ივერიონი / რაზე მიგვანიშნებს აშშ დაზვერვის სამსახური და ვინ იქნება „ოცნების“ მთავარი მოწინააღმდეგე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?!

რაზე მიგვანიშნებს აშშ დაზვერვის სამსახური და ვინ იქნება „ოცნების“ მთავარი მოწინააღმდეგე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?!

 

 

საქართველოს პოლიტეკონომია (1.02.2016 – 11.02.2016 )

 

მიხეილ ჯიბუტი,

„ქართული პლატფორმა“

 

არის ასეთი პარტია!

9 თებერვალს კონგრესში აშშ  ნაციონალური დაზვერვის ( National Intelligence) დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა (James Robert Clapper) დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში  საქართველოსაც შეეხო და შეაფასა საქართველოს ახლანდელი სიტუაცია და გამოწვევები. ამ შეფასებასთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი გაკეთდა საქართველოში იმ კუთხით, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს საგარეო ორიენტაცია- დასავლეთი, თუ რუსეთი.

 

არავის, ხაზგასმით ავღნიშნავ, ა რ ა ვ ი ს  საჯაროდ არ მიუქცევია ყურადღება ბატონ კლეპერის მოხსენებიდან, სადაც ის მიუთითებს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობაზე.

 

აშშ საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ კლეპერის გზავნილი ასეთია:  „ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე“.

 

ეს დასკვნა იგივეა, რაც ჩემი დასკვნა ეკონომიკის, როგორც მთავარი ოპოზიციური „პარტიისა“ და მისი დაუნდობელი ბრძოლის დაწყების შესახებ“, რომელიც წინ უსწრებდა დროში კლეპერის დასკვნას (25.01.2016).

(http://iverioni.com.ge/15751-akhali-opoziciuri-partia-daundobel-brdzolas-itsyebs.html.

 

მკითხველთა ერთმა ნაწილმა ალბათ მასალის ზერელად გაცნობის გამო, არ მიაქცია ყურადღება, რომ აქ კონკრეტულად ეკონომიკაზე და მის პოლიტიკურ ზეგავლენაზეა საუბარი).

 

განუზომელია ავტორიტეტის სიდიდით და ნებისმიერი პარამეტრით  აშშ  ნაციონალური დაზვერვის სამსახურის მეტობა ერთ პროფესორთან შედარებით, მაგრამ თუ  მათი  დასკვნები ემთხვევა, ეს დასკვნები ერთნაირი მნიშვნელობისა და წონის ხდება.

 

 

როგორ უნდა გავიგოთ გენერალის მინიშნება? რა არის ეკონომიკის მთავარი გამოწვევები?

 

საქართველოს მთავარი მიმდინარე პოლიტეკონომიური გამოწვევა  ეკონომიკისა და პოლიტიკის დარღვეული თანაფარდობაა.

 

„არსებულმა პოლიტიკამ, ქვეყნის მართვის არსებულმა მოდელმა, როდესაც მმართველი ძალა მონოპოლიურად ფლობს ხელისუფლებას, მაგრამ არ გამიჯნავს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს პარტიულისგან,  ხოლო  პარტიული ვალდებულებები ექვემდებარება ერთ კაცს - ამოწურა თავისი თავი ეკონომიკისთვის.“

 

აუცილებელია ეკონომიკის ზრდა . ეს ყველას ესმის. საქართველოს პრეზიდენტმა  საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ „2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე“.მაგრამ როგორ იქნას მიღწეული ეს ორიენტირი - არ უთქვამს.

 

ეკონომიკის ზრდის მისაღწევად ამ ეტაპზე უმთავრესი ფაქტორია ხელისუფლების ხარისხი და ეფექტიანობა.

 

დღეისათვის ეკონომიკის შემაფერხებელია ხელისუფლების სამივე შტო - საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო, თუმცა „ოცნების“ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რაც უფრო მეტი დრო გადის , სულ უფრო მეტი და მეტი  წილი მოდის  სასამართლო ხელისუფლებაზე.

 

სასამართლო გახდა ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორი თავისი დაბალეფექტიანობით. მე აქ არ განვიხილავ სამართლიანი სამართლის, ან საკადრო შერჩევის საკითხებს სასამართლოში. ეს საკითხებიც (მურუსიძე-გვენეტაძე-ახვლედიანის სკანდალები) , რა თქმა უნდა , სასამართლოს ნდობას უკარგავენ და ირიბად მოქმედებს ბიზნეს-, სამეწარმეო გარემოზე. მე მხედველობაში მაქვს სასამართლოს მიერ ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების პირდაპირი შეფერხება.

 

სასამართლოში  საქმეების განხილვის ხანგძლივობა , რომელიც მოიცავს არა ერთ და ორ წელიწადს, შოკში აგდებს ისეთ დინამიურ სფეროს, როგორიცაა ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკის დროს სახელშეკრულებო სამართალია ეკონომიკის წესრიგის დასაყრდენი და თუ მასთან დაკავშირებული დავები სასამართლოში ოპერატულად არ გადაწყდება, ეკონომიკა იწყებს სტაგნაციას. სასამართლო სისტემა ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით კოლაფსშია. სხვადასხვა მონაცემებით, თითო მოსამართლეს დაუგროვდა 300-800 საქმე განსახილველად. ეს მდგომარეობა სასამართლო სისტემას აქცევს ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთ უმთავრესი  (შეიძლება უმნიშვნელოვანეს) შემაფერხებელ ფაქტორად. 

 

რა უნდა გაკეთდეს? ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობა და  სისტემა შესაცვლელია. ამ ცვლილებებში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სასამართლოსი სტრუქტურული, ან პერსონალური სპეციალიზაცია ეკონომიკურ საკითხებზე.

 

სასამართლო სისტემამ რომ „გაჭედა“, მის გარეთ არსებული ფაქტორების ბრალია. ამის მიზეზია ცუდი კანონები და აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალეფექტიანი მოქმედება.

 

აღმასრულებელი სტრუქტურები, როგორც  „უნიათო“ ისეა შეფასებული საზოგადოებრივი აზრის მიერ. საკითხების გადაწყვეტის დაბალი დონე და დავების სასამართლომდე მოგვარების უუნარობა პირდაპირ ასტიმულირებს საჩივრების ნაკადის ზრდას სასამართლოებისკენ. ხშირად სასამართლოში საქმეებს  ახლობლური რჩევითაც აგზავნიან, მომავალში პრობლემების თავიდან აშორების მიზნით. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც კანონის ნორმები ბუნდოვანი ან/და ორაზროვანია.

 

კანონის ხარისხის თემა ცალკე პრობლემაა დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან. ამის შესახებ სხვა დროს.

 

რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირველობა ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესებაში არავის დაუთმოს.

 

უკვე რამდენიმე თვეა (გასული წლის სექტემბრიდან) სისტემატურად ვსაუბრობ საქართველოში ეკონომიკის ფუნქციონირების ტიპის შეცვლაზე - დეფლაციური სტადია შეცვალა  ინფლაციურმა სტადიამ.  თუ პირველის შემთხვევაში ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი სამიზნე არის დასაქმება, ეხლა მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ინფლაცია და ორივე შემთხვევაში უცვლელია ეკონომიკის ზრდის ამოცანა. (ეკონომიკის „ექსპერტებს“ ვთხოვ ყურადღება მიაქციონ სიტყვას „მთავარი“).

 

კვირიკაშვილის მთავრობა ამ დროს რას აკეთებს?

 

იმის ნაცვლად რომ შეამციროს ხარჯები, ამცირებს შემოსავლებს!

 

სხვადასხვა გონივრული ვარიანტი შეიძლება არსებობდეს შექმნილ სიტუაციაში:

შეამცირო ხარჯები - უცვლელი შემოსავლების პირობებში!

უცვლელი ხარჯების პირობებში - გაზარდო შემოსავლები!

 

მაგრამ შემოსავლების უკმარისობისა და კრიზისის დროს შეამცირო შემოსავლები- ეს არის  ის -მკითხველს ვთხოვ გაიხსენოს რაც კი უარყოფითისა და ცუდის აღსანიშნავად სიტყვა/წინადადება/წყევლა/გინება იცის და ჩასვას აქ.

 

მხედველობაში მაქვს ე.წ. პრემიერის ინიციატივა მოგების გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც 11 თებერვალს მოიწონა საქართველოს მთავრობამ და კანონპროექტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

 

ამ  ინიციატივის „შეფუთვა“ ესტონურადაც არაა კორექტული, თუმცა, მე დეტალებში აქ არ შევალ.

მთავრობის აზრით, ეს ღონისძიება ორი წლის განმავლობაში შეამცირებს შემოსავალს და შემდეგ იცოცხლეო...

 

მოგების გადასახადის რეფორმა... ითვალისწინებს ორი წლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა გრძელვადიან პირობებში ეს თანხები სრულად ანაზღაურდება“ (http://for.ge/top_news.php?news_id=5136)

 

მანამდე რა ხდება?

 

თვალსაჩინოებისთვის ორი მინიშნება:

 

კიდევ უფრო გაიზრდება ისედაც შესამცირებელი ხარჯები  და გაიზრდება აღებული ვალდებულებების შესრულების დაძაბულობა.

 

მეწარმე მოგებას თუ ჩააბრუნებს წარმოებაში - ტექნიკასა და ტექნოლოგიას სად იყიდის? უცხოეთში. რა ვალუტით? უცხოურით. ეს ხომ გაზრდის მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე  ქვეყანაში და შეამცირებს ლარის კურსს?ლარი ხომ კიდევ უფრო გაუფასურდება?

 

ვთქვათ დავუჯერეთ.

 

ახალი სისტემა სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთო - ზაფხულისთვისო- 1 ივლისიდან.

მოგებისათვის საანგარიშო პერიოდი 1 წლის ნაცვლად გახდება 1 თვე.  მოგების ბუნება ვინც იცის, მიხვდება, რომ შუა წლისთვის ასეთი გადასახადისთვის რეჟიმის შეცვლა ბუღალტრული თვალსაზრისით რა პრობლემაა, რომ არაფერი ვთქვათ თვით იმ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც, სამეურნეო წლის ფარგლებში საგადასახადო ცვლილებები, რბილად რომ ვთქვათ,-არასასურველია- წლის გეგმებს უნგრევს ადამიანებსა და ბიზნესს.

 

რაშია საქმე? რატომ არ გვჯერა მთავრობის?

 

მთავრობას, რომ გონებაში გარდა 2016  საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების შენარჩუნების მეტი   სხვა რამ რომ დიდად  არ აწუხებს - ეჭვი არ მეპარება. ეს სვლა, ჩემი აზრით, სწორედ საარჩევნოდ ბიზნესის გულის მოსაგებად (და მარტო გულის მოსაგებად?) არის განსაზღვრული.

 

თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოგების ერთვიანი ანგარიში ამ გადასახადს ისეთივე კომფორტულ გადასახადად აქცევს ბიუჯეტისთვის, როგორც ეს დღგ-ს შემთხვევაშია, ცდება.

 

ვშიშობ ამ რეფორმის შედეგი არა მარტო მოკლე, არამედ ხანგრძლივი პერიოდისთვისაც იქნება უარყოფითი (გადასახადების გაზრდა უკუსვლით ისე ადვილი ვერ იქნება-კანონით აკრძალულია).

 

ეკონომიკის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ქცევამ შეიძლება შექმნას სიტუაცია, როდესაც კითხვზე: ვის შეუძლია ეხლა ოცნების გარდა მართოს ქვეყანა, იქნება ქართველი კაცის უკვე ნათქვამი პასუხი - „არის ასეთი პარტია“.

ჩემი თუ არ გჯერათ - ამერიკელ გენერალს მაინც დაუჯერეთ!

 

რაც მე ეხლა ამ საკითხებში ხელისუფლებასთან მაერთიანებს ისაა, რომ მსურს ვცდებოდე!

 

ანაკლიის პორტი

8.02.2016  საქართველოს პრემიერმა ბრიფინგი გამართა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით.

 

2016 წლის 5 თებერვალს სამთავრობო კომისიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დაასახელა. 

 

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს" და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International"-ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions"-ი.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური  400 ჰექტარს დაიკავებს. ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები აცხადებენ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს ( http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=53893).

 

ამ გადაწყვეტილებას ბევრი ოპონენტი ჰყავს და დეტალები დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

 

თავისთავად ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკურ  ისტორიაში საყდრისის, ფოთის პორტის, ფოთი -თბილისის რკინიგზის, ჭიათურის „შავი ქვის“, ბაქო -ბათუმის, ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენების, რუსეთი-თბილისი-ერევნისა  და  ბაქო თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტოლფასი პროექტია.

 

თუმცა, ამ ისტორიაში ყურადსაღებია, პრემიერის განაცხადი  ბრიფინგზე: „ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის". ეს პოზიცია წარმოშობს კითხვებს, მათ შორის იმის შესახებაც თუ როგორ წარმოუდგენია ხელისუფლება თავისუფალი ზონის პრინციპის განხორციელება ოკუპირებული ტერიტორიის გაგრძელებაზე?

 

ნეო-კოჰაბიტაცია

3.02.2016. საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი 2016 წლის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებით წარსდგა.

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მსგავს  მოხსენებას ოცნების კოალიციის  ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველად დაესწრო მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მანამდე გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის   ადმინისტრაციაში 29 იანვარს გამართულ  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას.

 

აშკარაა ახალი კოჰაბიტაციის დაწყება პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებში.

 

ეს გამოჩნდა არა მარტო სხდომაზე მთავრობის დასწრებაში, არამედ, შემხვედრი ჟესტის სახით  პრეზიდენტის სიტყვაში პრემიერის „რეფორმებისადმი“ მხარდაჭერაში. მარგველაშვილმა გამოსვლისას განაცხადა, რომ მიესალმება „საქართველოს პრემიერმინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. კერძოდ:

 

* სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები;

* ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები;

* აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე;

* ... განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა.“

 

რაში გამომჟღავნდება კოჰაბიტაცია  და ხომ არ გახდება ის შემდგომში მხოლოდ ხელისუფლების კომფორტული ცხოვრების მექანიზმი, დრო აჩვენებს. გამოჩნდება  პრეზიდენტის სასასხლის , ან უცხოეთში ვინ წავიდეს თემა მოიხსნება თუ არა?

 

რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს- ის საგანგაშოა.

 

ჯერ ერთი, რას ნიშნავს 4-პუქტიანი გეგმა . ვინ მიიღო ეს გეგმა? სად არის ამ გეგმის დამტკიცების ნორმატიული აქტი?

 

ს არის ტიპიური არაფორმალური მართვის მაგალითი, როდესაც სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე იწყებს სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებას.

 

სად გაეცნო პრეზიდენტი მოცემულ გეგმას?

 

რა არის ამ გეგმის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი?

 

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ პარლამენტში არავის არ დაებადა კითხვა, კი მაგრამ საქართველოს პარლამენტმა ხომ საქართველოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა მის მიერ წარმოდგენილი პროგრამის  „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის“ მიხედვით 2015 წლის 27 დეკემბერს, სადაც 4 პუნტიცაა და 200-იც!

 

რა ხდება? დანარჩენ 196 პუნქტზე მთავრობამ უარი განაცხადა და მხოლოდ 4 პუნქტის შესრულებით აპირებს საქმიანობას?

 

პრიმიტივიზმი მმართველობაში -განვლილი ეტაპია.

 

ან ეკონომიკის მართვის რთული სისტემის რთული სისტემით წარმართვა და წარმატება, ან მმართველობის არსებული სისტემა!

 

ასე დგას საკითხი.

12-02-2016, 17:49
უკან დაბრუნება