ივერიონი / ალეკო ელისაშვილი: ზაუტაშვილს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია!

ალეკო ელისაშვილი: ზაუტაშვილს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია!

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მანანა კობახიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს. 

 

„გაცხარებულ და გაწიწმატებულ მანანა კობახიძეს გადაეცით, რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, მისი არაერთგზის სატელეფონო ზარისა და თხოვნის შემდეგ შევხვდი. მარტივი გადასამოწმებელია ეს ფაქტი. კვალიფიციური, წესიერი და სინდისიერი ადვოკატის შერჩევაც ანასტასია ზაუტაშვილმა პირადად მთხოვა. სათაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში არაზუსტი იყო - მე მსჯავრდებულს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია. 

 

ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ და მაგდენი რომც მინდოდეს არც შემიძლია, უბრალოდ ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს. ასე რომ ქალბატონო მანანა, სანამ რამეს იტყოდეთ, გირჩევთ ჯერ გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ ხოლმე. 

 

ვიცი მძიმე დღეში ხართ, ვიცი ანასტასია ზაუტაშვილთან ჩემმა შეხვედრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც მოთოკეთ თავი. თორემ ხომ ხედავთ რამდენ შეცდომას უშვებთ. ეს შეცდომები კი ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ. ისიც იცოდეთ რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში. 

 

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში მოინახულა. 

28-01-2016, 12:00
უკან დაბრუნება