ივერიონი / ფელიქს ნოვიკოვი: ვახტანგ, ეს შენი კიდევ ერთი გამარჯვებაა!

ფელიქს ნოვიკოვი: ვახტანგ, ეს შენი კიდევ ერთი გამარჯვებაა!

ეს წერილი ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ ნიუ-იორკიდან მიიღო.

 

ასევე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი ფელიქს ნოვიკოვი ქართველ კოლეგას საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს ამ რამდენიმე ხნის წინ გამოცემულ უნიკალურ წიგნზე „ვახტანგ დავითაია“.

ვფიქრობთ ეს წერილი მკითხველის ყურადღებას უდაოდ იმსახურებს!

      

ძვირფასო ვახტანგ!

უღრმესი მადლობა ძვირფასი საჩუქრისთვის! ჩვენ ბავშვობიდან ვიზრდებით იმის შეგნებით, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია. შენი წიგნი კი განსაკუთრებულია – სააღსარებო, შემოქმედებით აღსავსე, შესწავლის და გააზრების ღირსი.

 

რა საუცხოო პორტრეტით იხსნება - თითქმის ვენეციელი დოჟი ხარ, რომელმაც ეს ესაა მოიხადა ბერეტი, რომელიც მას წოდებით ეკუთვნის.

 

მეორე სურათში კი მე შევიცანი თავის თავში დარწმუნებული ოსტატი. ეს თაროზე ჩამოსადები წიგნი არაა. მისი ადგილი საჟურნალო მაგიდაა, ყველაზე ძვირაფას გამოცემათა შორის, სადაც მას ნახავენ ჩემი სტუმრები, რომლებსაც მოვუყვები ჩემს მეგობარ ვახტანგ დავითაიაზე.

 

მახსენდება არქიტექტორების წიგნები და წიგნები მათ შესახებ. ერთიც და მეორეც შორეული, შეიძლება ითქვას, უძველესი ტრადიციაა.

 

საბჭოთა პერიოდში წიგნები ცოცხალ არქიტექტორებზე არ იწერებოდა, თავად ისინიც იშვიათად მიმართავდნენ საწერ კალამს. მოისეი გინზბურგმა შესძლო სიცოცხლეშივე გამოეცა თავისი ნაშრომები „სტილი და ეპოქა“ და „რიტმი არქიტექტურაში“. ეს იყო 20-იან წლებში, ხოლო ანდრეა ბუროვის წიგნმა „არქიტექტურის შესახებ“, რომელიც 1944 წელს დაიწერა, სინათლე მხოლოდ 16 წლის შემდეგ, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იხილა.

 

ჩემი წიგნი „არქიტექტურის ფორმულა“ ორჯერ უარყო „სტროიიზდატმა“, რვა წელი იდო თაროზე. შემდგომ, გამომცემლობა „საბაშვო ლიტერატურა“ დაინტერესდა: უფიქრიათ, რომ „ფორმულა“ დაეხმარებოდათ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში. ტირაჟი 100 000 იყო. მოგვიანებით, არა ერთ ცნობილ კოლეგას უთქვამს ჩემთვის: „თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე არქიტექტურაზე ჩაბარებაო“.

 

იყო კიდევ ერთი წიგნი მიხეილ პოსოხინის „ქალაქი ადამიანისთვის“. მაგრამ არ იყო წიგნები ცოცხალ არქიტექტორებზე. ალბათ, მაღალ პარტიულ ორგანოებში ფიქრობდნენ, რომ წიგნი ცოცხალზე არათავმდაბლობაა. სამტომეულში „არქიტექტურის ოსტატები არქიტექტურაზე“, რომელიც 1975 წელსაა გამოცემული, შესულია ნარკვევი ოსტატზე და ოსტატის ტექსტები. თანაფარდობა ასეთია – ერთი ეძღვნება უცხოელ კოლეგას, ორი საბჭოთა არქიტექტორს. უცხოელებიდან ეს პატივი ერგოთ იმჟამად ცოცხლებს: ოსკარ ნიმეიერს, კენძო ტანგეს, პიერ ლუიჯი ნერვის, ჯიო პონტის, ბრუნო ძევის, მინორუ იამასაკის, ლუის კანს, რობერტ ვენტურის, ალისონ და პიტერ სმიტსონებს, ხოლო საბჭოთა არქიტექტორებიდან მხოლოდ გარდაცვლილები იყვნენ შეყვანილი.

 

და მაინც მოხდა ერთი გამონაკლისი. 1990 წელს საბჭოთა ისტორიის მზის ჩასვლისას, არქიტექტურის, თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე რიაბუშინმა გამოუშვა წიგნი ექვს უცხოელ და ექვს საბჭოთა არქიტექტორზე. ექვსივე საბჭოთა იმჟამად ცოცხალი იყო!

 

ჩვენ ორივენი ვიყავით ამ წიგნში. დღეს ოთხი მათგანი ცოცხალი არ არის. მე კი შორსა ვარ, ამერიკაში, ნიუ-იორკში.

 

ამ წიგნს გრძელი სახელი აქვს „არქიტექტურული შემოქმედების ჰორიზონტები. 1970-1980-იანი წლები“. მაშინ მე ვიხუმრე, შეიძლება ამ წიგნის სახელი ყოფილიყო „წიგნი სამ ბაქოელზე (ჰუსეინოვი, როჩეგოვი და მე), ერთ ნიჭიერ ჭაბუკზე თბილისიდან (დავითაია) და ორ მოსკოველზე (პოსოხინი და როზანოვი)“.

 

შენი შემოქმედება წარმოდგენილი იყო 24 გვერდზე, ოთხი ათეული შავ-თეთრი ფოტოთი და ტექსტით, ნამუშევრების საფუძვლიანი ანალიზით, უფრო სწორედ აღტაცებული შეფასებებით, ბოლოს კი ეწერა: „კიდევ ბევრ საინტერესო მოულოდნელობებს მოგვიტანს ჩვენ ვახტანგ დავითაიას შემოქმედება“-ო. ალექსანდრე რიაბუშინი ღრმა იყო ანალიზში, სამართლიანი მსჯელობაში და ზუსტი თავის პროგნოზში.

 

ჩაიარა 25 წელმა, ნახევარმა სააუკუნემ. ახლა ყოფილი საბჭოთა არქიტექტორი თავისუფლად გამოსცემს თავის ნაშრომებს, მონოგრაფიებიც ჩვეულებრივ საქმედ იქცა. ზოგიერთი ამ წიგნთაგანი, კეთილი წარწერით „დგანან“ ჩემს თაროზე. ერთ მშვენიერ დღეს კი ფოსტალიონმა, აქ ნიუ-იორკში, გადმომცა ორი მოზრდილი გზავნილი. ერთ-ერთში იყო მონოგრაფია ჩემს მასწავლებელზე, შენთვისაც კარგად ცნობილ ლეონიდ პავლოვზე, რომლის 100 წლის იუბილე შჩუსევის სახელობის მოსკოვის არქიტექტურის მუზეუმმა გამოფენით აღნიშნა, მეორე გზავნილში იყო შენი წიგნი.

 

ცოტა შებერებულია ოსტატი ამ ახალი გამოცემის ფოტოზე. წიგნი შეიძლება მივიჩნიოთ ეტალონად არქიტექტურული მონოგრაფიისა, მაგალითად თუ როგორ უნდა წარმოადგინოს ოსტატმა საკუთარი შემოქმედება. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ახალი წიგნი არ ყოფილა მოულოდნელობა, არამედ კანონზომიერი შედეგია დიდი მხატვრის მკაფიო ცხოვრებისა. წიგნში 471 გვერდია, მე მათ ყურადღებით გავეცანი. იწყება განვლილი გზის თხრობით, ოჯახი, ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა, შემოქმედება. ამას ახლავს მდიდარი ფოტომასალა. გმირი წარმოგვიდგება საზოგადოებრივ პიროვნებად, რომელთანაც შეხვედრა საინტერესოა ყველასათვის, რომლებთანაც ის წარმოგვიდგება საზოგადოებრივ პიროვნებად სხვადასხვა ყოფით ეპიზოდებში. მე კი მაგონდება ჩვენი ადრინდელი შეხვედრები არქიტექტორთა სხვადასხვა შემოქმედებით აქციებზე, მოსკოვში, ლენინგრადში, სხვადასხვა რესპუბლიკის დედაქალაქში, და რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვობის ქალაქში, თბილისში, სადაც გავატარე სკოლამდელი წლები. მამაჩემი არონ  ნოვიკოვი 1933-35 წლებში იყო იმჟამინდელი ტიფლისის მერის პირველი მოადგილე. 2011 წლის აპრილში, ჩემი მეგობრის რასიმ ალიევის მიწვევით ვიყავი ბაქოში. ვსთხოვე 1-2 დღით ჩავფრინდეთ თბილისში მეთქი. ჩამოვფრინდით. იყო აღდგომის დღეები. მე პირველად ვნახე სვეტიცხოვლის და ჯვრის თაღებს ქვეშ წირვა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ის დღე არასდროს დამავიწყდება. მეორე საღამო ჩვენ შენს სახელოსნოში გავატარეთ!..

 

მახსენდება წარსული. გვქონდა საერთო ტკივილი, პრობლემები და სრული ურთიერთგაგება, ნამდვილი პროფესიული სოლიდარობა, რა მრავალფეროვანი თაიგული იყო ტალანტების! მხოლოდ რუსეთში ასეთს ვერ შეკრებდი. – ლიტველი ედის ჩეკანაუსკასი, ესტონელი მარტ პორტი, ლატვიელი გუნარ ასარისი, თურქმენეთიდან აბდულა ახმედოვი, ერევნიდან ჯიმი ტოროსიანი, უკრაინიდან ავრამ მილეცკი, შენი თანამემამულე ოთარ კალანდარიშვილი, რომლის ნაგებობები ვანდალურად დაანგრიეს, მოსკოველი იგორ პოკროვსკი, რომელიც იმავდროულად იყო ანსამბლი „კოხინორის“ ხორმეისტერი. არც ერთი მათგანი ცოცხალი არ არის.

 

შენს წიგნში განსაკუთრებულად ღირებულია ოსტატის ფიქრები ტრადიციებზე, კონტექსტზე, სხვა მარად აქტუალურ პროფესიულ პრობლემებზე, საინტერესოა ინტერვიუ და კოლეგების შეფასებები შენი, როგორც არქიტექტორის, პედაგოგის, მხატვრის, საერთოდ უნიკალური და მრავალმხრივი პიროვნების.

 

დიდი ინტერესით წავიკითხე „ჩანაწერები“, მწვავე მსჯელობები სხვადასხვა საზოგადოებრივ მოვლენებზე. ალბათ გახსოვს, მეც გატაცებული ვიყავი ამ ჟანრით. გამოვაქვეყნე „1000 სიუჟეტი უბის წიგნაკიდან“. რა ზუსტად ამბობ: „ერთი მსახიობის თეატრი კარგია, ერთი ბელადის ქვეყანა კი ტრაგედიაა“ (სალამი რუსეთს!) ან „ლეგენდად რომ იქცე, გენიოსობა საკმარისი არ არის, უნდა გარდაიცვალო“ (მაგარია!).

 

ჩემი დიდი ბაბუა (ბაბუას მამა) მოქანდაკე მარკ ანტოკოლსკი, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, ხელოვნების გამოჩენილ ისტორიკოს ვლადიმერ სტასოვს წერდა: „სალიერი არსად ისე არ მძლავრობს, როგორც მხატვრობაში. იმისათვის რომ მხატვარმა მიაღწიოს დიდებას და კეთილდღეობას, ის უნდა გარდაიცვალოს“. მისი კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ასახავს საბჭოთა დროებას ასეთია: „მათთან (იგულისხმება დასავლეთი) თუ სიდიდე გამოჩნდა, საჩქაროდ პიედესტალს ამოუშენებენ, ჩვენთან, პირიქით, ანადგურებენ სიდიდეს“.

 

მადლობა ღმერთს, შენი შემოქმედება ამ მტკიცებულებებს არ ადასტურებს. პრემიები, წოდებები და ჯილდოები, რომელიც შენ მოგენიჭა არა მხოლოდ საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ საზღვარგარეთაც, საბჭოთა არქიტექტურის და დამოუკიდებელი საქართველოს, რომელსაც რწმენით და სიმართლით დღეს ემსახურები, ამ დამსახურებების და ღვაწლის დადასტურებაა.

 

რაც არ უნდა საინტერესო იყოს არქიტექტურული წიგნის ტექსტი, მისი მთავარი „შინაარსი“ მაინც ილუსტრაციებია, ჩვენება ძიების, პროცესის, მიგნებების, რეალიზაციების. ძალიან მომეწონა ესკიზები, ნახაზები და ფოტოები. ბევრი რამ ცნობილი იყო შენი წინა წიგნებიდან, „ხსოვნის ტაძარი“ სოფელ მუხრანში, „ხსოვნის კუბი“ ცხაკაიაში, „ალგეთის ბაზილიკა“, მემორიალები ფოთში, გორში, ქუთაისში, შრომის სასახლე ფოთში, პურის საცხობები თბილისში და სხვა, მაგრამ ამ წიგნში, ყველაფერი ეს წარმოდგენილია უფრო მკაფიოდ და საფუძვლიანად. ძალიან საინტერესოა ქალაქგეგმარებითი პროექტები ბათუმის, ფოთის, თბილისის სოფლების ხორნაბუჯის, ბისოს, ხახმატის.

 

არქიტექტურა ყველაზე ადრე გრძნობს ქვეყნის ეკონომიკურ სუდუხჭირეს. 90-იანმა წლებმა შენი წიგნიდან თითქოს ამოგლიჯეს მრავალი საინტერესო ფურცელი, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჩნდა ახალი XXIსაუკუნის ნამუშევრები – სკოლა სოფელ გავაზში, რომელზედაც შენ სიამაყით ყვები, „დედაქალაქის კარიბჭე“, მრავალფუნქციური ცენტრი – გიგანტური სივრცობრივი სტრუქტურა, პოლიგრაფიის შენობა, მრავალსართულიანი ავტოსადგომი, სკოლების და ინდივიდუალური სახლების პროექტები, ახალი მემორიალები – „ძირს დიქტატურა“, „არა ომს“ და სხვა. შთამბეჭდავია მემორიალური საფლავები გამოჩენილი მოღვაწეებისა ეროვნულ პანთეონებში. მონოგრაფიის მშვენებაა ფერწერა, „თეთრი პერიოდი“, აკვარელები, გრაფიკა.

 

ეს პირველი შთაბეჭდილებაა. ყველაფრის წაკითხვა, პროექტებში ჩავწვდომა და გააზრება ვერ მოვასწარი. ამიტომაც წიგნს ვდებ საჟურნალო მაგიდაზე არა მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ ჩემთვისაც. წავიკითხავ ტექსტებს და დავათვალიერებ ფოტოებს აუჩქარებლად საკუთარი სიამოვნებისთვის. და მაინც, შევეცდები შევაფასო ეს მონოგრაფია მოკლედ. ეს შენი კიდევ ერთი გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ არა ბოლო. გილოცავ!

 

ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ამ მყიფე, პრაგმატულ სამყაროში, რომ არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც უშურველად მხარში უდგანან ხელოვნებას – მხატვრებს, მოქანდაკეებს, არქიტექტორებს. ვახტანგ, ძვირფასო. გთხოვ, გადასცე ჩემი მადლიერება კომპანია „მაგთიკომს“, მის დამფუძნებელს, ბატონ გია ჯოხთაბერიძეს, წიგნის გამოცემის ინიციატორს და დამფინანსებელს. ეს წიგნი დიდი შენაძენია არა მხოლოდ ქართული არქიტექტურისათვის, არამედ საერთოდ კულტურისთვის. 

 

ნიუ-იორკი, III.2016.

 

 

 

 

ფილიქს ნოვიკოვი. გამოჩენილი საბჭოთა არქიტექტორი, მისი ერთ-ერთი მკაფიო სახე, პრაქტიკოსი, მკვლევარი, უკომპრომისო პუბლიცისტი, მრავალი წიგნის ავტორი, ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წოდების და ჯილდოს მფლობელი – სსრკ-ის სახალხო არქიტექტორი, სახელმწიფო და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი. ის უკვე 23წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შეერთებულ შტატებში.

25-03-2016, 15:18
უკან დაბრუნება