურების გავლის აუცილებლობა არ იყო გათვალისწინებული?

 

მე ვთქვი, რომ მიზეზად სახელდება „შეთანხმების პროცედურების გავლის აუცილებლობა“. სინამდვილეში საქმე სხვა რამეშია. კერძოდ:

 

ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტის სფერო დიდი ხანია ბიზნესის სფეროდ იქცა და ამდენად, აქ სხვადასხვა ინტერესები იკვეთება. ერთნი ცდილობენ ბაზარზე გავლენის სფერო გაიფართოონ, მეორენი - ამ პროცესის ხელშემწყობად გვევლინებიან, მესამენი - საქმიანობის უფლების მოპოვებას და ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობენ...

 

- რაც შეეხება ჩვენი, აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის ინტერესებს, ჩვენი მიზანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი რეგულაციის მიღება, პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, ქართული აუდიტორული კომპანიების მხარდაჭერა... დიახ, ჩვენი ინტერესები კონკურენტულ გარემოს გაჯანსაღებასა და პროფესიაში დამკვიდრებისთვის თანაბარი სასტარტო  ბაზის შექმნას არ სცილდება.

 

- ფრიად კეთილშობილური მიზანი ჰქონია თქვენს ფედერაციას. საინტერესოა, ვის გაეჩხირა ყელში ეს ინიციატივა. სინამდვილეში რა მოხდა?

 

მოხდა ის, რაც აქამდეც არაერთგზის მომხდარა. კანონის მიღება კვლავ გადაიდო, ყველაზე ცოტა, ნახევარი წლით. ისე, როგორც წინა ჯერზე, ცაიტნოტურ რეჟიმში ინიცირებულია  მოქმედ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მიიღებს.

 

მოქმედი კანონის გარდამავალ დებულებებში არის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ცალკეული ნორმის მოქმედება ან ამოქმედება ზღვარდებულია 2015 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული თარიღის შემდეგ ეს შეზღუდვა უქმდება და ძალაში შედის ნორმა, რომელიც ახალი კანონის არ (თუ ვერ) მიღების შემთხვევაში, უფრო მეტ პრობლემებს შექმნის, ვიდრე არსებობს. ეს კანონმდებელმაც იცის. ამიტომ მოქმედი კანონით გათვალისწინებული ვადების გადაწევით ინიღბება მოსალოდნელ გართულებებზე პასუხისმგებლობის არიდების მთავარი მოტივი. 

 

- რა არის ამაში გამორჩეული, ან უჩვეულო?

 

უკვე მეხუთეჯერ ხდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა. ყველა მათგანი ძირითადად ამ კანონის ცალკეული მუხლის ამოქმედების ვადის გადავადებასთანაა დაკავშირებული. გადავადებების ინიციატორი ყოველთვის პარლამენტარი ბატონი ნოდარ ებანოიძე ბრძანდება. ყოველ გადავადებაზე ჩვენი რეაქცია იყო მკვეთრად ნეგატიური და, აქედანვე ვაცხადებ, არც ამ შემთხვევაში ვართ მომხრეთა ბანაკში. 

 

მოქმედი კანონის და მით უმეტეს, ამ კანონის ცალკეული მუხლის ამოქმედების ვადის გადავადების მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება თანდაყოლილი საიმიჯო პოზიცია კი არაა, არამედ განპირობებულია იმ თავსმოხვეული, კვლავაც მონოპოლიური და კორუფციული რეგულაციებით, რომლებმაც უკვე მეოთხე წელია მხოლოდ დაპირისპირება, ქაოსი, განუკითხაობა და არაკომპეტენტურობის ზეობა მოგვიტანა. 

 

- იქნებ დააკონკრეტოთ, რას ნიშნავს „თავსმოხვეული, კვლავაც მონოპოლიური და კორუფციული“?

 

დიახ, თავსმოხვეული, მონოპოლიური და კორუფციულია მოქმედი კანონი. ის ძალადობრივად, სპეციალისტების აზრის და შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მიიღო წინა მოწვევის პარლამენტმა. ამ კანონის მიღებამდეც და შემდგომაც, პროფესიულ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის არ დამცხრალა დებატების სიმწვავე. 

 

ერთი მხრივ, გრძელდება მოქმედი კანონის მოქმედების (თუ უმოქმედობის) ნეგატიური შედეგების, მეორე მხრივ კი ახალი რეგულაციის მიღების შესახებ მზაობის დემონსტრირება, თუმცა არსებითად არაფერი შეცვლილა! 

 

ადრე, ახალი რეგულაციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უფრო აქტიურობდა, შემდგომ, „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში გაჩნდა რეალური შანსი, რომ მოქმედი რეგულაცია ჩაანაცვლოს ახალმა და სავარაუდოდ, ეს პროცესი გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს.

 

მართლაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ეკონომიკურის საბჭოს, საზედამხედველო ორგანოების და სხვა უწყებების წარმომადგენლების შემადგენლობით, შეიქმნა „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი,“ რომელმაც, ასე ვთქვათ, გულმოდგინედ იმუშავა და დაიდო კანონპროექტი. ეს უკანასკნელი მთავრობის ინიცირებით პარლამენტს უნდა გადაცემოდა და წლის ბოლომდე ახალი კანონი უნდა მიგვეღო. არაფერს ვამბობ ამ ჯგუფის ლეგიტიმურობის და კანონპროექტის ვარგისიანობის შესახებ.

 

უბრალოდ, ეს სხვა თემაა და ამიტომაც მასზე ახლა არ შევჩერდები. აღნიშნულზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ (b-k.ge, დეკემბერი, N 5).

 

დავუბრუნდეთ საკითხს.

დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიღება დროებით გადაიდო და ავტორთა ჯგუფმა მოქმედ კანონში ცვლილების შეტანის პროექტის ინიცირებაზე პარლამენტის წევრის ბატონი ნოდარ ებანოიძე დაითანხმეს. 

 

- რას ნიშნავს დაითანხმეს, აბა, ვინ არის კანონპროექტის ავტორი?

 

ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია და მისი ლობისტების ჯგუფი. სავარაუდოდ, ბატონი ნოდარი მათ ნებას დაჰყვა. საგულისხმოა, რომ ის ბაფ-ის გამგეობის წევრია (აღნიშნულის გათვალისწინებით, ძნელია სხვა ვარაუდი გამოთქვა), ამასთან, სხვა გამოსავალიც არ იყო - როგორც უკვე ვთქვი, მოქმედი კანონის ცალკეული ნორმის მოქმედების ან ამოქმედების ვადის უცვლელად დატოვება უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე არსებობს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა ებანოიძემ ერთდროულად საპასუხისმგებლო და ერთგვარი სარისკო მისია იკისრა. ის დიდი ხანია აუდიტორის პროფესიას წარმოადგენს, უთუოდ ესმის პრობლემები. ნამდვილად არ მინდა მის მიმართ აუგი დამცდეს, თუმცა გამოგიტყდებით, მასზე თანამოაზრეთა გავლენა აშკარა იგრძნობა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც ზუსტად იგივე მოტივებს ატარებს, რასაც მოქმედი კანონი, ანუ მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებული კანონპროექტიც მონოპოლიური და კორუფციულია.

 

ვისაც ეხამუშება ან ბურძგლავს მონოპოლიური და კორუფციული იარლიყი, კარგად იცის, რომ კანონის ენით ესაა: ბაზარზე კონკურენციის არსებითად შეზღუდვა და ეკონომიკური აგენტისთვის ხანგრძლივი ვადით კომერციული ინტერესების უზრუნველსაყოფად ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ხოლო თავსმოხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ კანონპროექტის ინიცირება ხდება უკიდურესად ცაიტნოტურ დროში,  მიღება კი - არგუმენტირებული შენიშვნების გაუთვალისწინებლად. 

 

ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ორიოდ დღის წინ კანონპროექტის ინიციატორთან სამუშაო შეხვედრიდან გამოსვლისას. პირობითად შეიძლება ითქვას, ეს იყო შეხვედრა, სინამდვილეში კი იყო პოზიციათა უაზრო დაპირისპირება, სადაც კანონპროექტის ავტორთა შემოთავაზებული ვარიანტი უალტერნატივოდ ზეობდა - შენიშვნების გაზიარება  არავინ ისურვა.

 

ასე გაგრძელება დაუშვებელია...

 

ყოველ წინამორბედ გადავადებაში თუ ფაქტობრივი მიზეზი, მიზანი და დაინტერესებული მხარე გამოკვეთილად არ ჩანდა, ამ ჯერზე ყველაფერს ფაქტობრივად სახელი დაერქვა (კოლმეურნეობის თავმჯდომარე უკვე გვარითა და სახელით იხსენიება).

 

კანონპროექტის ავტორთა პოზიცია ქაოსისა და განუკითხაობის გახანგრძლივებას ემსახურება - იმდენად აშკარაა გაცხადებული მიზეზიც და მიზანიც, რომ ამას სხვა სახელს, უბრალოდ, ვერ დაუძახებ. 

 

კანონპროექტი სულ ორ მუხლს მოიცავს. აქედან, მეორე მუხლი ამ ცვლილების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას ეხება და ამდენად, სადავო არცაა, ხოლო პირველი მუხლი სულ სამი პუნქტისგან შესდგება, გარდამავალი დებულების მხოლოდ სამ პუნქტს ცვლის და სამივე  ნორმის რედაქცია, ყველა ნიშნის მიხედვით, მონოპოლიური და კორუფციულია. სხვათა შორის, ამ კანონპროექტის სხვა ვარიანტიც არსებობდა - არსობრივად იგივე შინაარსის, თუმცა ახლა უკვე ინიცირებულზე ვსაუბრობთ - ეს უფრო დახვეწილია წინამორბედისგან განსხვავებით.

 

ყველაფერი კარგადაა გათვლილი, კანონპროექტის ავტორთა ჯგუფმა მშვენივრად იცის, რომ სხვა კანონპროექტის ინიცირება უკვე ვერ მოხდება და პარლამენტში მხოლოდ იმაზე უნდა იმსჯელონ, რაცაა წარდგენილი. მზაკვრული ჩანაფიქრი კი იმაში ვლინდება, რომ კანონპროექტის ჩავარდნა არ შეიძლება და ის აუცილებლად უნდა მიიღონ, საუკეთესო შემთხვევაში, მცირედი შერბილებით. 

 

მოდი, მიკერძოებაში ან უსაფუძვლო ბრალდებაში რომ არ ჩამეთვალოს, სიცხადისთვის თვით კანონპროექტს წარმოგიდგენთ:

 

 

               საქართველოს კანონი 

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეთანის შესახებ“

 

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.მე-16 მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„15. 2017 წლის 1 იანვრამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება“.

ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18პუნქტები:

„17. 2017 წლის 1 იანვრამდე აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესაბამის რეესტრში რეგისტრაცია აწარმოოს ორგანიზაციაში მათი გაწევრების მოთხოვნის გარეშე. ამასთანავე,  პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში,  არ აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლება.

18. 2017 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-16 მუხლების მიზნებისათვის გამოსაყენებლად ძალამოსილია აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ  ქართულ ენაზე თარგმნილი ან/და შემუშავებული და გამოქვეყნებული ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულება, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) და ბუღალტერთა  საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი, პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) ბოლო ვერსია.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

საქართველოს პრეზიდენტი    გიორგი მარგველაშვილი 

 

 

ეს პროექტი თანდართულ განმარტებით ბარათში მონათლულია ტექნიკური ხასიათის ცვლილებებად, თუმცა ახალი რეგულაციის შემოღების ცდასაც აქვს ადგილი. კერძოდ, 2017 წლის 1 იანვრამდე აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას (ე.ი. ბაფ-ს) ენიჭება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის (რეესტრის წარმოების) უფლებამოსილება. ამ ცვლილებებით განზრახულია  აგრეთვე არალეგიტიმური დოკუმენტების აღიარება ნორმატიულ აქტად.

 

საკმაოდ მძიმე ბრალდებაა...

 

მივყვეთ მაშინ მუხლობრივად: კანონპროექტის პირველი მუხლის ა) პუნქტის თანახმად, აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების  გადავადება განძრახულია 2017 წლის 1 იანვრამდე. ერთი შეხედვით, ამ უწყინარ ნორმაში სადავო თითქოს არაფერია, თუმცა კანონის მოქმედის ერთი წლით გახანგრძლივების სურვილი ნამდვილად იკითხება. არადა, მართლა არსებობს ახალი რეგულაციის მიღების გაჭიანურების ანგარიშგასაწევი პირობა. მომავალი წელი არჩევნების წელია, ხელისუფლება ამ კანონზე მუშაობისთვის, სავარაუდოდ, ვერ მოიცლის. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის მიხედვით გაწერილ უკიდურეს ვადამდე დრო კიდევ რჩება...

 

თუ ეს ასე მოხდა, ქაოსი და განუკითხაობა, სულ ცოტა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. ვის უნდა აწყობდეს ეს?  თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი ვითარება ხელს აძლევს მოქმედი კანონის შემქმნელ ჯგუფს;

 

უარესი და ცალსახად მიუღებელია გარდამავალი დებულებებისთვის მე-17 და მე-18 პუნქტების დამატება. 

 

მე-17 პუნქტის რედაქციის თანახმად, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლება ენიჭებათ მხოლოდ მათ, ვინც აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის შესაბამის რეესტრში გაივლის რეგისტრაციას ორგანიზაციაში მათი გაწევრების მოთხოვნის გარეშე. რას ნიშნავს ეს „ორგანიზაციაში მათი გაწევრების მოთხოვნის გარეშე“? ეს სხვა არაფერია, თუ არა სატყუარა ამ აკრედიტეულ ორგანიზაციაში აუდიტორთა იძულებით გაწევრიანებაზე.

 

ვინ არის ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია? ცხადია, აქ იგულისხმება „ბაფ“-ი, თუმცა „ბაფ“-ი არ გახლავთ სრულფასოვნად პროფესიული ორგანიზაცია (ამაზე მე ვწერდი და არგუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ა/ წლის ჟურნალებში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ N2 და „აღრიცხვა, აუდიტი, ფინანსები“). 

 

საყურადღებოა, რომ დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, სრულიად მართებულად, აკრედიტაციის ინსტიტუტი საერთოდ უარყოფილია, აუდიტორთა რეესტრის წარმოება დაკისრებულია საზედამხედველო ორგანოზე, რომელიც უნდა შეიქმნას. როგორც ირწმუნებიან ახალი კანონი მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად უნდა მიიღონ და ეს კანონი უნდა გაუქმდეს. 

 

მოქმედი კანონის თანახმად, სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის მომდევნო წლის 31 ოქტომბრამდე (ანუ ამ მხრივ, გადაუდებელი აუცილებლობა წლის პირველ ნახევარში არ წარმოიქმნება). არის კიდევ ერთი გარემოება: კანონი აგერ უკვე სამი წელია არ მუშაობს და ქვეყანა არ დაქცეულა. მოქმედი კანონის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზს სწორედ პროფესიული ორგანიზაციების მიერ აუდიტორთა რეერსტრის წარმოება და აკრედიტაციის ინსტიტუტის შემოღება წარმოადგენდა. დღეს უკვე დადასტურებულია და დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებსა და სპეციალისტების უმეტესობას შორის თანხმობაა იმაზე, რომ ევროდირექტივების შესაბამისად საჭიროა აუდიტორთა ერთიანი რეესტრის წარმოება, რომელიც საზედამხედველო ორგანომ უნდა წარმართოს. არ მოითხოვება პროფესიული ორგანიზაციის აკრედიტაცია ისე, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

 

მაშ, თუ სხვა ჩანაფიქრი და შორს მიმავალი განზრახვა არ ამოძრავებთ კანონპროექტის ავტორებს, რა საჭიროა ბაფ-ის საგანგებო ფუნქციებით აღჭურვა და მის რეესტრში რეგისტრაციაზე აუდიტორთა იძულება?

 

და ბოლოს, მინდა მე-18 პუნქტზე შევჩერდე.

 

აქ, გარდა საერთაშორისო სტანდარტებისა,  2017 წლის 1 იანვრამდე გამოსაყენებლად უფლებამოსილად ცხადდება ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულება, თუ ასეთი არსებობს, ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ ნორმატიულ აქტს. ისინი, კარგია თუ ცუდი, არავის უღიარებია.

 

ცხადია, ესეც ვიღაცას აწყობს და ამით კომფორტულ გარემოს იქმნის.

 

- ისეთი მძიმე სურათი დახატეთ, რომ გამოსავალსაც ვერ ვპოულობთ...

 

დიახ, აშკარად გამოკვეთილი ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს, ერთადერთი, რაც მაიმედებს, ესაა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის ვალდებულება. 

 

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ევროპული კანონმდებლობა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება.

 

ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

24-12-2015, 11:06
უკან დაბრუნება