ივერიონი / ახალციხის უნივერსიტეტი შესაძლოა, დაიხუროს!

ახალციხის უნივერსიტეტი შესაძლოა, დაიხუროს!

განათლების სამინისტრომ ახალციხის უნივერსიტეტს გაურკვეველი მიზეზებით აკრედიტაცია შეუჩერა, რამაც, შესაძლოა, უნივერსიტეტის დახურვა გამოიწვიოს.


ამის შესახებ "ივერიონს" "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ამირეჯიბმა აცნობა.


ლაშა ამირეჯიბი: ახალციხის უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ფუნქციონირებს. მან 3 კვირის წინათ გაიარა აკრედიტაცია, 1 კვირის წინ კი, ის სამინისტრომ შეუწყვიტა. ჯერჯერობით, ბუნდოვანია მიზეზები, რის გამოც უნივერსიტეტს აკრედიტაცია შეუჩერდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აკრედიტაციის გავლა სოლიდურ თანხებს უკავშირდება, რაც 3 კვირის წინ გადაიხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. ახლა, ამ თანხის გადახდა ხელახლა მოუწევს, რათა სააკრედიტაციო განაცხადი შეიტანოს.


დაზუსტებით არავინ იცის, რატომ შეუწყდა აკრედიტაცია ახალციხის უნივერსიტეტს. ახალციხეში ინფორმირებული საზოგადოება 3 მიზეზს ასახელებს:
1. ახალქალაქში იყო კოლეჯი, რომელიც შეუერთეს უნივერსიტეტს. ეს მოხდა 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს _ ვის ეცალა არჩევნების მეორე დღეს უნივერსიტეტისთვის კოლეჯის მიერთებისთვის. სწორედ კოლეჯისა და უნივერსიტეტის შერწყმა სახელდება აკრედიტაციის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად _ უნივერსიტეტს არ შეუძლია კოლეჯის შენახვა, თანაც ამ შეერთებით, სტრუქტურულად გაუმართლებელია და გაუმართავია უნივერსიტეტისა და კოლეჯის ერთად ყოფნა, ამიტომ შეუჩერდა აკრედიტაციაო;


2. გარკვეულ ძალებს სურთ უნივერსიტეტის რექტორის თინათინ გელაშვილის მოხსნა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და ამ გზით აიძულებენ თანამდებობა დატოვოს;


3. სამინისტროს პროექტი უმაღლესი სასწავლებლების გამსხვილების შესახებ. შესაძლოა, ამას შეეწიროს სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი.
თუ ახალციხის უნივერსიტეტი დაიხურა, ეს იქნება დანაშაული, რადგან ეს უნივერსიტეტი სამცხე-ჯავახეთში ქართული კულტურის ერთადერთი კერაა. ამ მეტად რთულ რეგიონში მას უდიდესი დატვირთვა აქვს. აქვე ვიტყვი, რომ სტუდენტთა 30% არაქართველები არიან. ახალციხეში თუ აღარ იქნება უმაღლესი სასწავლებელი, სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდობის უმცირესი ნაწილი თუ შეძლებს თბილისისა და სხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში  სწავლას, რაც ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონისთვის დიდი დარტყმა იქნება.


იმედი მაქვს, კომპეტენტური უწყებები დაინტერესდებიან, თუ რა მიზეზით შეუჩერდა აკრედიტაცია ახალციხის უნივერსიტეტს მისი მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

22-11-2012, 19:06
უკან დაბრუნება