ივერიონი / ის, რაც აღმოჩნდა ციხისძირის ხეების თხრის დროს- საგანგაშოა!

ის, რაც აღმოჩნდა ციხისძირის ხეების თხრის დროს- საგანგაშოა!

 

   მიხეილ ჯიბუტი

 

მაქვს პრინციპად-იმ საკითხებზე, რომელთანაც პროფესიულად დაკავშირებული არ ვარ, საჯაროდ არ ვილაპარაკო. მაშინ რამ მაიძულა დამერღვია ეს პრინციპი ციხისძირის ხეების გადარგვასთან დაკავშირებით? არც დამირღვევია. ეს ამბავი რამოდენიმე დღეა რაც სკანდალური ფორმით ვითარდება და მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი საჯარო სივრცეში არ გამომითქვამს, მაგრამ 13 თებერვალს,  საღამოს, როდესაც დღის ამბების გაცნობა დავიწყე, ვნახე, რომ ციხისძირის ხეების თხრის დროს აღმოჩნდა ისეთი რამ, რაც უშუალოდაა დაკავშირებული ჩემს პროფესიულ ინტერესებთან და ამავე დროს მასში მოცემულია საქართველოსათვის დიდ საფრთხის შემცველი ინფორმაცია.

 

ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორის ზურაბ კიკნაძის განმარტებით (1) "ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები"; (2)მას ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის აქვს:

 

-"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს."(http://www.ambebi.ge/sazogadoeba/155287-qkheebi-gaiyida-rogorc-modzravi-nivthebiq-cikhisdzirshi-samushaoebis-mtsarmoeblis-komentari.html).

 

თუ ყველაფერი ეს არ არის მართალი -ვუთითებ წყაროს და ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ისაა. თუ ყველაფერი ეს მართალია - მაშინ ცხადია მდგომარეობის სიმძიმე.

 

ხეები მოძრავი ნივთის კვალიფიკაციით რამდენად თავსებადია მათ სიცოცხლისუნარიანობასთან - სპეციალისტებმა ამტკიცონ. ჩემი აზრით,არათავსებადია.

 

მაგრამ, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მიწა ვისიცაა, ხეც მისია. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? აჭარის მთავრობა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ხეებს ჰყიდის? კერძო საკუთრების დაცვის ფიცს და კანონს რატომ არღვევს ასეთი რანგის ხელისუფლება?

 

კერძო საკუთრება ვისია?- "არა საქართველოს მოქალაქის", რომელიც ვერ იპოვეს!

 

რა ეკუთვნის მას? "მიწა რკინიგზასა და ზღვას შორის"!

 

რამდენი ასეთი გაყიდული მიწაა საქართველოში - უცნობია.

 

შეიძლება მიწას ინკოგნიტო მფლობელი ჰყავდეს? მიწის გადასახადს ვინ იხდის?

 

საქართველოსი ყველაზე მოუწესრიგებელი დღეს მიწის საკითხია. რეგისტრირებულია სარგებლობაში არსებული  მიწების მხოლოდ 30 % (მთლიანი მიწების მხოლოდ რამოდენიმე პროცენტი). არსებობს თეორიული შანსი, რომ ძირძველი ოჯახის მიწა, თუ ის რეგისტრირებული არ არის, გაიყიდოს.

 

სასწრაფოდ უნდა შექმნას მიწის ურთიერთობების მომწესრიგებელი ერთიანი კანონმდებლობა-"საქართველოს მიწის კოდექსის" სახით!

 

უნდა განხორციელდეს მიწის ნაკვეთებისა და მათი მფლობელების  სრული იდენტიფიკაცია!

 

ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება თუ დაკარგული მიწების დაბრუნებას ნიშნავს, რატომ ვკარგავთ მიწას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ ოკუპირებული არაა?

 

თუ არის და არ ვიცით?!

 

ერთი უნდა გვახსოვდეს: ისტორია წართმეული მიწის  დაბრუნების შანსს იძლევა, გაყიდულისა კი - არასდროს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13-02-2016, 22:36
უკან დაბრუნება