ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე: პრემიერი შეიცვალა, მაგრამ არსებული ხელისუფლების პოლიტიკური სტრატეგია არ შეცვლილა!

ვახტანგ ძაბირაძე: პრემიერი შეიცვალა, მაგრამ არსებული ხელისუფლების პოლიტიკური სტრატეგია არ შეცვლილა!

„ივერიონს“ აქტუალურ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება

 

-ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ტელეჟურნალისტებთან შეხვედრას, ჩააბარა თუ არა მან საზოგადოებას 3-თვიანი ანგარიში?

 

-როგორც წესი,ხელისუფლების ცვლილების შემდეგ,  ახალი ძალა რომ მოდის, მაშინ ხდება ხოლმე 3-თვიანი პერიოდის  პოლიტიკური შეფასება, რადგან ახალი ძალა იწყებს საქმიანობას.

 

მართალია,  ძველი პრემიერ-მინისტრი ახლით  შეიცვალა, მაგრამ ამას არსებული ხელისუფლების  პოლიტიკური სტრატეგია  არ შეუცვლია.

 

სამაგიეროდ, ახალი პრემიერ-მინისტრის  დანიშვნის შემდეგ  შეიცვალა ატმოსფერო - ურთიერთობა პოლიტოპოზიასთან, მედიასთან, არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან,  დაპირისპირების  დონე და აგრესიის ტემპი შემცირდა, ურთიერთანამშრომლობის რეჟიმი ჩამოყალიბდა.  სხვა გარდატეხა არ მომხადარა, გარდა რამდენიმე  პროგრამის პრეზენტაციისა, რომლის რეალიზებასაც ხელისუფლება აპირებს, მაგრამ  დრო ამისთვის მცირეა და ეს საარჩევნო პროგრამას უფრო ჰგავს!

 

-პარლამენტი ამზადებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრს შეეძლება - ერთდროულად-  დაიკავოს თანამდებობა და კენჭი იყაროს პარლამენტში. ეწინააღმდეგებ თუ არა ეს გადაწყვეტილება დემოკრატიულ პრინციპებს?

 

-ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან, თუ  საპარლამენტო მმართველობა გვაქვს,ეს მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია - საპარლამენტო მმართვერლობის დროს პრემიერი რჩება თავის ადგილზე და მონაწილეობს ახალ საარჩევნო კამპანიაში. ეს გადაწყვეტილება ადრეც უნდა მიღებულიყო, სწორედ მაშინ,  როცა საპრეზიდენტო  მმართველობა საპარლამენტო მმართველობაზე  გადავიდა.

                     

                      ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

18-04-2016, 11:24
უკან დაბრუნება