ივერიონი / ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ტემპერატურის მატების გამო ზვავსაშიშროებაა, რის შედეგადაც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

 

ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები: 

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

 

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 

 

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

 

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო 27 იანვარს გვიან ღამით აიკრძალა. 

29-01-2016, 10:45
უკან დაბრუნება