ივერიონი / ჰამლეტ ჭიპაშვილი: რა უბედურებაა, როგორც კი რუსეთს ვახსენებთ იმწუთსვე ყალყზე ვდგებით!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რა უბედურებაა, როგორც კი რუსეთს ვახსენებთ იმწუთსვე ყალყზე ვდგებით!

 

„ივერიონთან“ რუსული „გაზპრომის“ საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობაზე და ამ საკითხისადმი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე კომენტარი პოლიტოლოგმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა გააკეთა.

 

-ბატონო ჰამლეტ, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი რუსული „გაზპრომის“ საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით. მთავრობა ამას პრაგმატული დივერსიფიკაციის მოტივით ხსნის, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს. 

 

ისინი მიიჩნევენ, რომ „გაზპრომის“ საქართველოთი დაინტერესება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. ზოგი უფრო შორს მიდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მიმართულია აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

 

აღნიშნულს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას.

 

თქვენი აზრით, რა ნაღმი შეიძლება  იყოს ჩადებული მთავრობის გადაწყვეტილებაში, რომელიც „გაზპრომის“ შესაძლო შემოსვლას უკავშირდება?

 

-ეს არაა სწორი ინფორმაცია. არავითარ „გაზპრომის“ შემოსვლას ადგილი არ აქვს. აქ სულ სხვა რამ იგულისხმება.

 

უპირველეს ყოვლისა, მოგეხსენებათ, რომ გაზპრომს“ გაზი შეაქვს სომხეთში. ამ ტრანზიტიდან საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორეც, რუსეთსა და ირანს შორის არის მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ გაცვალონ გაზი, ანუ, რუსეთი სომხეთის მეშვეობით გაზს მიაწვდის ირანს, რომელსაც ირანი ქვეყნის ჩრდილოეთით გამოიყენებს. ხოლო, ირანის სამხრეთის კარს ფაქტობრივად რუსეთი გამოიყენებს. ასეთი გაცვლა-გამოცვლა, მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე...

 

ის ინფორმაცია, რომ საქართველოს შემოაქვს, ან უფრო სწორად, რუსეთის „გაზპრომი“ შემოდის საქართველოში, თუნდაც შეესაბამებოდეს სინამდვილეს, რა არის ამაში ცუდი? - პირიქით, რაც უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება  სხვადასხვა გზიდან მოვიპოვოთ გაზი, მით უკეთესია. შესაბამისად, ამაში საშიშს და სახიფათოს ვერაფერს ვერ ვხედავ!

 

არც ისეა საქმე, როგორც ამას „ნაციონალები“ ხედავენ და სხვა ისეთი ექსპერტები, რომლებიც სრულიად არ არიან ჩახედული საქმეში. 

 

ჩვენი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ერთი საშინელება გვჭირს - როგორც კი რუსეთის ხსენებაა, იმწუთასვე ყალყზე ვდგებით. თითქოს უკეთესია, ვთქვათ, თურქეთთან ურთიერთობა(!!!).

 

აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ეს არ შეეფერება იმ „საშინელებას“, რის შესახებაც სისტემურად წერენ ქართულ პრესაში და საუბრობენ ტელევიზიებში.

ის აზრი, რომ ეს თითქოსდა აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული, სრული აბსურდია. 

 

თვითონ აზერბაიჯანი ითხოვს რუსეთისგან გაზს. აზერბაიჯანს, მიუხედავად ალიევის განცხადებისა, რომ თითქოს მას იმდენი გაზი აქვს, ყველას ეყოფა, არ შეესაბამება რეალობას. ეს მართლაც ასე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ მოხდებოდა ე.წ. „ნაბუქოს“ პროექტის განხორციელება. მაგრამ ეს პროექტი უპირველეს ყოვლისა არ განხორციელებულა იმიტომ, რომ აზერბაიჯანს არ აქვს საკმარისი გაზი, რათა დააკმაყოფილოს ევროპის მოთხოვნილება!

 

რაც უფრო მეტი იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან გაზის შემოტანა, თუნდაც, ირანიდან, რუსეთიდან საქართველოსთვის (ნუ აზერბაიჯანი თავისთავად ჩვენი პარტნიორია და ა.შ.) მით უკეთესია.

 

შესაბამისად, ეს თემა არაა ისეთი სალაპარაკო, რომელსაც საქართველოს დღევანდელობაში აქვს ადგილი. ესაა ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესი, რომელიც საჭიროებს სხვანაირ მიდგომას და არა პოლიტიკურ ლანძღვა-გინებას...

 

           ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

 

11-01-2016, 15:57
უკან დაბრუნება