ივერიონი / პრეზიდენტმა მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე მიულოცა

პრეზიდენტმა მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე მიულოცა

"დროშას აღმართავენ მაშინ, როცა სულს თავისუფლება სწყურია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა და მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე მიულოცა. 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ თავისუფალი ადამიანებით და მზად ვართ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.

 

მისი თქმით, სპციალურად ამ დღისთვის ეროვნული დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელსაც გერბთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეინახავენ. 

 

"მოგესალმებით ახალგაზრდებო ვინც 9 წერტილში ქვეყნის ეროვნული დროშა აღმართეთ. მივესალმები იუნკერებს, რომლებიც დროშის ჭეშმარიტები არიან და ყველა ქართველს. 

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ჩვენ დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც გერბთან ერთად სასახლეში იქნება დაბრძანებული.

 

ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს.

 

დროშა არის ისტორიული გმირობის მატარებელი, ჩვენი დროშა მომავლისკენ არის მიმართული. როცა ამ მნიშვნელოვანი სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ვფიქრობთ მომავალ გამარჯვებებზე და წარმატებებზე, რომელსაც მომავალში მოვიმკით.

 

დროშას აღმართავენ მაშინ, როცა სულს თავისუფლება სწყურია. მას მართავენ ყველაზე მაღლა, რათა ყველამ დაინახოს და იამაყოს. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

 

ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი ადამიანებით, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ დროშის დღეს და ბედნიერებას გისურვებთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

14-01-2016, 15:45
უკან დაბრუნება