ივერიონი / სოსო ცინცაძე: ჩემი აზრით, მტრის საბოლოო მიზანი და ლუკმა ირაკლი ალასანიაა!

სოსო ცინცაძე: ჩემი აზრით, მტრის საბოლოო მიზანი და ლუკმა ირაკლი ალასანიაა!

„ივერიონს“ ექსპერტი სოსო ცინცაძე იმ მოსამართლეებზე ესაუბრა, რომლებიც  ერთი წარბის აწევაზე ავსებენ შარვალს; სულელად შერაცხულ კოღუაშვილზეც;  დამკაში საეჭვოდ გასულ “ქართულ ოცნებაზე“, დღევანდელი პროკურატურისა და მოგელაძის  პრინციპების მსგავსებაზეც და იმაზეც, თუ რატომ უძნელდებათ ირაკლი ალასანიას საციხოდ მოხელთება.

 

-როგორ შეაფასებთ “თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას?

 

-შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიყავი აქციაზე და ისიც “თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გამართულ  საპროტესტო ღონისძიებაზე.

 

დაუფარავად უნდა ვთქვა, რომ ალასანიას ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ თავი მოვალედ ვიგრძენი, იმ დღეს იქ ვყოფილიყავი, რადგან რაღაც მსგავსი შურისძიების საგანი ჩემი ოჯახიც გამხდარა.

 

 დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში ყველაზე დიდ საშიშროებად მიმაჩნია ის, რომ კანონისა და სამართლიანობის გარანტად მოაზრებული უწყებები - სასამართლო და პროკურატურა - შურისძიების მექანზმი ხდებიან. ამიტომ მივედი იმ აქციაზე, დავდექი, ჩემი პროტესტი ასე გამოვხატე და წამოვედი.

 

ჩემი აზრით, “თავისუფალი დემოკრატების“ იურისტები  გაცილებით არგუმენტირებულად ამტკიცებენ “კაბელების ბიჭების“ უდანაშაულობას, ვიდრე პროკურატურა მათ დანაშაულს.

 

მათი ქმედება ძალიან ჰგავს ქალბატონ მოგელაძისას,  რომლის “არგუმენტი“ “მოწინააღმდეგის“ მიმართ მხოლოდ  “გონივრული ეჭვი“ იყო.  აქაც, თითიდან გამოწოვილი “ბრალის ფორმულიება“ იმაზე მეტყველებს, რომ სამართალი ვერ იტანს “ლირიკულ გადახვევას“ -  ბრალი უნდა იყოს მათემატიკურად ზუსტი და  ორაზროვნების გამომრიცხავი. მე გონივრული ეჭვი მაქვს, რომ აქ, უბრალოდ, ალასანიას წინააღმდეგ შურისძიების ფაქტორი იკვეთება.

 

-რა ინტერესი აღგიძრათ ამ საქმემ, დაგაეჭვათ თუ არა რაიმემ?

 

-ძალიან ბევრი შეკითხვა დამებადა. სამწუხაროდ,  როცა სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობის მიმართ შეკითხვები ჩნდება, ეს უკვე დემოკრატია არ არის. რა გამოდის, ჩვენ რიტორიკით ვართ ევროპა, ხოლო საქმით არა?

 

ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს თავისი უახლოსი მეგობარი, ვისითაც ტრაბახობს, მოჰყავს, სავარაუდოდ, მომავალი ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერად, რომელზედაც შემდეგ  ამბობს, თურმე სულელი ყოფილაო. რა გამოდის, დემოკრატიული მშენებლობისთვის საჭირო კანონები სულელმა უნდა მიიღოს?! სად არის იქ ევროპული ფასეულობა, სადაც  ნეპოტიზმის ყურები კი ვირის ყურებზე უფრო დიდია?!

 

სამწუხაროდ, საქართველოში, როგორც ჩანს, სასამართლო და პროკურატურა მზიდი კონსტრუქციაა და ფიქრობენ, რომ, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას, მათ მიერ გამოტანილი უმსგავსო განაჩენი ეპატიებათ. პირიქით -  მათი უმსგავსობა დასაწყისშივე უნდა  მოისპოს!

 

-“თავისუფალი დემოკრატები“ პერმანენტული აქციებით იმუქრებიან, თუ “კაბელების საქმეზე“ დაპატიმრებულთათვის განაჩენი არ შეიცვალა. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, ვის მხარეს დადგება საზოგადოება?

 

-“ქართულმა ოცნებამ“  არადემოკრატიულად, მაგრამ დროზე მიიღო ყველა საჭირო ზომა. მაგალითად, საარჩევნო კანონი არ შეცვალა. არ მედარდება,  რას იტყვიან ჩემზე ქსენია დიასახლისები, ისე ვიტყვი: დღევანდელი ქართული საზოგადოება დეგრადირებულია, მას არ აინტერესებს, რა ხდება მის ცხვირწინ. როგორც კი გამოქვეყნდა მაკომპრომატირებელი დოკუმენტი საარჩევნო კანტორის (გულისხმობს ცესკოს) დირექტორ თამარ ჟვანიაზე,  მოგზაურობა მოგზაურობაზე რომ მოუწყვია, ამოდენა პრემიები აუღია და ა.შ. კრინტი რატომ არ დაძრა მმართველმა პარტიამ? იმიტომ ხომ არა, რომ მას ეს ქალი საარჩევნოდ სჭირდება და პრივატულად უთხრა კიდეც, ნურაფერს  მიაქცევ ყურადღებას, 200 000 აიღე? აიღე 300 000-ც, არჩევნები გაქვს ჩასატარებელიო...  აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და მეც ასე მგონია!

 

საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც სჩადიან, ეს უკვე პრევენციაა იმისა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დავა უშედეგო იქნება!!!

 

პერმანენტული ხასიათის საპროტესტო გამოსვლებს  მმართველი ხელისუფლება “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ პრინციპით ხვდება  და ეს ქარავანი დამკაშიც გავა.

 

“თავისუფალ დემოკრატებს“ “კაბელების ბიჭებმა“ ფასდაუდებელი  სამასახური “გაუწიეს“, რასაც დიდი დივიდენდები მოჰყვება. მათ საზოგადოების სიმპატია გარანტირებული აქვთ!

 

-ალასანია თავდაცვის სამინისტროს ჩამოაშორეს, თანამშრომლები დაუპატიმრეს, მისი გუნდის წევრზე ფარული ჩანაწერი გაავრცელეს, დასრულდა  თუ არა მის წინაარმდეგ ბრძოლა?

 

-ვფიქრობ, კომუნისტური წარსული უკვდავი კოშჩეი აღმოჩნდა საქართველოსთვის. სტალინის მეთოდია, ვინმეს დაჭერა თუ უნდოდა, ჯერ მისი გარემოცვიდან იწყებდა - მოადგილეებით, თანამშრომლებით, ოჯახის წევრებით და ბოლოს, როცა მსხვერპლი მარტო დარჩებოდა მორალურად გატეხილი და ფსიქიკურად ტრამვირებული, მერე იჭერდა. ჩემი აზრით, მტრის საბოლოო მიზანი და ლუკმა მაინც ირაკლი ალასანიაა. საზოგადოების პოზიციას ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ექნება - მშიერს აზროვნების თავი თუ შერჩა.

 

უნდა აღვნიშნო, რომ მმართველმა გუნდმა უკვე რამდენჯერმე დაადგა თოფს ფეხი - დაიჭირა მერაბიშვილი, ვერაფერი დაუმტკიცა, უგულავა დაიჭირა, ვერც იმას დაუმტკიცა რამე,  მიუხედავად ამისა, საზოგადოება მათ წინააღმდეგ მაინც მთავრობას უჭერდა მხარს, მაგრამ  ალასანია სხვაა, ის ფიგურაა. ის დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს - ჩვენი წარმომადგენელი იყო გაეროში, თავდაცვის მინისტრი იყო, ქარიზმატული პიროვნებაა, დასავლეთში კარგად იცნობენ და, აქედან გამომდინარე, უხეშად რომ ვთქვათ, ხელს ვერ კიდებენ.

 

-რა როლს ითამაშებს “კაბელების საქმეში“ საქართველოს პრეზიდენტი -შეიწყალებს თუ არა პატიმრებს?

 

-ჩემი აზრით, პრეზიდენტი მათ უკანასკნელი განაჩენის დადგომის დროს შეიწყალებს. თუმცა,ამის შემდეგ ამ საქმის სტრასბურგში გასაჩივრება გართულდება, რაც  საერთაშორისო არენაზე ჩვენი უიმიჯო ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.

 

შეწყალება თავისი არსით დამნაშავედ ცნობილის გათავისუფლებას, ამნისტიას,  ნიშნავს, რაც “თავისუფალ დემოკრატებს“  ხელს არ უნდა აძლევდეს. აქ ხომ იმაზეა ბრძოლა, დამნაშავე არის თუ არა?!

 

ჩემი აზრით, ალასანიამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს  და  მათი უდანაშაულობა ამტკიცოს. თუ ამის დამტკიცებას შეძლებს, მაშინ სასამართლოსა და პროკურატურის შეცდომას დაემატება მათ მიერვე განხორციელებული მიზანდასახული შურისძიება!

 

-როგორია დღევანდელი ქართული სასამართლო?

 

-რა გითხრათ, ურთმელიძის, ბუგიანიშვილის, ივანიშვილის მიერ გულში ჩახუტებული მურუსიძის შემხედვარემ?   ერთ სამართლიან მოსამართლეზე  5 უპრინციპო მოსამართლე მოდის, რომლებისთვისაც  ხელისუფლის ერთი წარბის აწევა საკმარისია რომ, შარვალი აავსონ!

 

                       ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

23-05-2016, 10:08
უკან დაბრუნება