ივერიონი / „ტოსკა“ ქართულ საოპერო სცენაზე ბრუნდება!..

„ტოსკა“ ქართულ საოპერო სცენაზე ბრუნდება!..

„ტოსკა“, ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული ოპერაა მსოფლიოს მუსიკალურ თეატრებში. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ  პიესა, სარა ბერნარისთვის სპეციალურად დაიწერა და  პარიზის პორტ-სენ-მარტენის დრამატულ თეატრში დაიდგა.

 

პუჩინიმ „ტოსკა“ მილანში, თეატრ ფილო-დრამატიკოში ნახა, აღფრთოვანდა პიესით და თავის გამომცემელს, ჯულიო რიკორდის  დაავალა: - სასწრაფოდ ეწარმოებინა  მოლაპარაკება დრამატურგ სარდუსთან, რათა მიეღო ნებართვა, რომ დაეწერა მისი პიესის მიხედვით ოპერა.

 

ამ ნაწარმოების მიმართ ინტერესი ასევე გამოხატა ვერდიმ და ფრანკეტიმ... გასაკვირია, მაგრამ ვერდიმ ვერა, ფრანკეტიმ კი სარდუსგან მიიღო ნებართვა ოპერის დაწერის თაობაზე და შეუდგა კიდევაც იგი მუსიკის  წერას, მაგრამ რიკორდის დამსახურებით საბოლოო უფლება  პუჩინის ხელში გადავიდა.

 

1899 წელს პუჩინი და სარდუ, უკვე პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს... იმ პერიოდში კომპოზიტორს ბოჰემაზემუშაობის ხანმოკლე შესვენება ჰქონდა. როგორც იტალიელისთვის, პუჩინისთვის „ტოსკას“ სიუჟეტი ძალიან ძვირფასი იყო. ამიტომ, ახალ პროექტზე მან, მაშინვე დაიწყო მუშაობა.

 

პუჩინიმ ავტორთან შეათანხმა სიუჟეტის ზოგიერთი დრამატურგიული დეტალი და პიესიდან ამოიღეს ყველა მეორე ხარისხოვანი ეპიზოდი, რის შედეგადაც სიუჟეტი გამარტივდა და მოქმედებები დროში დაჩქარდა. სახეცვლილება განიცადა მთავარმა პერსონაჟმა-ტოსკამაც...

 

პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს, რომში, კონსტანცას თეატრში გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდნენ:- პიეტრო მასკანი და ფრანჩესკო ჩილეა...

 

 

გასაკვირია, მაგრამ ოპერას აღფრთოვანება არ გამოუწვევია მსმენელებში. კომპოზიტორს დაუწუნეს არაორიგინალური მელოდიური იდეები, ნატურალიზმი, ადრინდელი მუსიკალური აღმოჩენების განმეორება. განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა კავარადოსის წამების სცენამ. თუმცა, მიუხედავად ამისა, 1900 წლის 17 მარტს, „ტოსკას“ პრემიერა უკვე „ლა სკალაში“ დაიგეგმა. სპექტაკლი არტურო ტოსკანინიმ იდირიჟორა. ოპერა „ტოსკას“ მილანში უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

 

მალე, „ტოსკა“ გასცდა იტალიის საზღვრებს და აჟღერდა სხვა მუსიკალურ თეატრებშიც. რუსეთში, მარინის საიმპერატორო თეატრში „ტოსკას“ პრემიერა, პუჩინისა და სარდუს რედაქციით, 1902 წლის 4 აპრილს შედგა, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ უკვე საბჭოთა რუსეთში, რევოლუციის შემდეგ, პუჩინის „ტოსკას“ სახელი შეუცვალეს და „ბრძოლა კომუნისთვის“ დაარქვეს. მოქმედება მიმდინარეობდა 1871 წლის პარიზში და მთავარი მოქმედი გმირი იყო რუსი რევოლუციონერი ქალი ჟანა დმიტრიევა, მისი შეყვარებული კი კომუნარი-არპენი, რაც შეეხება სკარპიას, იგი,  ვერსალის ჯარების უფროსი გარიფე.

 

მსოფლიო პრემიერების ტალღაში მალევე მოექცა საქართველოც. თბილისში, „ტოსკა“ 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა და ეს იყო საბენეფისო სპექტაკლი რენე რადინასთვის, გლადკოვისთვის და ფიგნერისთვის.  იქიდან მოყოლებული „ტოსკა“ რამდენჯერმე დაიდგა თბილისის ოპერის თეატრში, სპექტაკლებში მღეროდნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეჟისორული ნამუშევარი იყო გურამ მელივას მიერ განხორციელებული „ტოსკა“, რომელიც რამდენიმე ათეული წელი იყო თეატრის რეპერტუარში.

 

ბათუმში, 20 წელზე მეტია საოპერო დასი არსებობს, მაგრამ  პუჩინის „ტოსკა“ იქ პირველად შესრულდება. ადგილობრივი სოლისტები ინტენსიურად მუშაობენ დირიჟორ მაურიციო ჩამპისთან (იტალია, სიცილია), დამდგმელი რეჟისორია, ჰანს-იოაჰიმ ფრეი (გერმანია).

 

პრემიერები 15-18 მაისს გაიმართება და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებთან - ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.

 

სპექტაკლს, სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ქართველი საოპერო დივა - ტოსკასერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში, ცისანა ტატიშვილი. ბათუმის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ჯახუტაშვილის მიწვევით.

 

პრემიერაზე, ბათუმში ელოდებიან საოპერო სცენის კორიფეებს - მედეა ამირანაშვილს, მაყვალა ქასრაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, თამარ გურგენიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, თენგიზ მუშკუდიანს, ელდარ გეწაძეს, თამარ ივერის, მზია ნიორაძეს, ელისო ბოლქვაძეს, ასევე გამოჩენილ რეჟისორებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს...  

 

კახა ლაზარიშვილი,

 

ხელოვნებათმცოდნე

27-04-2016, 14:37
უკან დაბრუნება