ივერიონი / ზვიად ნოდია: უეკლესიო ახალი ერა თუ მესიანისტური მისიის აღება?!

ზვიად ნოდია: უეკლესიო ახალი ერა თუ მესიანისტური მისიის აღება?!

2016 წლის 25 მაისს, სინოდალურ სხდომაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ივნისის ქვაბავაზაკთა კრებაზე დასწრება.

 ესე იგი, თუ ძველად იმისთვის იკრიბებოდნენ წმიდა მამები, რომ თავიანთი ერთგული ერთობა ქრისტეში - დაემოწმებინათ ერეტიკოსთა შეჩვენებით და მართლმადიდებლობის განმტკიცებით, ამჟამად მოდერნისტი მღვდელმთავრები და ღმრთისმეტყველები იკრიბებიან, რათა - მსოფმთავრობის წინაშე დაამოწმონ თავიანთი ერთობა - ეკუმენიზმში, ანუ მწვალებლობათა მწვალებლობაში, რაც ქრისტესგან განაშორებს ეკლესიას და მას ანტიქრისტეს უმზადებს!

თუკი ჩვენი ეკლესიაც შეუერთდა ქრისტეს გაცემას, მაშინ დაიწყება ახალი ერა -უეპისკოპოსო ეკლესიისა და უეკლესიო ცხოვრების ერა, რადგან ღმერთი უხილავად განკვეთს მათ და საძებნი გახდება ქრისტეს ერთგული მღვდელმსახურნი!

2011- ში მივმართე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და სინოდს - გაეწყვიტათ ევქარისტული კავშირი ეკუმენისტებთან, რის შედეგადაც მთელი მსოფლიოს ანტიეკუმენისტები შემოუერთდებოდნენ ჩვენს იურისდიქციას და ჩვენი ეკლესია გახდებოდა მსოფლიო ეკლესია - ქრისტესი, ეკუმენისტური კი - პარალელური ეკლესია ანტიქრისტესი.

ესაა ერთადერთი შანსი ლაზარეს აღდგინებისა, იბერიის გაბრწყინებისა და რჩეულ ერად გადარჩენისა...

წმინდა ირინეოს ლიონელის მიხედვით - „ჩვენი სწავლება შესაბამისობაშია ევქარისტიასთან, და ევქარისტია ადასტურებს ჩვენს სწავლებას“...  ასევე თუა, ეკუმენისტებისთვის, მაშინ -ეკუმენისტური სწავლება და მღვდელმოქმედება ვისთან ყოფილა შესაბამისობაში?!... არაა ხომ, შესაბამისობაში - წმინდა სწავლებასთან და წმინდა მამების ორიენტაციასთან!

ესე იგი - ორი სხვადასხვა რელიგიის სინკრეტიზმთან გვაქვს საქმე, ანუ - ეკუმენისტურ მოძღვრებას და მღვდელმოქმედებას რა საერთო აქვს მართლქრისტეანულ ევქარისტიასთან?

აქედან გამომდინარე,  ნამდვილი „ევქარისტია სადაც არ არის, იქ არ არის ეკლესია“ .

რამ მიგვიყვანა აქამდე, რა მოხდა ისეთი და როდის, რომ ჩვენი გზები ერთმანეთს გადაეჭდო?

 - ამ კითხვას ნათელს ჰფენს წმინდა თევდორე სტუდიელის პასუხი ლეონ პაპისადმი: „გვეუბნებიან, რომ ყველა ეპისკოპოსს აქვს ხელმწიფება საღმრთო კანონებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მსჯავრი გამოაქვთ ამ კანონებს, ამიტომაც, როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი - საიდუმლოდ ანდა აშკარად - განიკვეთება კანონთა მიერ, მაშინ იერარქებს თურმე ხელეწიფებათ კანონთა მოქმედების შეჩერება და განკვეთილის გამართლება... თუკი ჩვენ ყველას საღმრთო კანონებზე მეტი ძალაუფლება გაგვაჩნია, მაშინ ჩვენზე უთქვამს მოციქულს - „აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიანო“.

– „საიდუმლოდ განიკვეთებაში“ რა იგულისხმება?

- აი პასუხიც: “ეპისკოპოსი რომელიც მწვალებლობაში ვარდება, ავტომატურად კარგავს ეპისკოპოსობას, ანუ კარგავს ჭეშმარიტი სარწმუნოების ზედამხედველობის პატივს და იგი ცრუ ეპისკოპოსი ხდება. ასეთი ეპისკოპოსი განვრდომილია საეკლესიო იერარქიიდან და საეკლესიო ერთობის მიღმა რჩება, უფრო მეტიც, თუკი მრევლი მას კვლავაც ეპისკოპოსად მიიჩნევს, ანუ აგრძელებს მის „ღმრთისმსახურებაში“ მონაწილეობას, ღებულობს მისგან საიდუმლოებებს, კურთხევას და ა.შ., მაშინ, ისინიც (სამღვდელოება და მრევლი) მასთან ერთად განვარდებიან ეკლესიისგან“ (წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი - „ფილადელფელთა მიმართ“).

ასევეა ახსნილი მღვდელმონაზონ დამასკინის მიერ - თუ რად და როგორ ჩაუდგება სქიზმაში ქრისტეს ეკუმენისტური „მართლმადიდებლობა“:

მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი წერდა, რომ - ზოგიერთი ქრისტეანენი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როდესაც ისინი სრულიად „ლეგალურნი“ იქნებიან, მაგრამ ღრმად უცხონი ქრისტესთვის, თითქოს ქრისტეანული სინდისი უნდა ემორჩილებოდეს საეკლესიო ხელისუფლების ყოველ ბრძანებას, სანამ ეს ხელისუფლება რჩება „კანონიერად“. სწორედ ასეთი შეხედულება ბრმად მორჩილებაზე, იყო ერთერთი მთავარი მიზეზი ჩვენს დროში სერგიანობის გამარჯვებისა მოსკოვის საპატრიარქოს შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც.

საერთოდ, მიჰყვებიან რა სერგიანულ პრინციპს, ყველაზე „ტრადიციული“ ქრისტეანენიც კი საკუთარი ნებით დაემორჩილებიან ანტიქრისტეს. სულაც არ აიძულებენ მათ, დაეთანხმონ ანტიქრისტეს იდეებსა თუ მეთოდებს. მათ მხოლოდ მისი ძალაუფლების აღიარება მოეთხოვებათ, რასაც გააკეთებენ კიდეც მღვდელმთავრობის, საეკლესიო ორგანიზაციის, ღმრთისმსახურების და ქრისტეს საიდუმლოებების ფორმალურად შესანარჩუნებლად.

ისინი საეკლესიო ადმინისტრაციულ იერარქიულ ერთგულებას ქრისტეს ერთგულებაზე მაღლა დააყენებენ და ამით გასცემენ ქრისტეს“. მე ვიტყოდი - ქრისტესაც და თავის თავსაც...

წესია ბუნებითი: თუ მიღება გიხარია - გაცემაც უნდა შეგეძლოს!

წესია საღმრთო: უფლებაზე თუ გაქვს პრეტენზია - მოვალეობებიც გაკისრია!

კაი ყოფილა - ქრისტე განკაცდა შენთვის, სამოთხეში დასაბრუნებლად საკუთარი ხორცით და სისხლით გკვებავს და შენ - მიღება გინდა, მაგრამ - არ გინდა გაცემა, ანუ თავგანწირვა შენი ეკლესიისთვის და ქრისტესთან წყვეტ კავშირს, იმის გამო, რომ მის მტერ ეკუმენისტებთან არ წყვეტ ერთობას...

რაზედ მიდიხარ ქვაბავაზაკთა კრებაზე, თუკი ანტიქრისტეს ხელშემწყობ ეკუმენიზმს არ შეაჩვენებ, თუკი ევქარისტულ თანაზიარობას არ გაწყვეტ ქრისტეს ფეხისმკვნეტელ ეკუმენისტებთან, თუკი არ ისარგებლებ საკრებო სტატუსით, რათა დაერქვას ყველაფერს თავისი კანონიკური სახელი და შეინარჩუნო ქრისტეს ეკლესია, თორემ - ქრისტეს ნათლობის ბეჭდის ჩამნაცვლებელი აღმოჩნდები - ანტიქრისტეს ბეჭდით...

ამაზე კრებამდეც უნდა გეზრუნა, მაგრამ ახლა მაინც თუ არ ისარგებლე და არ გაემიჯნე ქრისტესგან განდგომილებს, დაკარგავ რჩეული ერის მისიას...

იმდენია სათქმელი, აქ რომ ვერ დაეტევა და ამიტომ, ამით დავიწყოთ: მთელს სამართლმადიდებლოს სჭირდება შველა და თუკი, ჯერ კიდევ შესაძლებელია - ლაზარეს გაცოცხლება და იბერიის გაბრწყინება, მაშინ სრულიად სამართლმადიდებლო მესიანისტური ფუნქცია და ესტაფეტა - მეოთხე რომობისა, უნდა ავიღოთ ჩვენ, როგორც ეკლესიის მთლიანობის სიმბოლოს - ქრისტეს კვართის - სვეტიცხოვლით მეპატრონეებმა...

არავითარი ხილიასტურ-ფილეტური ხიბლ-მწვალებლობა არ მამოძრავებს: სხვა გამოსავალი არ არსებობს - ან სიკვდილი, ან მართლმადიდებლობა...

თუ არ გავრისკეთ ანტიეკუმენისტური მისიის აღება სამართლმადიდებლოში, ნაწილ-ნაწილ დაიშლება ქრისტეს ეკლესიის ერთგული მცირე სამწსყსოები, ხოლო თუ გავრისკავთ - ჩვენი საპატრიარქოს იურისდიქციას შემოუერთდებიან დაქუცმაცებულობისთვის განწირული ანტიეკუმენისტები და საქართველო გადაიქცევა ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის ბურჯად.

ამით გაცხადდება, რომ - ქრისტე მართლაც მართლის მადიდებელი ქართველი ერის ენით განიკითხავს კაცობრიობას!

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს ილია ჭავჭავაძესავით ილია მართლობა თუ სურს და თუკი ესმის ქრისტეანი ერის მისია - ქრისტეს ეკლესიის ჯოჯოხეთის ბჭეთაგან დაუძლევლობის ფუნქცია უნდააიღოს ბოლო ჟამის ქართულმა ეკლესიამ, მაშინ უნდა აწყობდეს ყველა ამ მისიათა მოცემულობით სარგებლობა და ხელიდან არ გაუშვას საამისო ბერკეტი - ანტიეკუმენისტური იზოლირება განდგომილებისაგან!

როგორც - მონოფიზიტების, რომოკათოლიკებისა და შვიდ მსოფლიო კრებათაგან ანათემირებული მწვალებლების მიმართ უმოქმედია ეკლესიას, ახლაც ისევ ისე უნდა ამხილოს, დაგმოს და განკვეთოს ხსენებული ეკუმენისტური კრება და უსჯულო ქვაბავაზაკები - ერთჯერ და სამუდამოდ!

ესაა ჩვენი სულიერი მისია და სულიერი შურდული, რომლითაც დაგვამარცხებინებს ღმერთი გოლიათს, თუ არა და იღუპება საქართველო და ხელიდან გვეცლება ქრისტეს ეკლესია, რაზედაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ პატრიარქს და მღვდელმთავრებს, რის მერეც, თავს უფლებას მივცემ მეც განვაცხადო მაქსიმე აღმსარებელივით - „...დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისგან განდგომილ პატრიარქთან ერთად - მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად, თუნდაც სრულიად მარტო დავრჩე“...

2016 წლის 25 მაისი

27-05-2016, 08:46
უკან დაბრუნება