ივერიონი / კარგი იქნება, თუ წმიდანების: ნინოს, თამარის და ქეთევანის ხსენებას ერთ დღესაც ვიზეიმებთ!

კარგი იქნება, თუ წმიდანების: ნინოს, თამარის და ქეთევანის ხსენებას ერთ დღესაც ვიზეიმებთ!

ნინო ტარყაშვილი

 

ამას წინათ ვუყურებდი ერთ ტელეგადაცემას, სადაც ინტერვიუს იღებდნენ მსახიობ ლალი ბადურაშვილისგან. ქალბატონი ლალი ჰყვებოდა რა პრინციპით შეარჩიეს ფილმისთვის „დიდოსტატის მარჯვენა“,  ძალიან საინტერესო რამ ბრძანა: პრინციპი იყო ის, რომ შორენას უნდა ჰქონოდა ქართული, მისტიური სახე. 

 

თურმე რეჟისორი, ვახტანგ ტაბლიაშვილი ქალბატონ ლალის ყოველი გადაღების წინ ახსენებდა, რომ სახის შექმნისას მას სწორება ჰქონოდა ერთდროულად სამ წმიდანზე: ნინოზე, თამარზე და ქეთევანზე. 

 

დღევანდელი გადასახედიდან, ეს, შეიძლება, ცოტა უხერხულადაც ჟღერდეს, მაგრამ თუ ამ ფაქტს დროსთან მიმართებაში გავიაზრებთ, იგი სხვა დატვირთვას იძენს: იმ, კომუნისტების შავბნელ ეპოქაშიც იყვნენ ადამიანები, რომელთა სულსა და გულშიც წმიდანების: ნინოს, თამარის და ქეთევანის ერთიანი ხატი ცოცხლობდა და ანათებდა. 

 

რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი კი, როგორც ჩანს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად განიცდიდა ზეგავლენას მე-19 საუკუნეში აკაკი წერეთლის მიერ გამოხატული, შემდგომ მისი თანამედროვე ინტელიგენციის მიერ ატაცებული იდეისა წმიდა ნინოს, თამარის და ქეთევანის ერთიანი ხატის თაობაზე.

 

მართლაც, საოცარი ქვეყანაა საქართველო: ისტორიულად, დიდი დატვირთვა და ფუნქცია ჰქონდა ქართველ ქალს.  საქართველოს გამაქრისტიანებელი იყო ქალი _ წმიდა ნინო. საქართველოს ოქროს ხანა დაუდგა მეფეთ-მეფე თამარის მეფობის ჟამს. ქართველი ერი გამაჰმადიანებისაგან იხსნა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის მოწამეობრივმა აღსასრულმა, ანუ, როგორც ბრძანებს აკაკი წერეთელი: ამ პატარა, საქრისტიანო სამეფოში, როგორც ღვთისმშობლის საუფლისწულოში, პირველობა ყველაფერში ქალებს ერგოთ: 

 

ერთი უბრალო მოგზაური, უძლური, კაბადოკიელი ქართველი ქალის, წმიდა ნინოს წინაშე, რომელსაც, მისივე თმებით ჯვარად შეკონილ ვაზის მეტი არა ეჭირა რა ხელში, ემხობიან თავიდან ფეხებამდე აღჭურვილი მეფე და დიდებულები. ქეთევან დედოფალი საოცარ მაგალითს უჩვენებს საქრისტიანოს რჯულისა და ეროვნებისთვის წმიდა მოწამეობისას.

 

თამარ დედოფალი, რომლის მეფობის დროს სიკვდილით არავინ დასჯილა, უმტკიცებს მის შემდეგ გვირგვინოსნებს, რომ ქვეყნის გაერთგულება და ამაღლება შეიძლება მხოლოდ სიტკბოებით, ლმობიერებითა და სიყვარულით (წერილი „თამარ“). 

 

თუმცა, სამივე შემთხვევაში, ქალი აღმოჩნდა გამაგრძელებელი და დამაგვირგვინებელი მამაკაცის მიერ აღსრულებული სარწმუნოებრივი თუ ეროვნული ღვაწლისა.

 

წმიდა ნინომდე პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ და ბართლომემ იქადაგეს საქართველოში.  მეფე თამარიმდე იყო მეფე დავით აღმაშენებელი, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქარველოს ძლიერებას. დედოფალ ქეთევანის მოწამეობრივ აღსასრულს წინ უსწრებს მეფე ლუარსაბის მოწამეობრივი აღსასრული. სჯულის ერთგულებისათვის შაჰმა იგი გულ-აბ-ყალას (ვარდის წყლის) ციხეში მოაშთობინა შვილდის საბელით.

 

ნინო, თამარი და ქეთევანი _ სხვადასხვა დროს ეროვნულ-სარწმუნოებრივი ღვაწლით გაბრწყინებული სამი წმიდანი _ "მთიებთა სამაია", აკაკის თქმით: "ნათლის სვეტად წინ უძღვოდა ჩვენს დედებს, ქართველ ქალებს და მათდა სადიდებლად, უნდა გამოვტყდეთ, რომ არც იმათ უღალატნიათ ისტორიული სიმართლისათვის და ღირსეული მიმდევარი ყოფილან იმ სამთა წინამორბედთა.“ 

 

ნინოს, თამარის, ქეთევანის ერთიანი ხატების წინაშე რიდი და მოწიწება აკაკის პოეზიაშიც არაერთგან აქვს გამოხატული. 1889 წელს დაწერილ ლექსში _ „ბოდვა“ _ პოეტი მათ „დედათ გვირგვინად“ მოიხსენიებს: „აქ ნინო, თამარ, ქეთევან სამარადისოდ ქებულან, დედათ გვირგვინად ზეგარდმო კურთხევით გაბრწყინებულან“. 

 

1896 წელს აკაკის დაუწერია ლექსი „ჩემი ლოცვა“, სადაც ამბობს: „ერთ არსებაში სამივეს ვხედავ აქ მოთავსებულად! თაყვანს ვცემ როგორც ღვთაებას და თავს ვგრძნობ გაახლებულად“. 

 

შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ აქ აკაკი სამივე წმინდანის ერთიან ხატს ჰხედავს, რადგან  „გაახლებულად“ თავი წმიდათა ხატის წინ ლოცვის შემდეგ შეიძლება ვიგრძნოთ. თუმცა, შესაძლებელია, პოეტს სურდეს მომავალში გამოჩნდეს პიროვნება, რომელშიც სამივე წმინდანის თვისებები იქნება გაერთიანებული და მან იხსნას საქართველო სულიერი თუ ფიზიკური განადგურებისგან. 

 

ლექსში „სიზმარი“, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უფრო მეტად არის ცნობილი, აკაკი ხედავს, ქვეყნის გაჭირვების ჟამს როგორ ჩამოვიდნენ მიწაზე ნინო, ქეთევანი და თამარი და შესთხოვდნენ უფალს „დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი“ ქართველი ერის აღდგენას. 

 

ნუ დაუკარგავ ამ ტკბილს ენასაო – ევედრება აკაკი ღმერთს. ეს ვედრება გამოძახილია მისი თანამედროვე პოლიტიკური მწვავე რეალობისა. მოგეხსენებათ, რა მტკივნეულად იდგა სასწავლებლებში ქართული ენის საკითხი. „რომ გაათავეს თურმე ეს ლოცვა, /ზეცას შეხედეს სამთავემ ნელა/ და დაინახეს, რომ ძველ ადგილას, /გამოესახათ მათ ცისარტყელა“. 

 

დიახ, ნინოს, თამარის და ქეთევანის _ ამ "სამი მთიების" ლოცვის შეწყნარება შეუძლია უფალს.

 

„დედათ გვირგვინად“ წოდებული სამი წმიდა ქალის ერთიანი ხატის იდეა, როგორც ჩანს, უმალ აიტაცა აკაკის თანამედროვე საზოგადოებამ. რასაც, ბუნებრივია, პოეტის პოპულარობამაც შეუწყო ხელი. „ნინო _ ესაა სიმბოლო ქართველ ქალთა თავისუფლებისა, გინა დედა-ბოძი არის იმ ბრწყინვალე ტახტისა, რომელიც დიდმა თამარმა ზე აღმართა, ხოლო ქეთევანის სისხლით კი წარწერილია მასზე წარუშლელი სიტყვები: ქართველი ქალის ძლიერი ნებისა. დღეს ჩემი სამშობლო, ჩემი ერი განსაცდელშია და მეც სასოებით მოველი მისის მთლიანობის დამცველ ასულს," _ წერს განდეგილი („სახალხო ფურცელი“, 1916წ. #478. ავტორის ნამდვილი სახელი და გვარია დომინიკა ერისთავი)“ და განაგრძნობს: „და თქვენც, საქართველოს ბრწყინვალე ასულთა შთამომავალნო, ფრთა გააშლევინეთ თქვენს ლაღ სულს, შემოკრბით იმ წმინდა საკურთხეველთან, რომელსაც სამშობლო ეწოდება და ღირსეულად დაიცავით მთლიანობა ერისა! დღეს ამას თხოულობს ჩემი სამშობლო“.

 

„ნინო, თამარ და ქეთევან,

ძველთა ივერთა ნათელო!

 

შეავედრეთ ღვთისმშობელსა

ხვედრი მისი _ საქართველო.

 

მოსცეს სწავლა, სიბრძნე სრული,

ერთა შორის, სამ ნათელო.“

 

წერს ვინმე „ილია მონაზონი“ (კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი. კოლექცია # 1054). მწერალი დავით ქორიძე აღნიშნავს, რომ „ქართველთათვის ნინო, თამარი და ქეთევანი ერთმანეთისაგან განუშორებელ სამებად იყო აღიარებული.“

 

აკაკის ლექსის მიხედვით, ნინოს, თამარის და ქეთევანის ერთიანი სურათი დაუხატავს მხატვარს სიდამონ-ერისთავს(გაზ. „საქართველო“. #97-ის სურათებიანი დამატება #18). სურათს ქვეშ ამკობს წარწერა აკაკის სტრიქონებიდან: „ვნახე რომ მიწას ჩამოსულიყვნენ, ნინო, ქეთევან და თვით თამარი“.

 

 

მწერალი დავით ქორიძე შენიშნავს: "ქართველთათვის ნინო, თამარი და ქეთევანი ერთმანეთისგან განუშორებელ სამებად იყო აღიარებული“.

 

დიდი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე წერს: „გვყავს სამი დედა: წმიდა ნინო, მეფე თამარ, დედოფალი ქეთევან. თვითეული მათგანი თავისებურ ასახიერებს ქალურ თაურს. ნინომ დამყნა საქართველოს ხის ტანში ქრისტეს სჯული _ ხე იქცა ნამყენით. „ხედ სიცოცხლისა“. თამარმა განფინა შარავანდით ხელმწიფება ქართველთა, დგინებული დავით აღმაშენებლის მიერ. ქეთევან ეწამა ნაქმისათვის, როგორც ნინოსი, ისე თამარისა.“

 

ამ სამის ერთობითს მუხლში მოქცეულია უშრეტი ენგადი ქართველთა ყოფისა. სასურველია ეს სამი _ ნინო, თამარ, ქეთევან _ ერთად მოვიგონოთ, დღესასწაულისთვის მე ვირჩევდი რომელიმე დღეს მწიფობისთვისა.

 

1997 წელს ქ. რუსთავის მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა, სტუდია "გუთანის“ თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის ეს მცირე სათხოვარი მისივე ანდერძს დაუკავშირა და სამი წმიდა დედის მოხსენიების დღედ გრიგოლის დაბადების თარიღი, მწიფობისთვის 28 დასახა. მათი ინიციატივით შეიქმნა ასევე წმიდა ნინოს, თამარის და ქეთევანის ერთიანი ხატი. 

 

ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ 28 ოქტომბერს მცხეთის ხიდთან იკრიბებიან  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმიდა ნინოს, წმიდა თამარ მეფისა და წმიდა ქეთევან დედოფლის ხატებით ხელდამშვენებული მორწმუნეები. მრევლს წინ სასულიერო პირები მიუძღვიან. მომლოცველები სვეტიცხოვლის ტაძრისკენ მიემართებიან, სადაც ქრისტეს კვართის საფლავზე სამი წმიდა დედის მეოხებითა და შუამდგომლობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შესთხოვენ ჩვენი ერის კეთილდღეობას. მოძღვრის მიერ იკითხება ღვთისმშობლის პარაკლისი, ხოლო შემდგომ ამისა, გრიგოლ რობაქიძის ანდერძში ხსენებულ "პაწა სალოცავთან" აღესრულება მისსივე სულის მოსახსენებელი პარაკლისი. სტუდია „გუთანისგან“ დამოუკიდებლად, დაახლოებით იმავე პერიოდში მეც დამებადა იგივე აზრი, რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო წმიდა ნინოს, თამარის და ქეთევანის ერთიანი ხატი, რომელიც განახორციელა ხატმწერმა ზვიად ნადირაშვილმა და შემდგომ ეს ხატი დაბრძანდა სოფელ ბოდბის სვეტიცხოვლის სახელობის ტაძარში. 

 

მე-20 საუკუნის ისტორიკოსი ლევან სანიკიძე "უქარქაშო ხმლებში" ეხმაურება აკაკის იდეას: "ცხვრის ფარას მიჰყვებოდნენ კახელი მწყემსები. ყმაწვილმა მწყემსმა სამხრეთის ცაზე თეთრი ღრუბელი დაინახა, მოხუც მწყემსს უთხრა: ის ღრუბელი თეთრ გაფრენილ ქალს არ ჰგავსო?!“

 

მოხუცმა კარგა ხანს უცქირა იმ ღრუბელს და ბოლოს ესა თქვა სახეგაბრწყინებულმა: ამ ათი წლის წინ, მე ჩემი თვალით მინახავს ეგ ხორცშესხმული ანგელოსი! ქალი დედოფალი! დედა საქართველოსი! სიმშვენიერით, გონიერებით და სათნოებით ტყუპისცალი ნინო განმანათლებლისა და თამარ შვიდმანათობელისა!

 

სამი ქალი, სამი სასწაული? ნინო, თამარი, ქეთევან!

 

კარგი იქნება, თუ საქართველოს მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია მიიღებს გრიგოლ რობაქიძის მიერ წამოყენებულ და მრევლის მიერ მოწონებულ იდეას და წელიწადის რომელიმე დღეს ერთად მოიხსენიებს წმიდანებს: ნინოს, თამარს და ქეთევანს. გრიგოლ რობაქიძე გვთავაზობს რომელიმე დღეს მწიფობისთვისა. თუმცა, ერთიანი ხატი ნინოს, თამარისა და ქეთევანისა, უპირველესად, დაინახა აკაკი წერეთელმა და გრიგოლ რობაქიძემდე ის ბევრმა მოიწონა, მათ შორის სასულიერო პირებმაც. 

 

ამიტომ, ეს  დღე, მაინცდამაინც გრიგოლ რობაქიძის, ან ვინმეს დაბადების დღეს რომ დავუკავშიროთ, არ მიმაჩნია ობიექტურად,  მით უფრო, რომ დიდ წმინდანებზეა საუბარი.  

 

ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგი იქნება, თუ ეს დღე იქნება 14 იანვარი, საეკლესიო ახალი წელი. (არის აზრი დაწესდეს თვითონ ხატის ხსენების დღე). ველი მოუთმენლად თქვენს მოსაზრებებსაც.

 

18-02-2016, 17:52
უკან დაბრუნება