ივერიონი / სირცხვილის გრძნობა რომ არ გვაწუხებდეს!

სირცხვილის გრძნობა რომ არ გვაწუხებდეს!

ღია ბარათი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს 

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

მოგმართავთ საკითხზე, რომლის აღსრულება თქვენი თანადგომის და მისი აუცილებლობის რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. საკითხი ეხება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ღირსეულ ხსოვნას.

 

ერის ინტელექტის, კულტურის ერთ-ერთი მაჩვენებელია მისი დამოკიდებულება ადამიანების, ისტორიის ხსოვნისადმი. ხსოვნის ტრადიციის და კულტურის არქონას ქართველ ერს ვერავინ ვერ დასწამებს - ის ჩვენს გენეტიკაშია. 

 

პირადად მე (ალბათ, ათეული ათასობით ადამიანს), სირცხვილის გრძნობა მეუფლება, როდესაც დიდი ქვეყნის უმაღლესი პირი და დელეგაციები მიდიან გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. 

 

მემორიალის არც ადგილი, არც მხატვრული სახე არ პასუხობს მის განსაკუთრებულ დანიშნულებას - არ გააჩნია აუცილებელი ემოციური მუხტი. ის ფაქტობრივად ქვის დიდი სტენდია. 

 

ავტორიტარიზმის პერიოდში ესპანელ არქიტექტორს ა.დ. კაბოს გმირთა მოედანზე, ესტაკადებში, ხსოვნის ობელისკი ჩაადგმევინეს, თურმე დაღუპულთა გვარებიც აწერია. ობელისკთან არა თუ რიტუალის ჩატარება, არამედ მისვლაც კი სიცოცხლისთვის სახიფათოა, ამიტომაც იქ დღემდე ადამიანი არავის უნახავს. ერთ "მოედანზე" არის ორი მემორიალი – ერთი უსახური, მეორე გაუგებარი!

 

ადგილს, გმირთა მოედნის კუთხეში, სადაც ამჟამად მდებარეობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალური კედელი, განვითარებისა და მხატვრული სრულყოფის არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია - ის ერთნიშნად არამემორიალური ადგილია.

 

ემორიალისთვის საუკეთესო ადგილად მიმაჩნია "მზიურში" ვაკის რაიონის პოლიციაზე დამაგრებული ტერიტორია. შესაძლებელია შენობის რეკონსტრუქცია-გაფართოება-გარდასახვა "ხსოვნის ტაძრად", რომელიც საუკუნეებს "შეუნახავს" არა მხოლოდ უახლესი პერიოდის ტრაგიკულ მოვლენებს – აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპულთა ხსოვნას, არამედ ყველას ხსოვნას ვინც ქვეყნის ინტერესების მსახურებას შეეწირა, მათ შორის ტაბახმელას, 9 მარტის, 9 აპრილის, ავღანელების, მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. 

 

"ხსოვნის ტაძარში" ღირსეულად უნდა იყოს დავანებული ყველა სახელი და ისტორიული ფაქტი. გმირები იმსახურებენ იმას, რომ მათი ხსოვნა კედელზე გვარებისა და ინიციალების აღნიშვნით არ შემოიფარგლოს. 

 

რეკრეაციულ სივრცეს თავისი არსით, თუ რომელიმე საზოგადოებრივი ფუნქცია მიესადაგება, ეს სწორედ ხსოვნის მემორიალია. ტერიტორია შეიძლება იქცეს "ხსოვნის პარკად" – იმავდროულად სარეკრეაციოს სივრცის ნაწილად.

 

თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით, პოლიციასაც უნდა აწყობდეს სხვა რეზიდენცია. არსებული ადგილი თვალშისაცემია, შენობა გამაღიზიანებლად დომინირებს გარემოზე.

 

ახლა კი ორიოდე სიტყვით ხსოვნის მემორიალის პროექტის შესახებ:

 

მემორიალური კომპლექსი შედგება ოთხი ნაწილისგან. "ხსოვნის ტაძარი" სამრეკლოთი, "ცერემონიის მოედანი" მარადიული ცეცხლით და დიდების გვირგვინით, "ისტორიის კედელი" და მემორიალი "ბოროტსა სძლია კეთილმან".

 

I. "ხსოვნის ტაძარი" ინახავს ქვეყნისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, აქ შეიძლება მივიღოთ სრული ვიზუალური და დოკუმენტალური ინფორმაცია, როგორც კონკრეტულ პიროვნებებზე, ასევე ცალკეულ ფაქტზე, მოვლენაზე. სამრეკლო დილით და საღამოს, ასევე ოფიციალური ცერემონიალის დროს, ასრულებს სათანადო "ლიტურგიას".

 

II. "ცერემონიალის მოედანი" – ესაა წრეზე განლაგებული 8 სვეტი, რომლის ცენტრში განთავსებულია მარადიული ცეცხლი, რომელსაც "თავზე ადგას" დიდების გვირგვინი. გვირგვინებით შემკობა, ოფიციალური დელეგაციის პროგრამა-მინიმუმია.

 

III. "ისტორიის კედელზე", რომლის სიგრძე ორმოცი მეტრია ამოკვეთილია საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ფაქტები და დრო მოკლე ანოტაციებით. "ისტორიის კედლის" მეორე მხარე მოპირკეთებულია შავი გრანიტის ფილებით. კედელი წარმოადგენს მემორიალის – "ბოროტსა სძლია კეთილმან"-ის აზრობრივ და მხატვრულ ელემენტს.

 

IV. მემორიალი "ბოროტსა სძლია კეთილმან" – ესაა 14.5 მეტრის დიამეტრის ქვიშის გორაკი, ჟანგმოკიდემული ლითონის სხვადასხვა ირეალური ანომალიების, წამებისა და მოსპობის იარაღების ნაგავსაყრელი. "გორაკი" იმავდროულად ბავშვთა სათამაშო არენაა – სიმბოლო ბოროტებაზე სიკეთის ძლევისა – სიცოცხლის უწყვეტობისა.

 

 

"ხსოვნის ტაძრის" ირგვლივ ვრცელი ტერიტორია – მოლი დაყოფილია კვადრატებად (4.0 მ X 4.0 მ), ესაა ასოციაციური, სიმბოლური ძმათა სასაფლაო, მუდმივი მოვლის და მზრუნველობის სივრცე. აქ არ იქნება არც ერთი რეალური საფლავი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული საძმო და ინდივიდუალური საფლავები, ასევე მემორიალები უნდა დარჩნენ ადგილზე. ისინი ამ ადგილების კუთვნილებაა. ტერიტორიას აღმოსავლეთის მხრიდან აკრავს "კიპარისების  ტყე", სადაც განთავსებულია ბავშვთა სათამაშო მოედნები, სიმბოლო სიცოცხლის მარადიულობისა და უწყვეტობის.

 

"ხსოვნის ტაძრის" არქიტექტურულ-სივრცობრივი სახე ყალიბდება პოლიციის შენობის რეკონსტრუქცია-გაფართოების გზით. არსებულ შენობას ემატება ერთი სართული, კვადრატულ ნაწილს ამოუშენდება წრიული კედელი, ორი შესასვლელით. კედელი ყრუა, მოპირკეთებულია უჟანგავი ფოლადის ფურცლებით. წრიულ და კვადრატულ ნაწილებს შორის ინტერიერში იქმნება ოთხი სეგმენტი – ორსინათლიანი სივრცე. შენობა ნათდება ზემოდან. ცენტრში განთავსებულია წრიული კიბე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველა დონეს. კუთხეში მონიშნულია ადგილი ლიფტისთვის. შენობის I-II სართული საექსპოზიციო სივრცეა. სარდაფის სართულში სასაწყობო-სამეურნეო დანიშნულების სათავსოები განთავსდება. III დაშენებული სართული დაეთმობა ადმინისტრაციას და კვლევით-მეთოდოლოგიურ სათავსოებს. "ხსოვნის ტაძრის" ერთ-ერთი მეტყველი ელემენტია "სამრეკლო". 

 

ემორიალი ემყარება მკაფიო არქიტექტურულ რეჟისურას. მისი "სამეტყველო ენა" არა მხოლოდ არქიტექტურაა, არამედ სცენოგრაფია, რიტუალი, სამრეკლოს დილა-საღამოს ზარი, მუსიკა, ღამის განათება. ადამიანები მემორიალის თანამონაწილენი ხდებიან. 

 

"ხსოვნა" გააზრებულია არა როგორც კედელზე ამოკვეთილი ინფორმაცია, არამედ როგორც უწყვეტი პროცესი. ქვეყნისთვის სიკვდილი უნდა იქცეს მარადიულ სიცოცხლედ!

 

ხსოვნის მემორიალური კომპლექსის მონახულება სკოლების სავალდებულო "საგანი" უნდა გახდეს.

 

პატივისცემით,

ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი

IV.2016

 

 

 

 

26-04-2016, 17:43
უკან დაბრუნება