ივერიონი / საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, თედო ჯაფარიძის გამოსვლის ტექსტს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, თედო ჯაფარიძის გამოსვლის ტექსტს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის, თედო ჯაფარიძის გამოსვლის ტექსტს აქვეყნებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

 

,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელობის ცვლილება გაანალიზების და შეფასების დროა. დროა თვალი გადავავლოთ ჩვენს წარსულს და გავიხედოთ მომავლისკენ. რადგანაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში საქართველო რამდენჯერმე ახსენა, მეც მინდა საქართველოს საკითხს შევეხო, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსები დაუთმო ჩემს ქვეყანას. გასაგებია, რომ ჩვენ ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, მაგრამ ვართ იმაზე უკეთესები, რაც ვიყავით. ეს პროგრესი არაერთხელ აღნიშნეს ევროპულმა ინსტიტუტებმა. საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა სამყაროს ამ ნაწილში გახდეს დემოკრატიის პატარა კუთხე. ქართველებმა უნდა დაივიწყონ ის პერიოდი, როცა ხელისუფლების ერთი ძალიდან მეორეზე გადასვლა რეჟიმის შეცვლად ითვლებოდა. 

ჩვენ გვჭირდება მარტივი პოლიტიკური დებატები, პროგრამების წარდგენა და გადაწყვეტილების მისაღებად მათი ხალხისადმი შეთავაზება; ჩვენ აღარ გვსურს, რომ საქართველოში არსებულმა ნებისმიერი პარტიის ევროპელმა ან სხვა ქვეყნების პოლიტიკურმა მომხრეებმა და აპოლოგეტებმა, მათი პოლიტიკური მომავალი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკურ პროცესში ყველა მონაწილის თანასწორუფლებიანობა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მივესალმებით კვლევებს, კითხვებს, საარჩევნო და მედია საშუალებების მონიტორინგს და ფაქტების დამდგენი მისიების ვიზიტებს. 

თუ გამოვლინდება არასასურველი ფაქტები:

 

პირველ რიგში, ვამხილოთ პასუხისმგებელი პირები. ვიმეორებ - პირები და არა საქართველო! კონკრეტული ფაქტები და არა ჭორები. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ერთი ქართველი თქვენს გამოსვლაში და მას „პოლიტიკური პატიმარი“ უწოდეთ. ამ დროს, ამ პირს საქართველოში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად. საქართველოში არავინ დგას სამართალზე და კანონზე მაღლა და არც საქართველოა თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი სულ მუდამ რომ უტყაპუნო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

თუ ეს ფაქტები მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერ სხვა წელს, ამ წელს ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებია. 

მოქალაქეებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სახელისუფლო ძალთა ბალანსის გამყარება, თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა არის ის, რაც გაგვაერთიანებს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ინტერესები, სიმპათიები და სისუსტეები. მაგრამ ეს ხომ ჩვენი პირადი საქმეა. პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ ლიდერებს, პრეზიდენტებს და ვიცე პრეზიდენტებს გააჩნიათ მანდატი და მოვალეობა: ემსახურონ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ჩვენ აქ, საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ ამისათვის ვართ არჩეულები! ამიტომაც, გთხოვთ ნუ შეაფასებთ და განსჯით ქვეყნებს პირადი წარმოდგენების საფუძველზე. გთხოვთ დაეყრდენით ზუსტ ფაქტებს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 25 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

26-01-2016, 15:07
უკან დაბრუნება