ივერიონი / როდის უნდა დავუკრათ ტაში კვირიკაშვილს?!

როდის უნდა დავუკრათ ტაში კვირიკაშვილს?!

მოკლედ, „ხბოს აღტაცების" უკურნებელი სინდრომი შეგვეყარა: მთელი საქართველო პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გმირობა-ვაჟკაცობაზე საუბრობს -როგორ მივიდა იგი უნივერსიტეტში ამბოხებულ სტუდენტებთან დაცვის გარეშე და როგორ დააწყნარა აფორიაქებული ახალგაზრდები!

 

რომ მივიდა, ამაზე დიდი მადლობა. თუმცა, რა არ უნდა მისულიყო?!

 

მოსმენის კულტურა რომ აქვს და დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი რომ არის, ამასაც ვხედავთ, მაგრამ, ტაში მერე დავუკრათ, როცა არსებით შედეგებს დადებს და განათლების სისტემას სასურველ კალაპოტში მოაქცევს...

 

ის, რომ თამარ სანიკიძე არა მარტო განათლების სიტემის, არამედ, საქართველოს მთავრობის სირცხვილია, დღეს ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მთავრობა განათლების სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე რომ არ ფიქრობს, ესეც ფაქტია!

 

სხვანაირად, რას ნიშნავს პრემიერის განცხადება, რომ სტუდენტებისგან შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც სხვებთან ერთად განათლების სისტემის რეფორმაზე იმუშავებს?! არ გადამრიოთ - სტუდენტებმა უნდა მოახდინონ განათლების რეფორმა?!

 

თუ რბილად შევაფასებთ, ეს ხომ პოპულისტური განცხადებაა - სტუდენტებმა სწავლაზე უნდა იფიქრონ, ხოლო სისტემის რეფორმაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებისგან ამის პოლიტიკური ნება იქნება, რაც ძალიან საეჭვოა!

 

...და საერთოდ, რატომ ვაძლევთ გადაჭარბებულ უფლებებს სტუდენტებს და იმაზე რატომ ვალაპარაკებთ, რაც მათი საქმე არ არის?!

 

ვინ ეკითხება მათ რექტორის არჩევა-გადარჩევას, ან რატომ უნდა იყვნენ ისინი უნივერსიტეტის არჩევით ორგანოებში, სადაც პროფესორ-მასწავლებელთა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყდეს?!

 

რაც შეეხება ე.წ. სტუდენტურ თვითმმართველობებს, რომელსაც თავის დროზე მახინჯი ფუნქცია დააკისრეს, ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან ის დატვირთვა უნდა დაუტოვონ, რასაც სტუდენტურ-ახალგაზრდული ორგანიზაციები იმსახურებენ!

 

დღევანდელი მთავრობის ფონზე მეც მომწონს გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ, მას იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ, რაც შეუძლია-უბრალოდ, ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და რაც არ უნდა მოინდომოს (ამის კეთილი ნება რომც ჰქონდეს), საკუთარ პატრონებს ვერ გადაახტება!

 

შორს რომ არ წავიდეთ, ეს ნათლად ჩანს ქართული ენისადმი მის დამოკიდებულებაში - მიუხედავად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონისა, რომელიც მთავრობას ავალდებულებდა მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეექმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და დაენიშნა თავმჯდომარე, ამასთან, შეექმნა სახელმწიფო ენის კომისია, თითიც არ გაუნძრევია და ისიც არ ვიცით, საერთოდ ფიქრობს თუ არა ამაზე!!!

 

იგივე დამოკიდებულებაა განათლების სისტემის მიმართ - ფასადური ცვლილებებით კი სისტემა  ვერ შეიცვლება!

 

ასე, რომ, როცა პრემიერის უნიკალურობაზე საუბრობთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რა არის მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ქვეყანაში და „ნიშანი" მერე დაუწერეთ...

 

არ დაგავიწყდეთ, რომ არჩევნებიც ახლოვდება!!!

18-04-2016, 10:44
უკან დაბრუნება