ივერიონი / თელაველი გლეხების მოთხოვნა ქვეყნის საზღვრებს სცდება

თელაველი გლეხების მოთხოვნა ქვეყნის საზღვრებს სცდება

 

   10მარტს, 14:00 საათზე, თელავში ერეკლე მეფის ძეგლთან სოფლის მეურნეთა ასოციაცია და ერეკლე მეორის საზოგადოება გამართავს აქციას. აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ასევე თხოვნით მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს - გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.   

 

-ბატონო არჩილ, 10 მარტს თელავში აქციას თქვენი ორგანიზაცია მართავს?

 

-არა, ამ აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, აქციას სოფლის მეურნეთა ასოციაცია მართავს, მაგრამ გვთხოვეს ჩასვლა და ხალხის გვერდით დავდგებით.

 

-რაღაც კავშირში მაინც ყოფილხართ და რადგან უერთდებით, ისიც გეცოდინებათ რას ითხოვენ აქციის მონაწილეები.

 

-აქციის მონაწილენი  მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ასევე თხოვნით მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს - გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის. აქციის ორგანიზატორია კახეთის გლეხობა, რომელსაც სურს მოწეული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაიტანოს და გაყიდოს. გადით რეგიონებში, როგორ უჭირს ხალხს და ამ გაჭირვებული გლეხებისთვის მთავარია პრობლემების მოგვარება. მათ დაინახეს, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აღდგა, ცოტათი ამოისუნთქეს და ახლა ითხოვენ უფრო თავისუფალ ვაჭრობას. ჩვენ დავეხმარებით მათი ხმა მივიტანოთ რუსეთის პრეზიდენტამდე და რუსეთმა გადადგას სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ნაბიჯები, ასევე სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას ბაზარი და გლეხებმა შეძლონ ამ ბაზარზე პროდუქციის გატანა და კარგ ფასში გაყიდვა.

 

-კი მაგრამ, ახლა ხომ არის უკვე შესაძლებელი რუსეთში პროდუქტის გატანა?

 

-არის შესაძლებელი, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბარიერია, თუნდაც იგივე სავიზო რეჟიმი, ვიზის აღება საკმაოდ რთულია. მეორე ის არის, რომ პროდუქცია გააქვთ მსხვილ ბიზნესმენებს და არა გლეხებს, არადა გლეხს თავად შეუძლია გაიტანოს და უფრო მეტი აიღოს, ვიდრე აბარებს ქარხანას, შესაძლებელია გლეხებმა კოოპერატიული ტიპის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ და თავად უპატრონონ საკუთარ თავს.  დღეს როგორ არის? გლეხი წვალობს, შრომობს, შემდეგ ქარხანა, რომელიც სააკაშვილის დროს გაურკვეველმა პიროვნებებმა ააშენეს და არის ეჭვი, რომ სწორედ საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული თანხებით და დღესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ ამ ქარხნებს, ისინი იღებენ დიდ მოგებას და გლეხი რჩება  დაჩაგრული. ამიტომ ითხოვენ გლეხები მართლა გაიხსნას ბაზარი და თუ ამ მოთხოვნაში საქართველოს ყველა რაიონი შეუერთდება თელაველ გლეხებს, შედეგი მიღწეული იქნება.

 

-თქვენ ამბობთ, რომ დღეს რუსეთის ბაზრით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სარგებლობენ? სწორად გავიგე?

 

-მარტო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ნუ ვიტყვით,  რა თქმა უნდა ეგენიც სარგებლობენ და სარგებლობენ ისინიც, ვინც რაღაც გარიგებებში შედიოდა ამ მოძრაობასთან, ვის შეეძლო 9 წლის მანძილზე ბიზნესის კეთება? მხოლოდ მათ, ვინც მათი მფარველობის ქვეშ იყო, ან რაღაც ბინძურ გარიგებებში შედიოდა მათთან. ჩვენ კი გვინდა, რომ გლეხმა თავად შეძლოს პროდუქციის გატანა და ჰქონდეს რეალური შემოსავალი, რომ ისარგებლოს გლეხმა და არა ვიღაც გადამყიდველებმა, უნდა შეიქნას ძლიერი საშუალო ფენა, ისე როგორც, არ მომერიდება ამის თქმის, იყო კომუნისტების პერიოდში. ბევრი დამეთანხმება, რომ ზუსტად მაშინ აშენებდნენ გლეხები ორ და სამ სართულიან სახლებს, ყველა სოფელში იყო კინო, თეატრი, სოფელი იყო ძლიერი. ახლა? ახლა იცლება სოფლები, ჩამოდიან ქალაქში, აქ არ არის სამსახური და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. სოფელი თუ ღონიერი იქნება, ქალაქიც მოღონიერდება.

 

-რატომ მაინც და მაინც რუსეთის ბაზარი? რატომ არ უნდა გავიდეს გლეხის პროდუქცია ევროპის ბაზარზე, მითუმეტეს, რომ ჩვენი კურსი, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნით არის ევროპული.

 

-ევროკავშირს აქვს კვოტები, მათ შორის იმ საქონელზე, რომელიც ჩვენთან იწარმოება და საქართველოდან ევროპაში საკმაოდ მცირე რაოდენობის საქონელი გადის, ფაქტია, რომ დღემდე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემსყიდველი მთავარი ბაზარი არის რუსეთი, ყაზახეთი და ევრაზიული კავშირი. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ თქვით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა ევროპული კურსი, რა იცით? გამოიკითხეთ საზოგადოების აზრი? იყავით რაიონებში? ჩახვედით სოფლებში და ელაპარაკეთ ხალხს?

 

-საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დააფიქსირეს რეფერენდუმზე თავიანთი აზრი და აირჩიეს ევროპა.

 

-საზოგადოების უფრო დიდი ნაწილისგან იგნორირებულია ის ხალხი, რომელიც ყოველ დღე დასავლეთს გაიძახის, რომლებიც ლგბტ თემის მხარდაჭერით გამოირჩევა. დიდი ნაწილი იყო ახლა აქციაზე "არა გაზპრომს"? საკმაოდ კარგად დაფინანსებულმა ნაციონალებმა ვერ შეძლეს ჯაჭვის გასაკეთებლას ხალხის შეკრება, იმიტომ რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა, მათ კარგად დაინახეს, რომ დასავლეთს არაფერში სჭირდება საქართველო, დაინახეს, რომ ევროპას უნდა საქართველო როგორც კოლონია და ხალხი ბრძენია, საკმაოდ კარგად არჩევს თეთრს და შავს.

 

-თუმცა არც რუსეთის მომხრეთა აქციებზე შეინიშნება ხალხის სიმრავლე. კარგით, თქვენ გაქვთ უფლება დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს , რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ევროპა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ იგივე რეფერენდუმის რეფერენდუმის შედეგები.

 

-რომელი რეფერენდუმის, 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულმა რეფერენდუმმა რომ აჩვენა? რომელიც გაყალბებული იყო? სააკაშვილი რომ არჩევნებს აყალბებდა, ეჭვი გეპარებათ? მაშინ, როცა ხალხს ტერორში ამყოფებდნენ, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, ეჭვი გეპარებათ, რომ საზოგადოება დაშინებული იყო? ახლა ჩაატარონ რეფერენდუმი, რატომ არ ატარებენ? იმიტომ რომ ამ მთავრობასაც ეშინია ხალხის აზრის, რადგან დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ჩემნაირად ფიქრობს და შედეგიც განსხვავებული იქნება...

 

-ჩვენ გადავუხვიეთ თემას, არსებული რეალობაა ის, რომ საქართველოს სურს ევროპაში ინტეგრაცია და ჩვენი კურსია ევროპული, მოდით აქ გავჩერდეთ, რადგან ფაქტი ფაქტად რჩება და ისევ თელავის აქციას დავუბრინდეთ. ვინ არის აქციის ორგანიზატორი რომ დავუკავშირდეთ?

 

-კარგით, მაგრამ მეც ვიტყვი ჩემს ბოლო სათქმელს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩატარდეს რეფერენდუმი, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რაც შეეხება აქცია, მისი ორგანიზატორია სოფლისმეურნეთაასოციაცია, რომლის თავმჯდომარე გიორგი სუხოშვილია, დაუკავშირდით მას და თუ ჩემი არ გჯერათ, მოუსმინეთ ხალხს.

 

"პოსტალიონი" გიორგი სუხოშვილს დაუკავშირდა.   

 

-ბატონო გიორგი, 10 მარტის აქციაზე მინდა გკითხოთ-ვინ აწყობს აქციას?

 

-აქციაზე გამოდის ხალხი, ესენი არიან მეწარმეები, გლეხები და ითხოვენ ვიზების გაუქმებას რუსეთთან, რადგან საკმაოდ რთულია სავიზო რეჟიმის დროს პროდუქტის გატანა. გატანით გააქვს მხოლოდ კერძო ბიზნესმენებს, იმათ, რომლებიც ახერხებდნენ ბაზრის გახსნამდეც გატანას, გლეხი კი ისევ დაჩაგრულია.

 

-რატომ მაინც და მაინც რუსეთის ბაზარი? რუსეთი ხომ ოკუპანტია, არ მეთანხმებით?

 

-მაგაზე ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია. გასაგებია ეს ყველაფერი, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწები და ტერიტორიები აუცილებლად უნდა დააბრუნოს, მაგრამ თავად ევროპა შედის რუსეთის ბაზარზე და წარმატებით ყიდის იქ თავის პროდუქციას და ჩვენ რატომ არ უნდა გავიტანოთ? ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, მხოლოდ რუსეთში გავიტანოთ და ევროპაში არ გავიტანოთ, მაგრამ ევროპაში ისევ ვიღაც გადამყიდველი ისარგებლებს გლეხის შრომით და გლეხი იმდენს ვერ აიღებს, რაც მისი შრომა ფასობს.

 

-თქვენს აქციას მხარს უჭერს ერეკლე მეორეს საზოგადოება, რომელიც მის ლიდერთან ერთად საზოგადოებაში "რუსეთუმებად" არიან მიჩნეული და განსაკუთრებით მას მერე, რაც ბატონი ჭყოიძე რუსეთის დუმის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი გახდა. როგორ ფიქრობთ, მოვა ხალხი აქციაზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენც "რუსეთუმეს" იარლიყი მოგეკერებათ?

 

-არანაირი შიში ხალხში არ არის. ჭყოიძე ხელს უწყობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ოკუპანტთან გაბუტულ მდგომარეობაში ყოფნა რას მოგვცემს? ვინმეს აქვს ილუზია, რომ რუსეთის გარეშე დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს? ამ ადამიანს კი აქვს კავშირები და ცდილობს დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ნაბიჯების გადადგმას, ჩვენთვის კონკრეტულ გვარს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინმე მოვა და ალტერნატივას შემოგვთავაზებს, რომელიც გლეხის პრობლემებს მოაგვარებს, შემოგვთავაზებს ალტერნატიულ ბაზარს, თუ უნდა ჩინეთში გაგვატანინოს საქონელი, ოღონდაც იმდენი გადაუხადონ გლეხს, რამდენსაც აიღებს რუსულ ბაზარში.

 

-გამოდის თქვენთვის რუსეთი იდეაფიქსი სულაც არ არის და არც პოლიტიკური დატვირთვა აქვს 10 მარტის აქციას.

 

-არა, არანაირად, რუსეთი იდეაფიქსი სულაც არ არის, ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ მეზობლებთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, რუსეთი კარგია თუ ცუდი, გეოგრაფიულად ჩვენი მეზობელია და მასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. აქცია ნამდვილად არ არის პოლიტიკური, ის ტარდება მხოლოდ ერთი მიზნით-ხმა მივაწვდინოთ მთავრობას და იქნებ მოხედოს ვინმემ გლეხს, თორემ გაუსაძლისია უკვე ასე ყოფნა.

 

   წყარო: "პოსტალიონი" 

 

 

9-03-2016, 01:21
უკან დაბრუნება