ივერიონი / ლია რუსიაშვილი: ჯადოსნური ბომონები წმინდა მამათა სწავლებით უნდა დავამხოთ!

ლია რუსიაშვილი: ჯადოსნური ბომონები წმინდა მამათა სწავლებით უნდა დავამხოთ!

 გასულ საუკუნეში  მღვდელ-მონაზონისერაფიმროუზი  ასე  აფრთხილებდა ადამიანებს:

" _ ბავშვებს უკვე აღარც ზრდიან. თავად ის იდეა, რომ ისინი უნდა აღვზარდოთ განსაზღვრული სულისკვეთებით და პრინციპებით -- არ არსებობს. ისინი თავისთავად იზრდებიან, გარემომცველი სამყაროს, ყოველგვარი გავლენის ქვეშ ექცევიან და შედეგად რაღაც ძალიან არასერიოზულს ვიღებთ. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ როცა ბავშვები გაიზრდებიან, მრავალი მათგანი უბრალოდ ჭკუიდან იშლება, ეზიარება სხვადასხვა ველურ და საშინელ რელიგიას, ხდება ნარკომანი, დამნაშავე და უამრავ უაზრო საქციელს სჩადის..."

 

50 წლის წინ ამერიკაში დაწერილი  ეს სიტყვები,  ზუსტად მიანიშნებს იმ საშიშროებაზე, რაც ემუქრება მშობლების და ოჯახის ყურადღების გარეშე დარჩენილ მომავალ თაობას -  თუ  არ გამონახავთ დროს ბავშვებისთვის, რათა მათ შეიმეცნონ უმთავრესი სულიერი ღირებულებები, თუ  თავს ინუგეშებთ იმით, რომ  ბევრს მუშაობთ და ძალა აღარ შეგწევთ მათთან საკონტაქტოდ და  სინდისს დაიმშიდებთ, რომ ამას ისევ შვილების კეთილდღეობისთვის აკეთებთ, აი, მაშინ, მათ თქვენს ნაცვლად სწორედ ის გარემო აღზრდის, რომელზეც საუბრობდა  სერაფიმ როუზი.  და რაც მშობლობას  ვერა და, ბოროტ დედინაცვლობას   კი  ნამდვილად გაუწევს  ბავშვებს.

 

 

რით უნდა დაუპირისპირდეს საქართველოსნაირი, უდიდეს კულტურულ ტრადიციებს მოწყვეტილი  და  გლობალისტურ დუდუკზე გადაწყობილი ქვეყანა ამ ყოვლისმომცველ აპოკალიფსურ ტემპს?

 

რით უნდა გადაირჩინოს საკუთარი ღირსება, თვითმყოფადობა, ეროვნული სახე, ზნეობა და მორალი?

რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ, მართლმადიდებლურ,  ტრადიციულ კულტურაზე გაასმაგებული ზრუნვით. ამ თვალსაზრისით საბავშვო მწერლობა ერთერთი უპირველესი სფეროა.

 

 

„სალი კოლხელის“ წერაც  სწორედ იმ მიზნით დავიწყე, რომ  აღმდგარიყო ჩატეხილი ხიდი მშობლებსა და შვილებს შორის და საღამოობით ერთად წაეკითხათ, ეაზროვნათ,  ემსჯელათ იმ მოვლენებზე, რაც პატერიკული ისტორიების პარალელურად აღწერილია წიგნში.   

 

    საკითხში გარკვევის მიზნით მოვიხმობ მცირე ამონარიდს  პუბლიცისტ ზვიად ნოდიას  ცნობილი  წერილიდან - „არა ჩვენითა, არამედ ქრისტე ღმერთითა...“:„სალი კოლხელში“ ჯადოქრული  ეპიზოდები იმიტომაა აღწერილი, რათა გვახსოვდეს და ფხიზლად ვიყოთ, რომ მართლაც არსებობს ბოროტი ძალები. იგი მხოლოდ ზეპირ და წერილობით გადმოცემებში როდი გვხვდება, არამედ, პირად ცხოვრებაშიც, რის მიმართაც შესაბამის მზაობას უნდა ვავლენდეთ. ჯადოქრული ეპიზოდების ჩვენება სწორედ იმისთვისაა საჭირო „სალი კოლხელში“, რომ განსხვავება მასსა და „ჰარი პოტერს“ შორის თვალნათელი შეიქმნას, რათა მოზარდმა გასაგებად წარმოიდგინოს და გააცნობიეროს კეთილი ძალისა და ბოროტი ძალის სხვაობა,  გააცნობიეროს ისიც, რომ  ბუნებაში არ არსებობს „კეთილი“ და „ბოროტი“ ჯადოქარი, რადგან ჯადოქრობა ბოროტისგანაა, რომ კეთილი და მართალი უნდა ეძებოს და ისწავლოს ღმერთში, მის ეკლესიასა და მის  ხალხში, რომლებიც სამართლიანად იბრძვიან და იმარჯვებენ ბოროტზე და რომ ღვთის სასწაული არ აერიოს ეშმაკის ცრუსასწაულში და საერთოდ, ქრისტიანული ცხოვრების წესის მაგიერ სხვა, დამღუპველი ცხოვრების გზა არ აირჩიოს... „სალი კოლხელში“  ჯადოქრობა  განიხილება როგორც ფაქტი,  როგორც ბოროტება, რომელიც იოლადაა დასაძლევი ქრისტიანობით, რამეთუ  სწორედ ქრისტეა ეშმაკის და ჯადოქრების დამთრგუნველი  და ასევე  მისი წმინდანები,  რომლებიც  ამგვარ მოვლენებს ღვთის შემწეობით ააშკარავებენ  და ამარცხებენ. აქვს თუ არა მწერალს უფლება, რომ ასახოს ასეთი ამბები? ცხადია, აქვს კი არა, მოვალეცაა, რომ აღწეროს ქრისტიანობის ბრძოლა ეშმაკეულობასთან!   როგორც წმინდა მოსეს, ღვთის კაცს მოუწყვეს ეგვიპტელმა მოგვებმა ცრუსასწაულები, მაგრამ ვერ აჯობეს და პირუკუ, ღვთის კაცმა დაამარცხა ეშმაკის ქურუმები, ასევე, ამ წიგნის მიზანია დაანახოს მკითხველს, როგორ ამარცხებს  ღმერთი და მისი წმინდა ეკლესია სატანას და მის ჯადოქრულ ძალებს.  აი, ამ საღვთო ძალას უწევს  „სალი კოლხელი“   პოპულარიზაციას განსხვავებით „ჰარი პოტერისგან“, რომელმაც პირიქით, დემონურ ძალას გაუწია პოპულარიზაცია და რის შედეგადაც,  უამრავი მოზარდი სატანისტთა რიგებში გაწევრიანდა...“

 

გამომცემლობა „ივერიონი“  მალე გამოსცემს  „სალი კოლხელის“ მეორე ტომს „ოქროს ვაშლის საიდუმლოებას“, სადაც მკითხველი საინტერესო თავგადასავლის ფონზე გაეცნობა ბოლო ჟამის პერიოდისთვის დამახასიათებელ  სულიერ  საშიშროებებს და მათგან თავდაცვის წესებს,  წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით.   

 

 

დიდ მადლობას ვუხდით  მკითხველებს და განსაკუთრებით ბავშვებს,  რომლებიც  ამ წიგნის მიხედვით ქმნიდნენ ჩანახატებს  და მოთხრობებს,  გვიგზავნიდნენ წერილებს, გვიწვევდნენ სასწავლებლებში და გვთხოვდნენ, მალე დაწერილიყო „სალი კოლხელის“ გაგრძელება.

 

ქრისტეღმერთი შეეწიოს ყველა მართლქრისტიანს და დაე, მეც მომცეს დანარჩენი წიგნების დაწერის ძალა-შემწეობა, რათა ღვთივგანბრძნობილ მამათა სწავლებებით დამხობილ იქნას მკითხველთა ცნობიერებაში ჯადოსნური  ბომონები.

 

 

 

 

28-01-2016, 13:37
უკან დაბრუნება