ივერიონი / ლია ელიავა: საქართველოდან კაპიტალი გაუკონტროლებლად გადის და შემოდის, რაც დამანგრევლად მოქმედებს ლარის კურსზე!

ლია ელიავა: საქართველოდან კაპიტალი გაუკონტროლებლად გადის და შემოდის, რაც დამანგრევლად მოქმედებს ლარის კურსზე!

„ივერიონს“ ესაუბრა ექსპერტი ფულად-საკრედიტო საკითხებში ლია ელიავა

 

-ქალბატონო ლია, ლარის გაცვლითიუ კურსი დღითიდღე მყარდება. უკავშორდება თუ არა ეს ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან წასვლას?

 

-ეროვნული ვალუტის ვარდნა უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის ქმედებებს. ამას ერთვოდა სხვა  მიზეზებიც, მათ შორის,  ყველაზე მთავარი იყო ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, რომელმაც  კომერციული ბანკების მხრიდან  ჭარბ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა წარმოშვა. ახლა უკუპროცესი მიმდინარეობს - ვალუტა ბრუნდება საქართველოში და კომერციულ ბანკებს გაუჩნდათ  ჭარბი დოლარი, რომელსაც წარმატებით ყიდულობს ეროვნული ბანკი და ავსებს თავის სავალუტო რეზერვებს.

 

ლარის კურსის ვარდნა-გამყარება განპირობებული იყო სუბიექტური ფაქტორებითაც, რომელიც  ეროვნული ბანკის უუნარობასა და უცოდინარობაზე მიუთითებს. მან ვერ შეაჩერა ქვეყნიდან კაპიტალის გაქცევა, ან, პირიქით, აღმართა ბარიერი ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებისთვის.

 

სამწუხაროდ, ქვეყანაში კაპიტალი გაუკონტროლებლად შემოდის და გადის, რაც ყოველთვის ზემოქმედებს ლარის კურსზე. მომავალში, ასეთი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა უარი უნდა თქვას მხოლოდ დეკლარაციის სახით არსებული ინფლაციის რეჟიმზე და უნდა გაატაროს მისაღები სავალუტო პოლიტიკა, რომელიც კაპიტალის მოძრაობაზე კონტროლსაც გულისხმობს.

 

თუ მან ამგვარი პოლიტიკა არ შეიმუშავა, საქართველოში სისტემატურად იქნება ლარის მკვეთრი მოძრაობების პერიოდები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ძალიან დააზიანებს.  

 

-როგორ შეაფასებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას?

 

-მე, ჯერ-ჯერობით, ვერ ვხედავ ახალი ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ იქ მხოლოდ ერთი ადამიანი შეიცვალა, ხოლო, კოლექტივი, რომელიც შვიდი წელი ანგრევდა როგორც საფინანსო, ასევე ეკონომიკურ სექტორს, თანამდებობაზე რჩება!

 

-თუკი ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაბერილი, რამ გაამყარა იგი დღეს, მისი კრიზისის წარმოშობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ?

 

-2014 წლის ნოემბრიდან დღემდე კაპიტალი გაედინებოდა საქართველოდან, რაც მსოფლიო ბაზრებზე პანიკამ განაპირობა. ჩვენისთანა უკონტროლო პატარა ქვეყანაზე ძალიან იმოქმედა 40%-იანმა  ვარდნამ. სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ხელოვნურად ერთჯერადად გააუფასურეს თავიანთი ვალუტა 15%-ით  და  დაასტაბილურეს. საქართველოში ასეთი ღონისძიება არ მიუღიათ, რამაც ეკონომიკა შეაზანზარა.

 

-როგორ იმოქმედებს ლარის კურსზე საარჩევნო გარემო?

 

-არჩევნები ლარის კურსს არ უკავშირდება, პარტიების დასაფინანსებლად შემოდინებულ უცხოურ ვალტას თუ არ გავითვალისწინებთ. სავალუტო კურსის რყევა მხოლოდ კომერციული ბანკების აქტივობაზეა დამოკიდებული. დღევანდელი კურსი შენარჩუნდება თუ არა , ძნელი სათქმელია.

 

-იმოქმედებს თუ არა ლარის კურსის გამყარება სამომხმარებლო ფასებზე?

 

-სამომხმარებლო ფასებზე ძალიან სუსტად იმოქმედებს. ფასებს გააჩნია არაელასტიკურობა, ის არ იცვლება ქვეყანაში ეკონომიკური პირობების მიხედვით, ანუ ერთხელ გაზრდილი ფასი, 99%-ით, პირველად ნიშნულს არ უბრუნდება. ერთი სიტყვით, ფასები არ შემცირდება!

 

                     ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

25-04-2016, 10:20
უკან დაბრუნება