ივერიონი / ნოდარ ხადური ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ნოდარ ხადური ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მუდმივი მომხსენებელი, ანდრეს მამიკინსი (Andrejs Mamikins) ხელმძღვანელობს.

 

დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა.

 

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, მათ შორის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების მიმართულებით.

 

დელეგაციის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილია იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა მოსახლეობის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიმართულებით. მათი განცხადებით, „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.

 

სოციალისტური და დემოკრატიული ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" წარმოადგენს სიდიდით მეორე საპარლამენტო ჯგუფს და მის შემადგენლობაში შედის 195 დეპუტატი.

28-01-2016, 12:06
უკან დაბრუნება