ივერიონი / დავით ფერაძე: ჩვენ სანიკიძის გადაყენებისთვის და სკოლებში გარყვნილების შეტანის წინააღმდეგ ვიბრძვით!

დავით ფერაძე: ჩვენ სანიკიძის გადაყენებისთვის და სკოლებში გარყვნილების შეტანის წინააღმდეგ ვიბრძვით!

„ივერიონს“ ესაუბრება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

 

- ბატონო დავით,11 აპრილიდან მთავრობის კანცელარიასთან  პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის საპროტესტოს აქცია - სინდისის აქცია მიმდინარეობს. საინტერესოა, რატომ დაერქვა სინდისის აქცია?!

 

- ეს არის პირობითი სახელწოდება ამ აქციისა - მაჰათმა განდს ვესესხეთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს, რომლის გადაყენებასაც ვითხოვთ, ცხადია, არ ეყოფა სინდისი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ აქვს. ასე იმიტომ დავარქვით, რომ ერთის მხრივ პრემიერის სინდისზე მიგვაქვს იერიში - ვიმედოვნებთ, მას მაინც ეყოფა სინდისი და შეასრულებს  ამ მოთხოვნებს.

 

ამავე დროს, ეს არის პედაგოგების, სასკოლო სეგმენტთან დაკავშირებული საზოგადოების (და ასეთია თითქმის მთელი საქართველო) სინდისზე „შეგდების“  მცდელობა. რომ თავად შემოუერთდნენ აქციას, თუ აინტერესებთ, რომ ამ ქვეყანაში გადარჩეს განათლება და შესაბამისად, გადარჩეს ჩვენი  ქვეყნის მომავალი.

 

- რა კონკრეტული მოთხოვნა გაქვთ აქციის მონაწილეებს?

 

- თამარ სანიკიძის უპირობო გადაყენება, და მისი და სამინისტროს მაღალჩინოსანთ მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამო მათი პასუხისმგებლობა. ზოგადად, მე არ მინდა ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს, მაგრამ სამაგალითოდ ვინმე ხომ მაინც უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ აღარ გაბედოს!

 

ამ ქალს კი, იმის გარდა, რომ კორუმპირებულია, ნეპოტისტია, სკოლაში გარყვნილების დანერგვის ინიციატორია,  ადამიანები და მათი ოჯახები ჰყავს გაუბედურებული.

 

მან არაერთ პროფესიონალ კადრს და მათ ოჯახს შეუქმნა სიცოცხლის საფრთხე. ჩვენი მოთხოვნაა პედაგოგთა პროფესიული წინსვლის საძულველი სქემის შეჩერება, სკოლაში გარყვნილების შეტანაზე უარის თქმა.

 

- საკმაოდ გულში ჩამწვდომი იყო აქციის წინ თქვენი განცხადება, სამწუხაროა, რომ აქციაში მაინც ორიოდე ადამიანი მონაწილეობთ.

 

- ეს ასეა. ქვეყანაში, გვინდა თუ არა, დაქსაქსულობა, დაბნეულობა, შიში და პანიკაა. ასეთი რამე დემოკრატიას არ ახასიათებს. მაგრამ ამ პროცესებმა გვიჩვენა, რომ დემოკრატია მოჩვენებითია. ჩვენი მთავრობა მუდმივად გვეუბნება, რომ მათთვის თითოეული ადამიანი და მისი აზრი ძვირფასია. ხედავთ, რომ ეს ლიტონი სიტყვებია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამ ხნის განმავლობაში რატომ ერთხელაც არ დაინტერესებულან ჩვენთან, პედაგოგებთან ურთიერთობით?!

 

გამოდის რომ მათ ხალხის ბედი კი არ აღელვებთ, მხოლოდ შიში აქვთ მათი. სამაგიეროდ, სკოლები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა და დამატებით დაატერორა სანიკიძის რეჟიმმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეშინია  ჩვენი!

 

-  შიში გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მასწავლებლებს რატომ უნდა ეშინოდეთ, თქვენ ხომმათ სათქმელს ამბობთ?!

 

- დღეს მასწავლებლების კორპუსი ცეცხლის წინ დადებულ დენთის კასრს  ჰგავს. მე მუდმივად მომდის ინფორმაცია, როგორ დუღს სიტუაცია შეიგნით. შიშსა და მორიდებას, შიშსა და დირექტორთა ხათრს შორის მერყეობენ.

 

რა თქმა უნდა, არის კანონის ცოდნისპრობლემებიც. ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ მათ შეუძლიათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე ოფიციალურად გამოაცხადონ გაფიცვა და ამაზე ვერავინ მოსთხოვს პასუხს.

 

ასევე უნდა იცოდნენ, რომ მინისტრს მასწავლებლის სამსახურიდან გაშვების არანაირი კანონიერი მექანიზმი არ აქვს ხელთ. თუმცა, ეს ფაქტორებიც რომ არ არსებობდეს, მთავარია მოქალაქეობრივი, ადამიანური და გნებავთ ქრისიტიანული ვალდებულება : ხედვის გადატანა მომავალში, სიმამაცე, იმ ღირებულებათა რეალიზება, რასაც მოსწავლეებს ვუნერგავთ. ეს უნდა იცოდნენ პედაგოგებმა.

 

მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ასე ფიქრობს. ბევრი მიკავშირდება. განიცდის, რომ ვერ ახერხებს. რა გითხრათ: რომ ჩაატაროთ ფარული გამოკითხვა,ნახავთ, თუ შინაგანად რა მასშტაბის მხარდაჭერაა.

 

უპირველესად გეტყვით, რომ ეს ჩემი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის კი არა, ესაა სიმართლის მხარდაჭერა.

 

ამიტომ, საჭიროა შინაგანის გარეთ გადმოტანა, ენამ გულისა უნდა თქვას, გვასწავლის ილია მართალი. მერე ამას მოსწავლეებსაც ვასწავლით, ხო? ხოდა, უნდა გაბედონ და თქვან. უნდა გამოვიდნენ. ასეთ შემთხვევაში პროცესები დაჩქარდება, თუ არადა, გაიწელება. თუმცა სანიკიძეს მაინც გადავაყენებთ.

 

- თქვენ სტუდენტებს გამოუცხადეთ სოლიდარობა, როდესაც ისინი ე.წ. ოდეერების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მათი მხრიდან თუ გრძნობთ სოლიდარობას?!

 

- კარგია, რომ გამახსენეთ. სხვათაშორის მათი პროტესტის ორგანიზატორთაგან რამდენიმე ჩემი მოსწავლე გახლდათ. მიხარია, რომ ასეთები გავზარდე. სხვანაირად არც ველოდი. მე მრავალმხრივ ვალდებულად მიმაჩნდა მათთვის სოლიდარობის გამოცხადება. არ მომიწოდებია მათთვის, სამაგიერო ნაბიჯის გადადგმისკენ, თუმცაღა, იმედია მიხვდებიან და სანაცვლო სოლიდარობით შემოგვიერთდებიან!

 

ესაუბრა ლირა სალიშვილი

 

 

15-04-2016, 10:19
უკან დაბრუნება